ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა დარგები, ერთმანეთთან გადაკვეთის წერტილებს პოულობენ, რაც გვიმარტივებს რაციონალურად აღვიქვათ და მივიღოთ ყოველივე ის, რაც სასარგებლოა ჩვენთვის. ამ შემთხვევაში საუბარი ეხება იოგასა და მედიცინის თანამშრომლობას.   არსებობს იოგას მრავალი სახეობა, მაგრამ  ჯანმრთელობის განსაკუთრებულ როლზე საუბრობს ჰათჰა იოგა,  რომელის თანახმადაც სულიერ განვითარებას, რაც იოგას უმაღლეს მიზანს წარმოადგენს, წინ უნდა უძღოდეს ჯანმრთელობის გაკაჟება, აღდგენა, ეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო იოგას ძირითადი პრაქტიკისათვის. ამის შესახებ ნათქვამია ჰათჰა იოგა პრადიპიკაში. ეს ტექსტი სავარაუდოდ  მეთხუთმეტე საუკუნეშია დაწერილი და ჰათჰა იოგას სახელმძღვანელოს წარმოადგენს. აქვე სჩანს, რომ მათი წარმოდგენები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ტრადიციულ ინდურ მედიცინას, აიურვედას ეყრდნობა, რომელსაც იოგას დად მოიხსენიებენ. აიურვედა, ერთ-ერთი განმარტებით, სიცოცხლის ხანგრძლივობას ნიშნავს, რაც მიგვანიშნებს მის მიზანზე. თანამედროვე მედიცინისგან განსხვავებით, აიურვედა ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით განიხილავდა, არამედ სნეულების მიზეზეში მის სულიერ მდგომარეობის გაუარესებას ეძებდა.  ამგვარი კავშირების ძიების მცდელობა დღესაც არის, თუმცა ძირითადად თანამედროვე მედიცინა ამგვარ კავშირებს თითქმის არ ეყრდნობა. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია, რომ სტრესი და უარყოფითი ემოციები დაავადების მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს, მაგრამ კონკრეტულად, როგორი სტრესი რა დაავადების მაპროვოცირებელია, ეს კვლევის საგანია. 

ვინაიდან იოგას სწავლება, ადამიანს, როგორც ერთ მთლიანობას განიხილავს, მის სასიკეთო ეფექტი ყველა მიმართულებით შეიძლება ვიგრძნოთ, იქნება ეს, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, ძვალ-სახსროვანი, ნერვული სისტემა თუ ზოგადი ფსიქო-ფიზიკური იმუნიტეტი. ეს არის პრაქტიკა, რომელიც გვაბალანსებს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. შესაბამისად, ეს ცხოვრების წესი უფროა, ვიდრე კონკრეტული დაავადების სამკურნალო საშუალება. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ საშუალებებს, როდესაც პრობლემამ შეგვაწუხა, ან უკიდურეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამ შემთხვევაში, იოგა შორსმჭვრეტელობას ჰგავს, როდესაც წინასწარ ვზრუნავთ იმ მოსალოდნელ პრობლემებზე, რაც შეიძლება გაჩნდეს. ეს არის იოგას როლი ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ, თუმცა არსებობს, ჩემი აზრით, არასწორი დამოკიდებულებები იოგას მიმართ:

