საბავშვო იოგას კლასები უფრო და უფრო პოპულარული ხდება; მხარდამჭერები თვლიან რომ ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც კონცენტრაციის პრობლემა აწუხებთ.

 3 წლის ბავშვი თავდახრილი ძაღლის პოზაში დგას? ოთხი წლისა კი კობრას პოზას ასრულებს და შემდეგ სათამაშოს „ეხმარება“ იგივე პოზა გააკეთოს?

საბავშვო იოგა ნელნელა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება პოპულარული სტუდიებში, საავადმყოფოებსა და სკოლებში, რადგან მშობლები გამუდმებით ეძებენ ახალ-ახალ აქტივობებს, რომლებიც დააჩქარებენ ბავშვების უნარ-ჩვევების განვითარებას და დაეხმარებათ მათ ქცევითი პრობლემების გადაჭრაში.

იოგა მხოლოდ ზრდასრულებისთვის გათვლილი ვარჯიში არაა. უამრავი სკოლა, საავადმყოფო და სტუდია ამბობს რომ ის ბავშვებისთვისაც სასარგებლოა, ეხმარება მათ დასვენებასა და ფოკუსირებაში და ასევე აუმჯობესებს მათ მოქნილობას.

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ლოს ანჯელესი) მიერ 2003 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა რომ იოგა დადებითად მოქმედებდა სტუდენტების ქცევაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე; ამასთან იგი აუმჯობესებდა მათ მიდგომას საკუთარი თავის მიმართ. იმავე წელს, ლაიპციგის უნივერსიტეტმა განაცხადა რომ იოგა უმწეობისა და აგრესიის შეგრძნებებს ამცირებს და გრძელვადიან პერსპექტივაში აუმჯობესებს ემოციურ ბალანსს. კვლევა აჩვენებს, რომ იოგას ეფექტურობა აშკარაა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებშიც.

‘განსხვავებული ენა’

ახლა უკვე ათასობით სკოლა, იოგას სტუდია და კლინიკა კურიკულუმში საბავშვო იოგას ვარჯიშების შემსწავლელ პროგრამებს ამატებენ.

იანვარში პოლ ეკის სახელობის ცენტრალურმა დაწყებითმა სკოლამ სამხრეთ კალიფორნიაში კურიკულუმს წელიწადში 20.000 ა.შ.შ დოლარის ღირებულების იოგას კლასები დაამატა 650 სტუდენტისთვის. სკოლის დირექტორი ადრიანა ჩევარინი ამბობს რომ პრაქტიკის შემდეგ სტუდენტები უფრო მშვიდად გრძნობენ თავს და არ უჭირთ კონცენტრაცია. ბოლო შეკრების დროს სტუდენტები მოუსვენრად ისხდნენ იატაკზე, შემდეგ რამდენიმე მეექვსე კლასელმა სპონტანურად დააწყებინა სხვებს იოგას პოზების და სუნთქვით ვარჯიშების შესრულება.

„ამ დროს ყველა ბავშვი გაჩუმდა“ თქვა რაიონის ზედამხედველმა დევიდ მიაშირომ, „ეს განსხვავებული ენაა, რომელზეც უკვე ყოველი მათგანი საუბრობს“.

საშტატო გამოცდებამდე პოლ ეკის მასწავლებლები იოგას კლასის ჩატარებას გეგმავენ, რაც სტუდენტებს განტვირთვასა და კონცენტრაციაში დაეხმარება. ამავდროულად, ბ-ნი მიაშირო ენცინიტას გაერთიანებული სკოლების რაიონის მასშტაბით  გეგმავს პროგრამის გაფართოებას.

იქვე, სან დიეგოს საბავშვო ცენტრმა 1.3 მილიონ დოლარიანი ინოვაციური გრანტი მიიღო კალიფორნიის ფსიქიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების აქტისგან გამაჯანსაღებელი პროგრამის წამოსაწყებად, რომელშიც იოგაც შედის. საავადმყოფოს იოგას თერაპევტი მაიკლ ფური კი ამბობს რომ კოლორადოს ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება განწყობის აშლილობით, კვების დარღვევით ან აუტიზმით  დაავადებული 4 დან 20 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის იოგას კლასებს უზრუნველყოფს.

ბავშვებისთვის გაწელვების და დახრების სწავლებას მეტი კრეატიულობა სჭირდება. იოგას მასწავლებელი დონა ფრიმანი სენტ ალბერტიდან (კანადა) კლასებს თემების გარშემო აჯგუფებს. სანაპიროს თემატიკის კლასებში ის რამოდენიმე პოზას აღწერს რომლებიც ზღვის ნაპირის  ხედებს ან აქტივობებს შეესაბამება, მაგალითად ხის პოზა, რომელიც მზერის პალმისკენ მიმართვას განასახიერებს, ნავის და თევზის პოზა რომლებიც წყალში ყოფნას აღწერენ. ჩინური ახალი წლის დროს მან კლასს ზოდიაქოს ნიშანი ცხოველების შესაბამისი პოზები ასწავლა, მათ შორის კურდღლის და გველის.

„იოგა მათ თვით-მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება“ ამბობს ფრიმანი.  „ბავშვები სწავლობენ სად იწყება და მთავრდება მათი სხეული“.

სასწაულები არ ხდება?

მაინც, მშობელთა ნაწილი არ ემხრობა იოგას პრაქტიკას. ზოგ შემთხვევაში მშობლები რელიგიურ ნიადაგზე ეწინააღმდეგებიან იოგას და ამბობენ რომ ეს რელიგიური თაყვანისცემი სახეობაა, რომელიც მათ რწმენას ეწინააღმდეგება. ასე რომ, ზოგიერთი ინსტრუქტორი ერიდება ისეთი ფრაზების და  პოზების სწავლებას რომლებსაც დამატებითი სულიერი მნიშვნელობა გააჩნიათ. ან კონკრეტულ პოზებში ცვლილებები შეაქვთ, მაგალითად ნიუ იორკის ჰაბადურ სკოლებში ბავშვები ტრადიციული „ომ“-ის ნაცვლად „შალომ“-ს ამბობენ.

ზოგი ექიმი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ საბავშვო იოგა სასარგებლოა - თუმცა თვლიან რომ არც ისეთი რევოლუციურია როგორც მას მომხრეები წარმოაჩენენ. ინტეგრაციული მედიცინის ცენტრის პროფესორი კათი კემპერი ამბობს რომ საბავშვო იოგა აუმჯობესებს კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობას და შემეცნებით განვითარებას. თუმცა ის ასევე აღნიშნავს რომ მსგავსი შედეგის მიღწევა სხვა ვარჯიშის საშუალებითაც შეიძლება, მათ შორის ბალეტითა და სიმძიმეების აწევით, ვარჯიშის დროს სუნთქვაზე კონცენტრაციის და დასრულებისას ღრმა სუნთქვისა და რელაქსაციის საშუალებით.

„იოგა შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს ემოციებისა და ფიქრების მართვაში“ ამბობს ექიმი კემპერი. „თუმცა ადამიანები ხშირად ყველაფერს აზვიადებენ“.

ემილი გლეიზერი

28 მარტი, 2011 წ.

ემილი გლეიზერი The Wall Street Journal-ის ნიუ იორკის განყოფილების ჟურნალისტია. მას შეგიძლია დაუკავშირდეთ emily.glazer@wsj.com-ზე.

წყარო: http://www.wsj.com/articles/SB10001424052748703386704576186463216602684