საბავშვო იოგა სახლში – თამაშის საიდუმლოებები

იოგა უნიკალური და უნივერსალური კულტურაა. ყველასთვის შესაფერისი – იქნება ეს ბავშვი, მომავალი დედა თუ ხანშიშესული ადამიანი. ეს არის არამარტო სხეულის, არამედ ხასიათის, სულიერების და პიროვნების აღზრდის კულტურა. ვფიქრობ, იოგა იდეალური სისტემაა ბავშვებისთვის. აქ გამორიცხულია შეზღუდვა  ასაკში, ფიზიკურ მონაცემებში,  დროსა და  ადგილში. თუკი მამას ან დედას არ შეუძლიათ ცეკვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან არ იციან ინგლისური, ისინი ვერ შეძლებენ ამ ყველაფრის სწავლებას ბავშვისთვისაც.  იოგას ვარჯიშების შესრულებას კი თავისუფლად გაართმევენ თავს სახლის პირობებში. იოგა არაჩვეულებრივ სიახლედ და სასარგებლო გასართობად იქცევა თქვენი პატარასთვის –  ეს იქნება მხიარული და სახალისო ერთობლივი თამაში. შეასრულეთ იოგას ვარჯიშები ბავშვებთან ერთად და  მათი თანდასწრებით და ისინი აუცილებლად დაინტერესდებიან თქვენი საქმიანობით და დაიწყებენ მიბაძვას. თქვენ არ დაგჭირდებათ არც განრიგი, არც შენობა, არც მეთოდური მასალა. იოგას ვარჯიშები განამტკიცებს თქვენს ურთიერთსიყვარულს და ნდობას.

როგორ ვითამაშოთ იოგა ბავშვებთან ერთად?

რჩევები დამწყებთათვის 

1. იოგა წესების გარეშე. შეარჩიეთ რომელიმე მარტივი ასანა(პოზა/მდგომარეობა) და სთხოვეთ პატარას იგივე გაიმეოროს. აუცილებლად შეაქეთ და უთხარით, რომ მას დედაზე უკეთ გამოსდის. შექება წაახალისებს ბავშვს და იგი მოუთმელად დაელოდება  მორიგ დავალებას. არ არის აუცილებელი მან სიზუსტით გაიმეორეოს სახელმძღვანელოში აღწერილი პოზა, ზედმეტი შებოჭვით და მითითებებით უფრო ავნებთ, ვიდრე დაეხმარებით. მიეცით ნება გააკეთოს ისე, როგორც თავად გრძნობს და შეუძლია.

2. მხიარული ასანები. იოგაში სერიოზული და სრულფასოვანი ვარჯიშისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასანების თანმიმდევრობას. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს გართობა და თამაშია, ასე რომ მკაცრი  თანმიმდევრობა შეგვიძლია დავარღვიოთ. ასანების გამეორებისას პატარა  თავად შეარჩევს იმათ, რომლებიც მეტად მოეწონება და უკეთ გამოუვა. როგორც წესი, ბავშვებს მოსწონთ ხიდები, თავზე დგომა, გადაკოტრიალებები, ხელებზე სიარული და სხვა სავარჯიშოები, რომლებშიც თქვენ აქტიურად ეხმარებით.მათ მოსწონთ სხეულებრივი კონტაქტი. აი, როცა უკვე დარწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობებში, სავარაუდოდ, უკვე უარს განაცხადებენ დახმარებაზე და თავიდან მოიშორებენ დახმარების ნებისმიერ მცდელობას მტკიცე გადაწყვეტილებით „ მე თვითონ!“

3. სწორი ტაქტიკა. აპირებთ ერთობლივ ვარჯიშს იოგაში მაგრამ ბავშვს არ აქვს შესაბამისი განწყობა? მულტფილმის ყურებითაა დაკავებული ან გადაღლილია და არ ინტერესდება შემოთავაზებით? ნუ დააძალებთ და ნურც გადმობირებას შეეცდებით.დაიწყეთ ვარჯიში დამოუკიდებლად, პერიოდულად კი დაუსვით შეკითვა – „ასე შეძლებ?“ ან „ნახე, როგორ შემიძლია.“ ვფიქრობ, იგი სულ ცოტა ხანში შემოგიერთდებათ. თუ არა – ესე იგი, დრო მართლაც შეუსაბამოა და ბავშვის ორგანიზმმა ეს ზუსტად იცის.

4. ბავშვს ვარჯიში კარგად გამოსდის? ესე იგი, დროა მიღწევები სხვებსაც გაუზიაროთ. სამსახურიდან დაბრუნებულ მამას, ან ბებოს და ბაბუს მომავალ შაბათ–კვირას. სახალისო იქნება ფოტოსესიის მოწყობაც – ფოტოები საზეიმო ვითარებაში გადაეგზავნებათ ნაცნობებს და ნათესავებს სხვა ქალაქებში. ასეთი მიდგომა პასუხისმებლობას შეჰმატებს ბავშვს.

