ასანების შესრულებისას მნიშვნელოვანია ორი ძირითადი საკითხი:
- ზიანის თავიდან აცილება;
- უმოკლესი გზა ოპტიმალური შედეგის მიზაღწევად.
ამ ორის ერთიანობა ქმნის სწორ პრაქტიკას.
ხელებზე დგომებში იგულისხმება ნებისმიერი ისეთი პოზა, როდესაც ხელისგულები იატაკზე აწყვია, მათ შორის თავაწეული ან თავდახრილი ძაღლის პოზები (ურდჰვა/ადჰო მუკჰა შვანასანა) და ფიცრის (ჩატურანგა) პოზაც. ამ პოზებს ვხვდებით მზის მისალმებაში (სურია ნამასკარა). თუმცა არსებობს ხელებზე დგომები, როდესაც მხოლოდ ხელებს ვეყრდნობით. ამ უკანასკნელში ხელებზე დატვირთვა, რა თქმა უნდა, მეტია (მაგ. წეროს პოზა ანუ ბაკასანა).
ხელებზე დგომებისას მაჯის სახსრებს თავისთავად დიდი წონა აწვება, რაც სახსრებისთვის ზედმეტი დატვირთვაა. იმისთვის, რომ სახსრების დატვირთვა მოიხსნას და გამოირიცხოს, საჭიროა, რომ კუნთურმა სისტემამ აქტიურად იმუშავოს და წონა იტვირთოს. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის:
- ხელის თითები განზე გავჩაჩხოთ, ისე, რომ თითებს შორის მანძილი თანაბარი იყოს. ეს დაგვეხმარება ხელისგული ზედაპირის ფართობის გაზრდაში და წონის გადანაწილებაში უფრო ფართო ზედაპირზე.
- ხელები მხრების სიგანეზე უნდა იყოს გაშლილი, ეს უზრუნველყოფს სხივისა და იდაყვის ძვლების ვერტიკალურ მდებარეობას იატაკის მიმართ და, შესაბამისად, — სიმყარეს. იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს საკმარისი ძალა, რომ პოზა გამართული ხელებით შევასრულოთ, შესაძლებელია ხელისგულების მხრის სიგანეზე უფრო განზე გაშლა (ისე, რომ იდაყვის ძვლებმა შეინარჩუნოს ვერტიკალურობა). პოზის განვითარებასთან ერთად, მხრის სიგანის დისტანცია დაცული უნდა იყოს. ამის გაზომვა მარტივია, თუ ხელების იატაკზე დადებამდე მოდუნებულს ჩამოვუშვებთ, მაშინ მოდუნებული ხელები თავად აღმოჩნდებიან სასურველ დისტანცაზე გაშლილი.
- მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელის თითები წინ იყოს მიმართული, რადგან ეს უზრუნველჰყოფს მაჯის მაქსიმალურ მობილობას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მარჯვენა ხელის წარმოსახვითი ღერძი საჩვენებელსა და შუა თითს შორის იყოს მარცხენა ხელის ანალოგიური წარმოსახვითი ღერძის პარალელური.

- კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტი მაჯის სახსრისთვის ის გახლავთ, რომ წონა უნდა იქნეს გადატანილი 3 წერტილზე: 1. ცერა თითი; 2. საჩვენებელი თითი; და 3. ამ ორი თითის შეერთების წერტილი. ამ სამ წერტილს საყრდენი სამკუთხედი ვუწოდოთ. ამის პარალელურად უნდა შემცირდეს ზეწოლა მაჯასა და ნეკა თითზე.

- ამ პუნქტების დაცვის შემთხვევაში, სხეული თავად გვაგრძნობინებს, რომ წონის წინ გადატანაა საჭირო. ხოლო მკლავები გარე ბრუნს ასრულებენ, რადგან მხრის სახსრებში მყარი საყრდენი ვიპოვოთ.