იოგას ჩვენთან ყველა თავისებურად აღიქვამს. ნაწილისთვის ეს საშიში და საიდუმლო სექტაა. ასეთი ინტერპრეტაცია, თავისთავად, ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია.ზოგისთვის ესაა სწრაფვა ეგზოტიკური ინდოეთისკენ, თუმცაღა, წარმოშობის მიუხედავად, 21-ე საუკუნეში იოგა იმდენად ინტერნაციონალური გახდა, მას რომელიმე ერთ ქვეყანას ვერ მივაკუთვნებთ. მავანთ აქ ლამაზი სხეულის პერსპექტივა იზიდავთ, მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ იოგა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა არ გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ ვარჯიში ნაკლებ მნიშვნელოვანია იმ ჩამონათვალს შორის, რასაც იოგური ცხოვრების წესი გვთავაზობს.
დღეს ჩვენს ქალაქში ერთობ პოპულარულია ფრაზა: მე იოგაზე დავდივარ. დასაწყისისთვის, თუ კი ჩემსავე მაგალითზე ვისაუბრებ, ესეც საკმარისი შეიძლება იყოს. მთავარია, ვარჯიშისგან დადებითად დაიმუხტო, სასიამოვნო იყოს ის და მეორე გაკვეთილის მოსვლამდე ერთი სული გქონდეს. ამისთვის ერთგვარი მიდგომაა საჭირო, ენერგიების გაცვლა-გამოცვლა. თუ თავად არ გასცემ რამეს, უკანაც ვერაფერს დაიბრუნებ. ასე მაგალითად, თუ ვარჯიშის დროს ერთი სული გაქვს, როდის დამთავრდება ყველაფერი, რომ გახვიდე და მოწიო, ან თვალწინ საჭმელი (უმეტესად არაჯანსაღი) გიდგას, მეგობრები გელოდებიან, რომ საღამოს დალიო და ა.შ. არაფერი გამოვა. იოგა, თავის მხრივ, პატივისცემას მოითხოვს ანუ პირიქით, ვარჯიში უნდა შეიყვარო, თითოეული მოძრაობა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს იმდენად, რომ გაიღიმო, გონება დაიმშვიდო და ბოლომდე შეყვე პროცესს. როცა უკვე ასე მიუდგები საკითხს, შედეგიც არ დააყოვნებს.
უმეტესად ადამიანები სულსწრაფები ვართ. შესაბამისად, გვინდა, ჩვენც ერთ თვეში გამოგვივიდეს ის რთული ასანები, რომლებიც ფოტოებზე გვინახავს. სწორედ აქ ვცდებით, რადგან იოგას სულსწრაფობა არ უყვარს. მოთმინებით და სიმშვიდით უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ საქმეს, ხარისხიანად ვაკეთოთ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია და თანდათან ვიგრძნობთ პროგრესს. რა თქმა უნდა, ეს პროგრესი უდიდესი სტიმულია. როცა ხედავ, რომ რაღაც, რაც არ გამოგდიოდა, ახლა შენთვის მარტივი გასაკეთებელია, უფრო დიდი ეშხით უყურებ იოგას და მეტი გინდა. სწორედ აქ უნდა გავიხსენოთ, რომ მხოლოდ ვარჯიში არაფერია. მაგალითისთვის, თავად მე ზუსტად ასეთ მომენტში დავანებე მოწევას თავი. როცა მივხვდი, რომ უფრო დიდი შედეგისთვის მეტი უნდა დამეთმო. მე რვა წელი გახლდით მწეველი და ვეწეოდი დღეში ორ კოლოფს. დიახ, ეს მე ვარ, რომელიც დღეს აღარ ვეწევი და ვუკვირდები ჩემს სუნთქვას აქამდე და ახლა. ვუკვირდები სუნთქვას თითოეული ვარჯიშის დროს და ვიხსენებ ძველს. თავისთავად, ბედნიერებაა, როცა ჰაერი შეგიძლია ბოლომდე ჩაუშვა ფილტვებში და გაიღიმო. ბედნიერებაა, როცა ნიკოტინით დაღლისა და ქოშინის მაგივრად შეგიძლია დიდხანს ივარჯიშო და თავისუფლად ისუნთქო, მოიშორო მიჯაჭვულობის განცდა და იცხოვრო სიგარეტისგან დამოუკიდებლად, საკვების ღეჭვისას იგრძნო მისი ნამდვილი გემო. დიახ, სიგარეტი უბედურებაა და მშვენიერია იმის განცდა, რომ მე მისგან გავთავისუფლდი. ამისთვის, მადლობა იოგას.