5.საიდუმლო რიტუალი. არ არის საჭირო იოგაში ყოველდღიური ვარჯიში (თუკი, ცხადია, ბავშვი თავად არ მოითხოვს ამას). შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი 2–3 დღე კვირაში. 15 წუთიანი ვარჯიში ბავშვებისთვის სამიდან ექვს წლამდე სავსებით საკმარისია.  თუკი იგი თავად მოითხოვს – გააგრძელეთ.  მოიფიქრეთ რაიმე განსაკუთრებული რიტუალი სავარჯიშოდ – შეურჩიეთ ბავშვს განსხვავებული სამოსი, დააგეთ პატარა ხალიჩა( ეს ხალიჩა ერთადერთი სავალდებულო ატრიბუტია ვარჯიშისთის), შეგიძლიათ დაანთოთ არომატული სანთელი ან საკმეველი, ჩართოთ მშვიდი და  სასიამოვნო, ან პირიქით, მხიარული, საბავშვო მუსიკა. ბავშვები ადვილად ეჩვევიან ახალ რიტუალებს და ტრადიციას და სულ მალე, როგორც კი შეამჩნევენ ნაცნობ სამზადისს, სიხარულით შემოგიერთდებიან საქმიანობაში.

6.ფინალური განტვირთვა. პატარა დაიღალა ან აღარ უნდა გაგრძელება? დააწვინეთ ზურგზე, სთხოვეთ დახუჭოს თვალები. მოუყევით არაამაღელვებელი ზღაპარი (შეიძლება რომელიმე აღმოსავლური ზღაპრის შერჩევა). სთხოვეთ ბავშვს ღრმად ჩაისუნთქოს და საჰაერო ბუშტივით “გაიბეროს“, შემდეგ კი ნელ–ნელა „დაიჩუტოს“ – ამოისუნთქოს. გაამეორებინეთ რამდენჯერმე –  სანამ არ აღდგება სუნთქვა და მწყობრში ჩადგება გულისცემა. საბოლოო ასანას, რომლის დროსაც ვისვენებთ ჩვენი საბავშვო იოგისგან, ეწოდება შავასანა. ბავშვმა შესაძლოა ჩაიძინოს ასეთ დროს და ეს ნორმალური და ძალიან სასარგებლოა.

რა ნიუანსები არ უნდა გამოგვრჩეს და რა წესები უნდა დავიცვათ საბავშვო იოგის შესრულებისას

– ვარჯიში შესაძლებელია  დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

– არ არის სასურველი ვარჯიში ჭამის შემდეგ 1 – 1,5 საათის განმავლობაში. საკვები არ უნდა ამძიმებდეს კუჭს.

– ნუ დაალევინებთ წყალს ვარჯიშამდე და ვარჯიშის განმავლობაში. თუკი პატარას ძალიან სწყურია – დაკმაყოფილდეს რამდენიმე ყლუპით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვარჯიში მძიმე და უსიამოვნო იქნება

– ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, მოხერხებული, გრილი და ნატურალური. ნუ ჩააცმევთ წინდებს – ეს 15 წუთი გამოიყენეთ ორგანიზმის გასაკაჟებლადაც! ნუ შეგეშინდებათ – პატარას არ შესცივდება, თანაც წინდები ცურავს იატაკზე და ნოხზე

– ზაფხულში ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე, ზამთარში კი კარგად განიავებულ ოთახში.

–ვარჯიშისას არ გაამახვილოთ ყურადღება სუნთქვაზე. ბავშვმა ჩვეულებრივად ისუნთქოს, მთავარია, არ შეიკავოს სუნთქვა. თუკი იგი ქოშინებს და ხშირ–ხშირად სუნთქავს – შეჩერდით და დაისვენეთ. პრანაიამა (სუნთქვითი ვარჯიშები) საბავშვო იოგაში იშვიათად და დიდი სიფრთხილით გამოიყენება. საერთოდ, გამაჯანსაღებელი და დაავადებათა განმკურნებელი, ასევე სპეციფიკური გამოცდილების შესაძენი იოგა იწყება მხოლოდ 18 წლიდან.

– თუკი ვარჯიშს დილით გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ახალგამოღვიძებულ ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს და არ ესიამოვნოს გადაზნექვა უკან და გადმოხრა წინ.

– თუკი საბავშვო იოგა საღამოსთვის დაგეგმეთ, შეძლებისდაგვარად გამორიცხეთ ის ასანები, რომლებშიც თავი წელის ქვევით ექცევა – ასეთებია მდგომარე გადაზნექვები და გადმობრუნებული(/თავდაყირა) ასანები. სისხლის მიმოქცევა თავისკენ მაღლა წევს წნევას და იწვევს სხეულის აქტიურობას, ამის შემდეგ გაგიჭირდებათ ბავშვის დაძინება. შეარჩიეთ მჯდომარე ან ზურგზე და მუცელზე მწოლიარე პოზები.

– ჩართეთ იოგას ვარჯიშებში მამა. იგი აუცილებლად შეგმატებთ რაიმე საინტერესო და ახალ პოზას და ისტორიებს.