  1. იოგას პაციენტი. ბევრი გრძნობს თავს პაციენტად, როდესაც იოგას მიმართავენ. "პაციენტი" — გულისხმობს მკურნალობას, როდესაც პაციენტი პასიურია და მას მკურნალობენ. ხოლო იოგას შემთხვევაში ეს სწავლებაა, რის შედეგადაც უშუალო მოქმედი ხართ თქვენ. ფაქტობრივად ეს საკუთარ თავზე მუშაობის სწავლებაა. როდესაც ესმით სიტყვა "სწავლება", თითქოს ეცოტავებათ, მხოლოდ სწავლება? სინამდვილეში კი, ეს სწავლება გაცილებით მეტია ვიდრე მკურნალობა, ვინაიდან სადავეებს იღებთ ხელში.
  2. დიაგნოზის შეფასება. ძნელია ითქვას რატომ, მაგრამ ბევრს აქვს წარმოდგენა, რომ იოგას მასწავლებელს აქვს, ან უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების უნარი სამედიცინო თვალსაზრისით. იოგას მასწავლებელს შეუძლია იხელმძღვანელოს იოგას სწავლებით, ანატომია-ფიზიოლოგიის ცოდნით, მაგრამ კონკრეტული დიაგნოზის შეფასება, არ წარმოადგენს მის კომპეტენციას. ამიტომ, ექიმმა უნდა განსაზღვროს, რამდენად მიზანშეწონილია ფიზიკური დატვირთვა და ა.შ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მედიცინა დაყოფილია დარგებად და ყველა დარგს თავისი სპეციალისტი ჰყავს და ერთი დარგის სპეციალისტი არ განსაზღვრავს სხვა დარგის პრობლემებს. დამაკმაყოფილებელია, რომ ექიმს საკუთარი მრავალწლიანი სწავლითა და გამოცდილებით თავის სფეროში შეეძლოს სწორი დიაგნოზის დასმა და პაციენტისთვის გამოსავლის შეთავაზება. შესაბამისად, იოგას ინსტრუქტორმა არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ის, რაც მისკომპეტენციაში არ შედის.
  3. ექიმების შეცდომა. მეორე მხრივ კი, არის შემთხვევები, როდესაც ექიმი აჭარბებს საკუთარ კომპეტენციას და იოგას აკრძალვა/რეკომენდაციის მიცემისას ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი ვიწრო შეხედულებით იოგაზე. თუ ექიმი არ იცნობს იოგას კონკრეტულ სახეობებს, ვარჯიშებს, მიმდინარეობებს და ა.შ., რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაშინ მისი რჩევა დამაბნეველი უფროა პაციენტისთვის, ვიდრე სასარგებლო რჩევა. 
  4. განუკურნებელი დაავადებები. ვიცი, რომ იოგას ხანდახან ისეთი ადამიანები მიმართავენ, რომელთათვისაც იოგა ბოლო იმედია ან იოგას უყურებენ, როგორც ალტერნატიულ მედიცინას. ადამიანი, მძიმე დიაგნოზით არ დაზოგავს არაფერს, მათ შორის ფინანსურ რესურსსაც კი, რათა სცადოს ყველაფერი, რამაც მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება მოუტანოს. ასეთი შემთხვევების შესახებ მსმენია და ისიც გამიგია, თუ  რამდენად უნამუსოდ  თხოვენ დიდ თანხას „გამოჭერილ პაციენტს".  თუ მდგომარეობა ათიდან ერთს მაინც გაუუმჯობესდა, რაც ძალიან რთული სათქმელია როგორ მოხდა, ვინაიდან, შესალოა, პარალელურად მედიცინასაც მიმართავდა, ასეთი მასწავლებელი ამ განკურნებას საკუთარ თავს მიაწერს და თუ  ვერ განიკურნა, მაშინვე პაციენტს აბრალებს.   ჩემი აზრით იოგას პრაქტიკა ყველა შემთხვევაში სასარგებლოა, მთავარია ვიცოდეთ, რას უნდა ველოდეთ. ორი რჩევა მაქვს ასეთი ადამიანებისთვის, ვისაც ამდენად დიდი მოლოდინი აქვს,  პირველი, შეხედეთ თანამედროვე კვლევებს, სად გადის იოგას შესაძლებლობების ზღვარი და მეორე, დაავადების შემთხვევაში განსაკუთრებული თანხის გადახდა არ არის საჭირო, რადგან მაინც იგივე მეთოდს იღებთ, რასაც  ჯანმრთელი ადამიანი.

გიორგი ბერძენიშვილი