ტადა მთას ნიშნავს; სამა — სწორს, გამართულს, უძრავს. სთჰიტი — უძრავად დგომას, უძაობას. შესაბამისად, ტადასანა მთასავით მყარად და გამართულად დგომას გულისხმობს. ეს საწყისი (ძირითადი) დამდგარი პოზა გახლავთ.

შესრულების ტექნიკა

1. გამართულად დადექით, ტერფები შეაერთეთ, ქუსლები და ცერები ერთმანეთს ეხებოდეს. მეტატარზალური ძვლების თავები იატაკზე უნდა იდოს, ხოლო ფეხის თითები — მჭიდროდ ეკვროდეს იატაკს.

2. გამართეთ ფეხები მუხლის სახსრებში და მუხლის თავები მოჭიმეთ მაღლა. ბარძაყები ოდნავ დაძაბეთ, ფეხის უკანა კუნთები კი — ზემოთ ასწიეთ.

3. მუცელი შეზნიქეთ, მკერდი — წინ, ზურგი ზემოთ აჭიმეთ, ხოლო კისერი — გამართეთ. 

4. სხეულის წონა არც ქუსლებზე და არც თითებისკენ უნდა იყოს მეტად, არამედ თანაბრად გადაანაწილეთ ტერფებზე.

5. წესით, ტადასანაში ხელები თავს ზემოთ უნდა იყოს აწეული, მაგრამ მოსახერხებელი იქნება, თუ ხელებს თეძოების გასწვრივ დაუშვებთ.

ქვემოთ აღწერილი ყოველი დამდგარი პოზა იწყება ტადასანას პოზიციიდან, სადაც ხელები ფეძოების გასწვრივ არის ჩამოშვებული.

ეფექტი

ჩვენ, როგორც წესი, სწორი დგომის მეთოდს ყურადღებას არ ვაქცევთ.  ზოგიერთს დგომის დროს წონა მხოლოდ ცალ მხარეს გადააქვს, ზოგიერთი კი ფეხებს ძალიან განზე აბრუნებს. ზოგიერთს წონა ქუსლებზე გადააქვს, ან — ტერფის გარეთა ან შიგნითა გვერდზე. ეს შესაძლოა ფეხსაცმელზე დაკვირვებით აღმოვაჩინოთ, თუ რომელი ადგილებია ყველაზე მეტად გაცვეთილი. ჩვენი დგომის არასწორი მანერით და ტეფებზე წონის არასწორად გადანაწილებით გამოწვეულია სხვადასხვა სახის დეფორმაცია, რაც სავალალოდ მოქმედებს ხერხემლის ელასტიურობაზე. მაშინაც კი, როდესაც დგომის დროს ტერფები განზეა გაშლილი, ქუსლები და თითები სასურველია მედიალური სიბრტყის პარალელური იყოს და განზე გაშლილი არ იყოს. ამ მეთოდში, ბარძაყები მობილიზებულია, მუცელი შგნითაა შეზნექილი და მკერდი წინაა მიმართული. შედეგად, სხეულში სიმსუბუქის შეგრძნება ჩნდება, ხოლო გონება ფხიზლდება. თუ იმგვარად დავდგებით, რომ სხეულის წონას ქუსლებზე გადავიტანთ, გრავიტაციის ზემოქმედება შეიცვლება, ბარძაყები მოეშვება, მუცელი გამოიბურცება, სხეული უკან გადაეკიდება და ზურგი დაიძაბება. შედეგად, დაღლილობას მალე ვიგრძნობთ, ხოლო გონება მობილიზაციას დაკარგავს. მაშასადამე, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სწორ დგომს დავეუფლოთ.