ავტორი ლესლი კამინოფი

თარგმანი გიორგი ბერძენიშვილი

ტაჰ-დაჰს-ანნა

ტადა = მთა

ეს პოზა წარმოადგენს მყარი დგომის და თხემის ცისკენ მიმართვის პოზიციას

 

სირთულის დონე
მარტივი დამდგარი პოზა

ძირითადად მუშაობს
ფეხის გიდა და გარე კუნთები, კვადრიცეპსი, თეძო-სუკის კუნთი, მსხლისებრი კუნთი, მუცლის კედელი, დიაფრაგმა.

სახსრების მოძრაობა
წელის, გულმკერდის და კისრის მალები მსუბუქად ერთი ღერძზეა აჭიმული.
კოჭის, ბარძაყის, მხრის და მაჯის სახსრები ნეიტრალურ მდგომარეობაში, არც დაძაბულ და არც მოდუნებულ მდგომარეობაში, იმყოფებიან.
ფეხები მუხლის სახსრებში გამართულია (მაგრამ არა ბოლომდე). იდაყვის სახსრები გამართულია,  წინამხრები კი განზე გაშლილი.
ტერფის თაღები აწეულია და მენჯის ფსკერის, მუცლის ქვედა ნაწილის, გულმკერდის ძვლის, ხერხემლის კისრის მონაკვეთის და თავის წვერის ზემოთ აწევის მოძრაობას უერთდება.
ბეჭები ქვემოთ არის მიმართული, გულმკერდის ძვალს ეყრდნობა და კუდუსუნის ძვლის ქვემოთ მიმართულებას უერთდება, რის საყრდენსაც, მთლიანობაში, ორივე ტერფის იატაკთან შეხების სამ-სამ წერტილი წარმოადგენს.

შენიშვნები
მერყევ საძირკველზე მყარი ვერაფერი აშენდება. შესაძლებელია ამიტომ, ტადასანას ბევრი იოგას ტრადიციული მიმდინარეობა ყველა პოზის საწყის პუნქტად მიიჩნევს. საინტერესოა, რომ ეს პოზიცია ძალიან წააგავს „ანატომიურ პოზიციას“ — მოძრაობისა და ანატომიის შესწავლის სტანდარტულ პოზიციას. მთავარი განსხვავება მათ შორის ის არის , რომ ტადასანაში ხელის გულები თეძოების პირისპირ არის მიმართული და არა წინ.

 

 

სხეულის ამგვარი პოზიცია მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი, რადგან ადამიანი ერთადერთი ნამდვილი ორფეხა ძუძუმწოვარია მთელ პლანეტაზე. ადამიანს არსებათა შორის ნაკლებად მდგრადი, უმცირესი საყრდენი გააჩნია, უმაღლესი სიმძიმის ცენტრი და (პროპორციულად) უმძიმესი ტვინი რომელიც ამ ყველაფრის მწვერვალზეა.
ამ პოზის საყრდენი ძირი — ტერფები — მშვენივრად წარმოგვიდგენს, როგორ ოპერირებს ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში პასიური და აქტიური ძალისხმევა მოშვებისა და ფიქსაციის თვალსაზრისით. ტერფის ძირითადი სტრუქტურა სამკუთხედის სახით არის წარმოდგენილი. სამკუთხედის სამი წერტილი ის სამი ადგილია, რითაც ტერფის სტრუქტურა საყრდენ ზედაპირს ეხება: ქუსლის ამოზნექილობა, წინა ტერფის (მეტატარზალური) პირველი ძვალი და წინა ტერფის მეხუთე ძვალი. ამ სამი წერტილის შეერთების ხაზი თაღებს (რკალებს) წარმოადგენს — სამ აზნექილ ხაზს, რომლის ქვეშაც პოზის საყრდენია: შუა გასწვრივი თაღი, გვერდითი გასწვრივი თაღი და მეტატარზალური (განივი) თაღი.
აქედან გამომდინარე ტერფების ორი სამკუთხედი შეიძლება გაერთიანებული იყოს და ტადასანას საყრდენი ძირის ზომა და ფორმა გვიჩვენოს. “შვეული ხაზი”, რომელიც სხეულის სიმძიმის ცენტრს წარმოადგენს, ამ საყრდენი ძირის ზუსტად ცენტრში უნდა მოხვდეს.