გარკვეული პერიოდის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, გადამეხედა რაციონისთვის. ასე თუ ისე, ნებისმიერმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჯანსაღი და რა - მავნე. არც ისე ბევრი ინფორმაციაა საჭირო, რომ მიხვდე, რა ცუდია გაურკვეველი დროით გაყინული და შემდეგ ადუღებულ ზეთში შემწვარი, ყველასთვის საყვარელი ფრი და რომ, გაცილებით ჯანსაღია, თუნდაც მოხარშული კარტოფილი, რომ ყოველდღე ხან ფენოვანის, ხანაც ნახევრად ფენოვანი ხაჭაპურისა თუ ლობიანის მირთმევა კუჭის გადაგვარების საწინდარია. ამ საკითხზე ათასგვარი პასუხი არსებობს - რომ სამსახური გვაქვს ასეთი და სხვანაირად ვერ ვახერხებთ, დრო არ არის ჯანსაღი კერძის მოსამზადებლად, ძვირია და ა.შ. მაგრამ არა, ეს ყველაფერი უბრალოდ თავის მართლებაა სიზარმაცეზე, რომელსაც კვებასთან მიმართებაში ვიჩენთ. პირველ რიგში, იმაზე შევთანხმდეთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ საკვებს. ჩემი დაკვირვებით, ბევრი ადამიანისთვის მთვარია ბოლომდე შეივსოს კუჭი, რომ შიმშილის გრძნობამ არ შეაწუხოს და მორჩა, მისთვის პრობლემა გადაჭრილია. სწორედ ესაა ყველაზე დიდი შეცდომა. კუჭზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ, საჭმელი ამოსავალი წერტილი არ გახლავთ, გემო სიჯანსაღეში უნდა ვეძებოთ და არა - უამრავ ცომში. ერთი მთლიანი ფენოვანის ყიდვას ერთი მოზრდილი ბანანის ყიდვა სჯობს. ტვინი უნდა შევაჩვიოთ, რომ ბევრი ჭამა „კარგად ვჭამე“-ს არ ნიშნავს. ზომიერება ისაა, რაც ყველაფერში უნდა დავიცვათ. უამრავი ცხიმი, მარილი, შაქრი, ცომეული, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, ჩვენივე ორგანიზმისთვისაა ცუდი. თუ კი ამას კარგად გავიაზრებთ, შემდეგ უკვე შეუძლებელია, მოგვენატროს მსგავსი საკვების გემო.
ვერ გეტყვით, რად ღირს იმ სიმსუბუქისა და სიჯანსაღის შეგრძნება, რომელიც სწორი კვების დროს მოდის. ეს ერთი დიდი სიამოვნებაა. მეორეს მხრივ, ბევრად გიმარტივდება ვარჯიში, რადგანაც გაცილებით კარგად იმორჩილებ საკუთარ სხეულს. ვიმეორებ, რომ მთვარი მიდგომა და მონდომებაა. არ უნდა დაგენანოთ რომელიმე ნამცხვრის დათმობა იმისთვის, რომ შემდეგ ფლობდეთ სხეულს და მოიხმარდეთ მას საკუთარ გემოზე. სხეულმა არ უნდა შეგზღუდოთ, თქვენ უნდა მართოთ ის.
ეს ყველაფერი ერთად, რაღა თქმა უნდა, განწყობას გვიუმჯობესებს, გონებას გვიმშვიდებს, კარგ ხასიათზე ყოფნაც კი განსხვავებულია ძველისგან. თანდათან უფრო შევიგრძნობთ, თუ როგორ ჰარმონიულად შეიძლება ვიცხოვროთ სამყაროსთან, გავერთიანდეთ მასთან და კვლავაც, გავიღიმოთ. დამოკიდებულება გარემოსადმი ნელ-ნელა იცვლება, ის ხდება უკეთესი და უკეთესი. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია იოგითა და მედიტაციით, რადგან ის გვაძლევს უდიდეს სტიმულს. სტიმულს, რომ ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვართ ახლა.