Kūrmāsana-ს ჯგუფი: ღრმა წინ დახრა, მენჯ-ბარძაყის მობილობა და უსაფრთხო პროგრესია
რას ვისწავლით
მეშვიდე სემინარი ეძღვნება პირველი სერიის ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ ბლოკს — Kūrmāsana და Supta Kūrmāsana-ს.
Kūrmāsana-ში განვიხილავთ, როგორ ერთიანდება ღრმა წინ დახრა, მენჯ-ბარძაყის სახსრების მოძრაობა, ფეხების აქტიური მუშაობა და ხერხემლის სტაბილურობა. ყურადღებას დავუთმობთ ბარძაყებისა და მხრების ურთიერთპოზიციას, ხელების მიმართულებას და იმას, რატომ არის საჭირო საკმარისი მობილობა და ძალა მანამდე, სანამ პოზის სრული ფორმის შესრულებას შევეცდებით.
ცალკე შევისწავლით ფეხების გასწორებისა და ქუსლების აწევის ტექნიკას. აქ მიზანი მხოლოდ უფრო ღრმა ფორმის მიღწევა არ არის — ფეხებისა და სხეულის ცენტრის აქტიური მუშაობა ქმნის იმ სტაბილურობას, რომელიც შემდეგ Supta Kūrmāsana-სთვის არის საჭირო.
Supta Kūrmāsana-ში წინ დახრას ემატება ფეხების მხრების უკან განთავსება და ხელების შეკვრა. განვიხილავთ, როგორ უნდა გადანაწილდეს დატვირთვა ისე, რომ იგი არ გადავიდეს კისერსა და წელის არეზე და რატომ არის მნიშვნელოვანი ხერხემლის მხარდამჭერი ძალის წინასწარ განვითარება.
შეკვრასაც ეტაპობრივად მივუდგებით: პოზაში ადამიანის ძალით „ჩასმა“ არ არის სწავლების მიზანი. ვისწავლით, როგორ შევაფასოთ პრაქტიკოსის მზადყოფნა და როდის ჯობს პოზის უფრო მარტივ ეტაპზე დარჩენა.
სემინარის მიზანია მონაწილემ რთული ასანა აღიქვას არა როგორც აუცილებლად მისაღწევ საბოლოო ფორმა, არამედ როგორც ძალის, მობილობისა და მოძრაობის ხარისხის თანდათანობითი განვითარების შედეგი.