მუსკულატურის ოთხი ფენა ტერფის 28 ძვლის აწევის, ბალანსის და მოძრაობისთვის ერთიანდება, რომელიც განვითარდა და უსწორმასწორო ზედაპირზე მორგებად სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც უსწორმასწორო  ზედაპირზეც კი სივრცეში გლუვად გადაადგილების საშუალებას იძლევა.
ტერფმა განვითარება მილიონობით წლების განმავლობაში განიცადა ისეთ სამყაროში, სადაც არ იყო გზები ან ტროტუარები. დღევანდელ სამყაროში ბევრი უსწორმასწორო ზედაპირები გასწორებული და გათანაბრებულია, ის გლუვად არის დამუშავებული. შესაბამისად ტერფის ადაპტირების უნარიანობა გადაადგილებისთვის აღარ არის საჭირო, ღრმა კუნთების დასუსტება, რომლებიც ტერფის თაღების საყრდენია, გარდაუვალია, რასაც, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ფეხის გულის ზედაპირულ და არაკუმშვად ფასციას აკისრებს ტერფის სრული დატვირთვისგან დაცვის პასუხისმგებლობას. ამას ხშირად ფეხის ქუსლის დეზი და პლანტარული ფასციიტი მოჰყვება.
ზოგადად დამდგარი პოზების პრაქტიკა, მათ შორის ტადასანაც, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ტერფების ბუნებრივი სიცოცხლისუნარიანობის, სიძლიერის და ადაპტირების უნარის აღდგენის. როდესაც საძირკველი მყარია, გაცილებით უფრო ადვილია დანარჩენი სახლის მწყობრად აშენება.

 

 

 

 

ტადასანას ვარიაციები
სამასტჰიტი
იგივე დამდგარი, ლოცვის პოზა
სამა = იგივე, თანაბარი
სტჰიტი = დგომა, დაფუძნება

 

სამასტჰიტის უფრო ფართო და მყარი საყრდენი აქვს ვიდრე ტადასანას, რადგან ქუსლები საჯდომი ძვლების ქვეშ არიან განლაგებულნი და არ ეხებიან ერთმანეთს. ყველა დამდგარ პოზას, რომლებიც ამგვარი საყრდენით სრულდება, ტადასანასგან განსხვავებით უფრო ფართო და სტაბილური საყრდენი აქვთ. იგი ტიპურია ვინიასა სტილებისთვის, რომლებიც სუნთქვით-კონტროლირებადი მოძრაობაზე არიან ფოკუსირებულნი, ვიდრე ისეთ სახეობებში, რომლებშიც სწორ შესრულებაზე ამახვილებენ ყურადღებას და რომელშიც სტატიკურ პოზიციაში შედარებით ხანგრძლივ დაყოვნებას ამჯობინებენ. ამ პოზაში დამატებით თავი დახრილია და ხელები ნამასტეს (ლოცვის პოზიციაშია). ეს მზის მისალმების დაწყების ტიპური პოზიციაა, „მლოცველის ვინიასა", რომელიც ჰათჰა იოგას  ბევრ სისტემაში როგორც გამახურებელი და ერთი ასანიდან მეორეში უწყვეტი გადასვლის დროს გამოიყენება.

ტერმინოლოგიური შენიშვნა
შრი კ. პატტაბჰი ჯოისის აშთანგა ტრადიციაში ტერმინი სამასტჰიტიჰი შეესაბამება იმას, რაც აღვწერეთ როგორც ტადასანა . შრი ტ. კრიშნამაჩარიას სწავლების და მისი ვაჟიშვილის ტ.კ.ვ. დესიკაჩარის ტრადიციაში ტერმინი ტადასანა დამდგარ პოზას აღნიშნავს, რომელშიც მკლავები თავს ზემოთ არის აწეული და ბალანსი ტერფის ბურთულებზეა.

გაფრთხილება

ადამიანები, ვისაც თავის ტკივილი, ინსომნია და დაბალი არტერიული წნევა აწუხებთ, დამდგარი პოზები ხანგრძლივი შესრულებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.