ავტორი: თამთა ირემაშვილი
მარია პირველად იოგას ბავშვობაში ეზიარა, მას შემდეგ მივიწყებული ქონდა. როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდა, თავიდან აღმოაჩინა ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც იოგა სთავაზობდა და სტრესული მდგომარეობიდან გამოსავალიც, ამ გზით მარტივად მოძებნა.
‘‘მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი წლების განმავლობაში იოგა თაროზე შემოდებული წიგნივით მივიწყებული მქონდა, თავისი კვალი მაინც დაამჩნია ჩემს სხეულს. მას შემდეგ შეძენილი, მოქნილობა, კოორდინაცია, სხეულის ფლობის ტექნიკა წლების მანძილზე გამყვა, თუმცა ფსიქოლოგიური წონასწორობისა და ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებას, ალბათ უფრო მეტი წრთობა სჭირდება, ის მუდმივად განახლებადი უნდა იყოს, რაც მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს.’’
დატვირთული სამუშაო დღე, დაღლილობა, სტრესი, დეპრესია.. ეს ის არასასიამოვნო ასპექტებია, რაც ადამიანის ჯანმრთელობასა, თუ სულიერ მდგომარეობაზე, მომენტალურად აისახება უარყოფითად. ყველაფერ ამაში, სამაშველო რგოლის ფუნქციას, მარტივად ითვისებს იოგა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, მრავლადაა გავრცელებული იოგას ცენტრები და მისი შემსწავლელი დაწესებულებები, ის ფიზიკურ და სულიერ გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა კომპლექსზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც უამრავი ადამიანი ინტერესდება. მის მიღმა კი უძველესი ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრებებია გაერთიანებული, ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბებული სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების სინთეზია, რითაც პიროვნების სრულყოფა და თვითრეალიზებაა შესაძლებელი. ამ პარალელის გამო ხშირად მართმადიდებლურ საზოგადოებაში, იოგას უარყოფენ და მის უნიკალურ შსაძლებლობებზე უარს ამბობენ. თუმცა მრავლად არიან რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, ვინც იოგას უყურებენ როგორც ფიზკულტურის სისტემას. აღიქვამენ ჯანმრთელობისთვის გამოსადეგ ვარჯიშად, სპორტად, რომლის მეშვეობითაც, მათი სხეული მუდმივად ტონუსში იმყოფება და მეტ ელასტიურობას ფლობს.
საზოგადოებას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს იოგას მიმართ, თუმცა მის აქტუალურობაში, ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, ამინდს არ ქმნიან. უარყოფით შეფასებებსა და ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე წინააღმდეგობების მიუხედავად, მარია უპირატესობას იოგას ანიჭებს. ის სხვა ვარჯიშებიდან მიღებულ ფიზიოლოგიურ დონეზე მიღწეულ შედეგს იოგას ამჯობინებს, რადგან თვლის, რომ იოგის შესრულების პროცესში ჩართულია სხეულის ღრმა კუნთები, რომლებიც ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს არ მუშაობენ. ‘‘ამ დროს, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც, დიდი დატვირთვა მოდის’’- ამბობს მარია.
იოგის განუყოფელ ნაწილს მედიტაცია წარმოადგენს, მარიაც ამ პროცესის აქტიური მონაწილეა. ‘’ახლახანსაღმოვაჩინე, რამდენად კარგი ყოფილა მედიტაცია და როგორი დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ყოველდღიურობაში, ბედნიერების თვალსაზრისით.’’ მედიტაციის პრაქტიკით ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რაც ვართ სინამდვილეში. გვეხმარება აღვიქვათ საკუთარი თავი და სამყარო, როგორც უკვდავი და უსასრულო არსებები. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს უღრმავდება და აანალიზებს. გაცნობიერების პროცესის შემდეგ თამამად შეგიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება. მედიტაცია არ არის მხოლოდ მათთვის ვისაც პრობლემები აქვს, ან სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, ის ყველასათვის სარგებელისა და სულიერი სიმშვიდის, ფსიქიკური გაწონაწორების მომტანია, რაც შემოქმედებითად განვითარებასა და შრომისუნარანობას უწყობს ხელს. ორგანიზმი დასვენებულია, ყურადღება არაფერზე გეფანტება, ყოველდღიური საფიქრალისაგან თავისუფალი ხარ...
მარია იოგის ცენტრში შეძენილ მეგობრებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლისას დარწმუნდა, რომ იოგა და მედიტაცია ყველა იქ მყოფ ადამიანზე დადებითად მოქმედებდა, რასაც ყველა ერთნაირად აღწერდა. მანამდე ის ფიქრობდა რომ ეს შედეგი, რაც მან მალევე მიიღო სულიერი თუ ფიზიკური კუთხით, უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტი იყო და რწმენიდან გამომდინარე, მან დააჯერა საკუთარ თავს რომ მალე კარგად იქნებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა სხვა დანარჩენებმაც იგივე იგრძნეს, რაც რეალურ შედეგზე მიუთითებდა და არა ფანტაზიის ნაყოფზე. მათ ყველამ გამოიმუშავეს შინაგანი შესაძლებლობები და თავის მართვის უნარი.
მარიას ინსტრუქტორი, საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი ბერძენიშვილი გვიამბობს:
''ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან „თანამედროვე იოგა“ და იოგას ტრადიციული ფორმები, რომლებსაც ინდუიზმთან აქვს მჭიდრო კავშირი. თანამედროვე იოგას მეტად რაციონალური და პრაგმატული მიზნები აქვს. ამ გაგებით იოგას ვარჯიში ან მედიტაცია სრულიად ბუნებრივი პროცესია და მისაღებია ყველასათვის ვინაიდან არ მოითხოვს გარკვეული საზის აზროვნების მოდელის ქონას. პირიქით, ეს უკანასკნელი საღი აზრისკენ მოუწოდებს ადამიანებს, მაშინ, როდესაც იოგას ტრადიციული ფორმები (ინდური, ტიბეტური), სწორედაც რომ მსოფხედველობაა და გარკვეულ რწმენა-წარმოდგენებს ეფუძნება. მოვიყვან მაგალითს: „კუს ბაქანი საყრდენია დედამიწის“ - გვასწავლის „ჰათჰა იოგა პრადიპიკა“, მე-15 საუკუნეში დაწერილი ჰათჰა იოგას ერთერთი ყველაზე უფრო დიდი ავტორიტეტული სახელმძღვანელო. ამიტომ, იოგაზე მსჯელობისას არასწორი იქნება თუ სხვადასხვა მიმდინარეობებს ერთი საზომით გავზომავთ და შევაფასებთ. თანამედროვე მსოფლიოში, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩვენ ვნახავთ სხვადასხვა სახის იოგას სკოლებს. ზოგიერთი მათგანი ტრადიციულია, ან ნახევრად ტრადიციული, ზოგიერთი კი ცდილობს აქცენტი მხოლოდ საჭირო და სასარგებლო ასპექტებზე გააკეთოს. დღესდღეობით იოგა განვითარების და ტრანსფორმაციის ეტაპზეა. თანამედროვე იოგას ფორმირებაში დიდი როლი შეასრულია ადამიანის ანატომიისა და ფსიქოლოგიის ცოდნამ. ეს იყო დიდი გარდატეხა და სრულიად ახლებური ფსიქო-ფიზიკური დისციპლინის ჩამოყალიბების წინაპირობა. მინდა დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქები, რომ ეს უკანასკნელი დიდი მხოლოდ სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის.