როგორც ვიცით, იოგას პოზების შესრულებისას ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა. ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ იოგას სპეციფიკიდან, არამედ ზოგადად სწორი ვარჯიშის პრინციპიდან, რაც უნივერსალურია ყველა ფიზიკური დისციპლინისთვის.

მოვიყვანოთ ნავის პოზის მაგალითი

ნავის პოზაში:

  1. გულმკერდი აწეულია ზემოთ;
  2. ხელის თითები დაძაბული;
  3. მკლავები გაჭიმული;
  4. ფეხის თითები გაშლილი;
  5. წონა საჯდომ ძვალზე;
  6. ფეხები გამართულია და ერთმანეთს აწვება;
  7. ოთხთავა კუნთები და შუაწელი ჩართულია;
  8. ზურგი სწორია;
  9. ხერხემალი გრძელდება;
  10. ნეკნები (ქვედა ნაწილი) შიგნით შეიზნიქება;
  11. ბეჭები დაშვებულია;

ყველა დეტალის გათვალისწინება რთულია. დამწყებსაც უჭირს და გამოცდილსაც. ისმის კითხვები:

 საიდან უნდა დავიწყოთ პოზის გასწორება?

რომელი დეტალებია პრიორიტეტული? 

დამწყებს მასწავლებელი აძლევს გამარტივებულ ფორმას.

რამდენად შეიძლება გავამარტივოთ პოზა, რომ ის მაინც ნავასანად დარჩეს?

ასანა (პოზა) იოგას ფიზიკური ასპექტია და აქ ფიზიკურ კანონებს უნდა დავეყრდნოთ. როგორც სახლის მშენებლობისას ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი წერტილია (საძირკველი), ასანას შერულებაც შეხების წერტილის სისწორეს უნდა ეფუძნებოდეს. სხვა შემთხვებაში ყველა ან უმეტესი სხვა დეტალი ავტომატურად დარღვეულია. პოზის შესრულების დეტალების პრიორიტეტულობა ქვემოდან ზემოთ იწყება.

შესაბამისად ნავის პოზის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ წონა საჯდომ ძვლებზე იყოს. როდესაც წონა კუდუსუნის ძვალზე გადადის, ან კუდუსუნის ძვლით ვეყრდნობით იატაკს ეს საზიანოც შეიძლება იყოს და სხვა დანარჩენი დეტალებიც ირღვევა.

ამიტომ ამბობს კ. პატტაბჰი ჯოისი წიგნში "იოგა მალა", რომ დაჯექით ისე, თითქოს კაიაკზე ზიხართო.

მოვიყვანოთ შირშასანას (თავზე დგომის) მაგალითი:  თუ თავის ზედაპირი ოდნავ მაინც არასწორად დევს, კისრის წელის და მთელი ხერხემლის ტანდეგობა დარღვეულია. თუმცა ისიც გასაგებია, რომ დამწყებს ეჩქარება, რომ ფეხები მაღლა აწიოს და მთელი ყურადღება საძირკვლის ნაცვლად ზემოთ აქვს გადატანილი.

როდესაც პოზა არასწორად არის ათვისებული, "ის დასანგრევია და ხელახლაა ასაშენებელი". ეს უფრო შრომატევადი პროცესია. 


თუ სასურველი შედეგის მიღება გვსურს, თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესება გვსურს, თუ ეფექტიანი ათვისება გვსურს — თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ.