განვიხილოთ ცოცხალი ორგანიზმის ანატომია იოგური თვალსაწიერიდან, ხოლო ათვლის წერტილად უჯრედი ავიღოთ. სიცოცხლის ამ ძირითადმა ერთეულმა იოგას შესახებ შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს.  ფაქტობრივად, იოგას არსებითი კონცეფციები უჯრედის ფორმაზე და ფუნქციებზე დაკვირვებით შეგვიძლია გამოვიყვანოთ. მეტიც, როდესაც ცალკეული უჯრედის პრინციპებს გავიგებთ, ასევე შევძლებთ ნებისმიერი ისეთი მთლიანის გაგებას, რაც უჯრედებისგან შედგება, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის სხეული.

იოგას გაკვეთილი უჯრედისგან

უჯრედი ცოცხალი ორგანიზმების სამშენებლო მასალაა, იქნება ეს ერთუჯრედიანი თუ მრავალმილიარდუჯრედიანი არსება. ადამიანის სხეული, რომელიც დაახლოებით 100 მილიარდი უჯრედისგან შედგება, მხოლოდ ორი ახალშექმნილი უჯრედისგან ყალიბდება.

უჯრედი სამი ნაწილისგან შედგება: მემბრანის, ბირთვისა და ციტოპლაზმისგან. მემბრანა უჯრედის შიგთავსს, რომელიც ბირთვისა და ციტოპლაზმისგან შედგება, გარესამყაროსგან აცალკევებს, საიდანაც უჯრედისთვის აუცილებელი საკვები აითვისება.

როდესაც საკვები ნივთიერებები მემბრანის მეშვეობით უჯრედში აღწევენ, მეტაბოლიზმის მეშვეობით ენერგიად გარდაიქმნებიან, რაც უჯრედის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ზედმეტი პროდუქტი მეტაბოლიზმისა, რაც გარდაუვალია, ნარჩენს წამოადგენს, რომელიც იმავე მემბრანის მეშვეობით გარეთ გამოიყოფა. ყოველგვარი დარღვევა უჯრედის ამ უნარებისა, რომ მიიღოს საკვები და ნარჩენისგან გათავისუფლდეს, შესაძლოა უჯრედის სიკვდილის მიზეზი გახდეს — შიმშილის ან ტოქსიურობის გზით. იოგურ კონცეფციებს, რომლებიც უჯრედის ფუნქციონირებასთან არიან დაკავშირებული პრანა და აპანა ეწოდებათ. ხოლო კონცეფციებს, რომლებიც მემბრანის სტრუქტურულ თვისებებთან არიან დაკავშირებული და  უჯრედის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ სთჰირა და სუკჰა ეწოდებათ.

პრანა და აპანა

სანსკრიტული სიტყვა პრანა მოდის ფუძიდან პრა-, პრეფიქსიდან, რომელიც წინა-ს ნიშნავს და ან, ზმნა, რომელიც სუნთქვას, შებერვას და სიცოცხლეს ნიშნავს. პრანა აღნიშნავს იმას, რაც კვებავს ცოცხალ არსებას, თუმცა ასევე იმ მოქმედებასაც აღნიშნავს, რაც საჭიროა საკვების მისაღებად.

ყოველგვარ ცოცხალ სისტემას ძალთა ბალანსი სჭირდება და იოგური კონცეფცია, რომელიც პრანას აწონასწორებს — აპანაა. ეს სიტყვა მოდის ფუძიდან აპა, რაც გარეთ-ს ნიშნავს. აპანა აღნიშნავს ნარჩენებსაც და იმ მოქმედებასაც, რომელიც ნარჩენებისგან გათავისუფლებისთვის სრულდება. ეს ორი ფუნდამენტური ცნება — პრანა და აპანა — მოიცავს სასიცოცხლო ფუნქციებს ყველა, როგორც უჯრედულ ისე ორგანიზმის დონეზე.

სთჰირა და სუკჰა

თუ პრანა და აპანა სასიცოცხლო ფუნქციებს აღნიშნავენ, რა სტრუქტურული პირობებია საჭირო იმისთვის, რომ უჯრედმა საკვები მიიღოს და ნარჩენებისგან გათავისუფლდეს? ეს მემბრანის ფუნქცია გახლავთ — სტრუქტურისა, რომელიც საკმაოდ გამტარი უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისი ნივთიერებები შეუშვას და გამოყოს. თუ მემბრანა ზედმეტად გამტარია ან ნაკლებად გამტარია, ორივე შემთხვევაში უჯრედის მთლიანობა ირღვევა.

უჯრედში, ისევე როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმში, პრინციპი, რომელიც აბალანსებს გამტარიანობას — სტაბილურობა გახლავთ. იოგური ტერმინები, რომლებიც ამ პოლარულობას აღნიშნავენ სთჰირა და სუკჰა არიან. სანსკრიტულად სთჰირა ნიშნავს მყარს, ძლიერს, გამძლეს ან მუდმივს. სუკჰა კი ორი ძირისგან შედგება სუ — კარგს ნიშნავს, ხოლო კჰა — სივრცეს, ანუ მსუბუქი, სასიამოვნო, იოლი და ზომიერი. ის აგრეთვე სტაბილურად კარგად ყოფნას აღნიშნავს (დაბრკოლებათა გაქრობას).

ცოცხალ არსებას კარგად ყოფნისთვის სჭირდება ბალანსის პოვნა შეკავებასა და გამტარიანობას, სიხისტესა და მოქნილობას, შეუპოვრობასა და დამყოლობას, აგრეთვე სივრცესა და ჩარჩოებს შორის. ამ გზით ცოცხალი არსება თავს აღწევს შიმშილსა და ტოქსიურობას,  ასევე წნევასა და დაშლას.

ადამიანის მიერ კარგად გაკეთებული კონსტრუქციებიც ასევეა მოწყობილი. მაგალითად, დაკიდებული ხიდი საკმარისად მოქნილია იმისთვის, რომ ქარსა და მიწისძვრას გაუძლოს, მაგრამ ასევე საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ განსაზღვრულ დატვირთვასაც გაუძლოს.