1) - თავიდან რატომ დაინტერესდით იოგათი?
- იოგას ჯერ კიდევ ბავშვობიდან ბებია მავარჯიშებდა. მასწავლიდა გარკვეულ მარტივ პოზებს და ამიტომ მეტნაკლებად ყოველთვის მქონდა წარმოდგენა იოგას, როგორც ვარჯიშის ფორმის შესახებ. ორი წლის წინ, დასუსტებული ფიზიკური მდგომარეობის გამო მინდოდა ვარჯიშის ისეთი ფორმისთვის მიმემართა , რომლის შედეგადაც შევძლებდი სხეულის განთავისუფლებას სტრესისგან და ფიზიკური და გონებრივი ძალების გაუმჯობესებას. ამიტომ , ჩავთვალე, რომ იოგა ამისთვის საუკეთესო საშუალება იყო. და პირველ გაკვეთილზე არა, მაგრამ პირველივე კვირას მივხვდი,რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
2) - თუ გქონდათ პირველი აღმოჩენა ვარჯიშის დროს, რითაც საკუთარმა სხეულმა გაგაკვირვათ და რა იყო ეს აღმოჩენა?
- ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელსაც მართლა არ ველოდი და დიდად არც მივისწრაფოდი მის მისაღწევად მაინც თავზე დგომა იყო. ვარჯიშის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში (სავარაუდოდ გვიანია, მაგრამ ჩემს სიზამრაცეს თუ გავითვალისწინებთ მგონი დროული)) ფიზიკურ დონეზე ვგრძნობდი, რომ ძალიან მცირე დროში უკვე შევძლებდი იმის გაკეთებას, რაც ერთი წლის წინ ჩემთვის წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ეს რაც ყველაზე სასიხარულო იყო და ზოგადად, თითქმის ყოველი ვარჯიშის დროს საკუთარი პატარა-პატარა წარმატებებით ვჯილდოვდები, განსაკუთრებით მაშინ როცა ბოლომდე ვარ კონცენტრირებული ვარჯიშის პროცესზე.
3) - როგორი რეაქცია ქონდათ თქვენს ნაცნობებს როცა იოგას ვარჯიში დაიწყეთ?
- ბებიას გაუხარდა ძალიან, სუნთქვითი ვარჯიშები ისწავლე აუცილებლად და მერე მეც მასწავლეო. ზოგადად, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესო, როგორც ვარჯიშის ისე ზოგადად ცხოვრების წესის ამ ფორმით და საკუთარ მაგალითზე დავანახო რამდენად დადებითად მოქმედებს იოგა, როგორც ფიზიკურ მგომარეობაზე ისე განწყობაზე.
4) - რასთან ასოცირდება თქვენთვის იოგას ვარჯიში? რას შეადარებდით?
- იოგას ვარჯიში პირადად ჩემთვის ასოცირდება როგორც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, ისე დისციპლინის და კონცენტრირების უნარის განვითარებასთან. სიხარულის და ყოვლედღიური ბედნიერების შეგრძნებასთან.
5) - როგორ მოქმედებს ვარჯში თქვენს განწყობაზე და ხასიათზე?
- იოგაზე სიარულის დაწყების შემდეგ შევამჩნიე, რომ ბევრი ჩემთვის არაკომფორტული და უსიამოვნო სიტუაციებისა და მდგომარეობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, რაც ზოგად გუნება-განწობაზე დადებითად აისახა. დაკვირვებული ვარ, რომ იოგაზე აქტიურად სიარულის დროს, დეპრესიისა და უხასიათობის პერიოდები მიმცირდება. ეს საქმის კეთებაშიც აისახება. ისეთი დავალებების შესრულება რაც ადრე შესაძლოა უხალისოდ და ინტერესის გარეშე გამეკეთებინა, ახლა გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ვეკიდებ.
6) - რა როლს ასრულებს თქვენთვის მუსიკა ვარჯიშის დროს?
- თავიდან როცა სინქრონულ კლასში ჩავეწერე მუსიკა ხელს მიწყობდა დროულად და დაზარების გარეშე შემესრულებინა ყველა პოზა. შემდეგ მაისორის სტილით დავიწყე ვარჯიში , რაც გაცილებით სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის. საშუალება გაქვს მეტი ყურადღება მიაქციო საკუთარი სხეულის მოძრაობას და სუნთქვას, ივარჯიშო საკუთარი სხეულის რიტმში. ამ დროს მუსიკამ შესაძლოა ხელიც შეგიშალოს.მაგარამ, დროთა განმავლობაში მივეჩვიე საკუთარ სუნთქვასა და მოძრაობებზე კონცენტრირებას ისე, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს არის თუ არა მუსიკა ჩართული ვარჯიშის დროს. მე შემიძლია ყურადღება მივმართო ისე რომ გარეგანი ხმაური ჩემთვის ხელის შემშლელი არ იყოს.
7) - რას უსურვებთ საახალწლოდ თქვენს თავს, მათ, ვინც იოგას ვარჯიშობს და მათ, ვისაც ვარჯიშის დაწყება უნდათ?
- წლევანდელი წელი საკმაოდ დადებითად მახსენდება. უამრავი კარგი მოგონება დამიტოვა და ეს დიდწილად სწორედ იოგას დამსახურებაა. იოგას პრაქტიკის დროს მივხვდი როგორ უნდა დამეფასებინა და სიამოვნება მიმეღო ყველა იმ სიტუაციით რომელშიც ვიყავი და იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებთანაც შეხება მქონდა. ეს ძალაინ დიდი შენაძენია. ამიტომ, როგორც საკუთარ თავს ისე მათ, ვინც იზიარებს ჩემს სიყვარულსა და მადლიერების გრძნობას იოგას მიმართ, ვუსურვებ რომ მომავალი წელი ასევე სავსე ყოფილიყოს უფრო მეტი აღმოჩენებით ფიზიკური, გონებრივი და გნებავთ იმ სულიერი შესაძლებლობების, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გააჩნია. ხოლო მათ ვისაც ჯერ არ აქვს იოგასთან შეხება, მინდა მივულოცო და ავღნიშნო, რომ წინ დიდი სიამოვნება და სიხარული ელოდებათ, უბრალოდ ამისთვის გარკვეული მზაობა და მონდომებაა საჭირო. სწორედ, ამ მზაობასა და მონდომებას ვუსურვებ ყველას ვისაც აინტერესებს და სურვილი აქვს იპოვოს გზა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს იოგის ინსტრუქტორს, რომელთა გარეშეც ჩემი პრაქტიკა ნაკლებად ეფექტური და მეტად მოსაწყენი იქნებოდა .
დიდი მადლიერების გრძნობით, სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით,
ნატა ბაკურაძე