რატომ არის იოგა ქალებისთვის მნიშვნელოვანი? ამ კითხვზე პასუხი საკუთარი გამოცდილებით მინდა გაგცეთ.

      იოგა ჩემთვის წონასწორობაა, საკუთარი თავის, ემოციების და გრძნობების კონტროლი, დიდი ძალისხმევა და სურვილი მიაღწიო მეტს. რამდენიმე კვირის  პრაქტიკი შემდეგ თუ უკან მოიხედავთ და შეადარებთ როგორი იყავით ვარჯიშის დაწყებამდე დაინახავთ, რომ შეიცვალეთ. შეიცვალა თქვენში გარესამყაროსთან დამოკიდებულება, რთულ მომენტებში უფრო გაწონასწორებული და მშვიდი ხართ. გარდა ამისა ვარჯიშს დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ქალისთვის, ჩვენ ხომ პოტენციური დედები ვართ და ჯანსაღი მომავლისთვის დედის ჯანმრთელობას დიდი მნიშვნელობა აქვს. იოგას დახმარებით იმუნიტეტი მაღლდება, წესრიგდება სისხლის მიმოქცევა, სწავლობთ „სრულყოფილ“ სუნთქვას, რაც უჯრედებისთვის ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდებას უზრუნველყოფს, ეს უკანასკნელი კი ანელებს სიბერის პროცესს. ალბათ, ზედმეტი იქნება იმის გამეორება თუ რა მნიშვნელობა აქვს ასაკს ქალისთვის. ამასთან ქრება ტერმინები - ცელულიტი, ჭარბი წონა, დიეტა და ასე შემდეგ. არ გჭირდებათ მტკივნეული ქირურგიული ჩარევები.

   პოტენციური დედობა ვახსენე და არ შემიძლია არ მოგიყვეთ ქალბატონი ემმას შესახებ.

    სექტემბერში ჩემს მასწავლებელთან, გიორგი ბერძენიშვილთან ერთად ვიყავი ბერლინში, აშთანგა იოგას სტუდიაში, მანჯუ ჯოისის კლასებზე. ჩემს წინ ვარჯიშობდა შვიდი თვის ფეხმძიმე ქალბატონი. საოცარი სიმსუბუქით ასრულებდა პირველი სერიის ვარჯიშებს, დიდი მუცელი არანაირ შეზღუდვას არ უქმნიდა. ვარჯიშის დროს ჩუმად ვაპარებდი თვალს და გაოცებას ვერ ვმალავდი. მისგან მოდიოდა თავისუფლების და სიმშვიდის უსაზღვრო ენერგია. ერთხელაც არ შეუხრია წარბი, რაიმე უხერხული მოძრაობის გამო. მეორე სერიაზე, რომ გადავიდა რას ვაკეთებდი დამავიწყდა - ჩემს წინ იდგა ქალი, რომლისთვის ფეხმძიმობა ტვირთი არ იყო. ბევრი ფეხმძიმე მინახავს მთელი ცხრა თვის განმავლობაში თავს იკავებენ  მოძრაობისგან, სულ სხედან ან წვანან და ბოლოს დამძიმებულნი, დაღლილი ელოდებიან დაბადებას. მე დავინახე რამდენად მშვენიერია იყო ფეხმძიმე, იყო თავისუფალი და ფლობდე საკუთარ სხეულს. დჰანურასანა. (მშვილდის პოზა) გადაკეცილი პლედებით შეასრულა, პინჩამაიურასანა. -ში ( ველური ფარშევანგის პოზა) საოცარი სიმშვიდით იდგა ერთი წუთის განმავლობაში ( მე კი კედლის გარეშე ვერ ვასრულებ). როდესაც მესამე და მეოთხე სერიებიც ვიხილე მისი შესრულებით, ცოტა არ იყოს „ შემშურდა“  და შემრცხვა ჩემი მოუქნელობის. მართალია მას ფეხმძიმობამდე რვა წლის პრაქტიკა ჰქონდა და ეს მისთვის ბუნებრივიც იყო. იქ, იმ დარბაზში  ამდენ პროფესიონალთან ერთად ვარჯიშმა უდიდესი ძალა შემმატა. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, გაქრა ზღვარი შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის.    

       ამით იმის თქმა მინდა, რომ ქალისთვის იოგა ძალიან მნიშვნელოვანია. არ არსებობს შეზღუდვა ასაკში, მდგომარეობასა და შესაძლებლობაში. მხოლო ერთი პატარა ნაბიჯია საჭირო და თუ დაიწყებთ, მერწმუნეთ ამ პროცესს დასასრული არ აქვს.

 

ნინო იაშვილი