ფოტო+ნტერვიუ (თაკო შველიძე)

1) - რატომ დაიწყეთ თავიდან იოგას ვარჯიში და საიდან შეიტყვეთ იოგას სახლის შესახებ?
- ბავშვობიდან მიტაცებდა აზიური ქვეყნები, დღემდე ვოცნებობ აზიაში მოგზაურიბაზე, სულ მინდოდა რამით დავკავშირებოდი მათ კულტურას და იოგა მივიჩნიე ამის საუკეთესო საშუალებად. იოგას სახლის შესახებ შემთხვევით facebook-ით გავიგე, მანამდე არ ვიცოდი საქართველოში მოზარდებისთვისაც თუ იყო შესაძლებელი იოგათი დაკავებულიყვნენ და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ რამდენიმე დღეში დავიწყე იოგას ვარჯიში.
2) - რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ თავიდან?
- ჩემი პირველი გაკვეთილის შემდეგ მეგონა რომ ვერასდროს ვერ შევძლებდი იოგას ვარჯიშს. პოზების თანმიმდევრობის დამახსოვრება, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება, რომელიც ყველა პოზას აქვს და ამავე დროს მთელი ყურადღების სუნთქვაზე გადატანა, შეუძლებელი მეგონა. მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ყველაფრის სისტემაში მოყვანა მოვახერხე და ჩემი მიღწევებით გაკვირვებული დავრჩი. ჯერ ჩემი ვარჯიში სრულყოფილი არ არის, მაგრამ ამასაც აუცილებლად მივაღწევ.
3) - რაში დაგეხმარა უჯჯაის სუნთქვა?
- უჯჯაიას სუნთქვაზე გადასვლა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ხშირად მავიწყდებოდა და შეხსენება მჭირდებოდა. თავიდან ვერც ვხვდებოდი რატომ ეკავა მას იოგაში ამხელა ადგილი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი რომ უჯჯაი საუკეთესო საშუალებაა მთელი კონცენტრაცია ვარჯიშზე მოახდინო, ის მეხმარება ვარჯიში უფრო ნაყოფიერი გავხადო.
4) - რასთან ასოცირდება თქვენთვის იოგას ვარჯიში?
- იოგა ჩემთვის ასოცირდება სულიერ სიმშვიდესთან. ჩემთვის ის არის ფიზიკური და სულიერი ვარჯიშის ერთობლიობა, რომელიც საშულებას მაძლევს ვარჯიშით მივიღო სიამოვნება. იოგა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომლითაც ვცდილობ დავაბალანსო ყოველდღიური ცხოვრების არაჯანსაღი რუტინა.
5) - რაზე ფიქრობთ ვარჯიშის დროს?
- იოგას ვარჯიშის დროს ვცდილობ ჩემი გონება მთლიანად გავათავისუფლო ფიქრებისა და ემოციებისგან. მაგრამ ხშირად მეფიქრება იმაზე, თუ რამდენდ სწორად ვაკეთებ პოზას, გამართულია თუ არა ამ ამ დროს ჩემი ხერხემალი და მაქვს თუ არა პროგრესი ამა თუ იმ პოზაში.
6) - რა წარმოდგენები აქვთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს იოგას ვარჯიშის შესახებ?
- უმეტესობა ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანს სამწუხაროდ ნაკლებად ესმის იოგას არსი და მას ძალიან ზედაპირულად და მარტივად უყურებს, უფრო გასაგებად რომ ავხსნა, მათი წარმოდგენით იოგა მხოლოდ ლოტოსის პოზას მოიცავს. ჩემი ახსნის და გამოცდილების გაზიარების შემდეგ კი ინტერესდებიან იოგათი. ვფიქრობ საქართველოში იოგას პოპულარიზაციას მოზარდებში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, მეტმა გაიგოს მის შესახებ და შესაბამისად დაკავდეს იოგათი.
7) - რისი მიღწევა გინდათ იოგას ვარჯიშით?
- იოგას ვარჯიშით მინდა პირველ რიგში ვისწავლო როგორც ჩემი ემოციების, ისე სხეულის კონტროლი. მინდა სრულყოფილი გავხადო ჩემი ვარჯიში და ბოლომდე მივიღო ყველაფერი ის, რისი მოცემაც იოგას შეუძლია. მივცე ჩემს ორგანიზმსა და გონებას საშუალება თავი დააღწიონ ყოველდღიურ სტრესულ გარემოს.

მადლობა თაკო მონაწილეობისთვის <3