ნანუკა, თქვენ უკვე დაახლოებით 4 წელია, რაც იოგათი ხართ დაკავებული, კერძოდ კი — აშთანგა-ვინიასა-იოგათი, რაც, ამასთანავე, დინამიკური ფორმაა, პრაქტიკა არც ორსულობის პერიოდში შეგიწყვეტიათ და დღემდე განაგრძობთ, ამჟამად კი მე-9 თვეზე ხართ, იოგას სარგებლიანობის შესახებ საზოგადოებას მეტ-ნაკლებად აქვს ინფორმაცია, თუმცა, საინტერესოა თავად პროცესი და მიდგომა, თუ რა განსაკუთრებული შეზღუდვები არსებობს ორსულობისას ზოგადად ან სხვადასხვა ტრიმესტრში და რა უნდა იქნას გათვალისწინებული პირველ რიგში.

- უპირველესად პირადი პრაქტიკის შესახებ.
როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ერთ-ერთი პირველი შეკითხვა რაც გამიჩნდა იყო, თუ რამდენად შემეძლო იოგას პრაქტიკის გაგრძელება. ამის შესახებ უამრავი განსხვავებული მოსაზრება მოვისმინე, როგორც სამედიცინო პერსონალისგან, ასევე ინტერნეტიდან, სხვა ორსულებისგან და ა.შ. ბევრისგან მოვისმინე, რომ ორსულობის პერიოდში ქალი მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდეს თავს ანუ იცხოვროს პასიურად, არ დაიტვირთოს ფიზიკურად, ძირითადად წამოწოლილ მდგომარეობაში იყოს. ისიც აღმოვაჩინე, რომ ამ საკითხზე, განსაკუთრებით ქართულენოვან ინტერნეტ სივრცეში, ძალიან მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და არსებული სტატიები/ბლოგები ძირითადად ვიღაცების პირად შეხედულებებს ასახავს და არ ემყარება მტკიცებულებებით გამყარებულ ინფორმაციას.
სხვადასხვა მასალისა და კვლევების გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე პირველივე ტრიმესტრიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გამეგრძელებინა ვარჯიში. ორსულობის პირველი 8 კვირა „იოგას სახლში“ დავდიოდი კვირაში 3-ჯერ, შემდეგ 2-3 კვირით შევწყვიტე ვარჯიში აგვისტოში, რადგან ორსულობისას ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება მაღალი ტემპერატურის მიმართ და სიცხეში ძალიან გამიჭირდა ფიზიკური აქტივობა. შემდეგ ისევ განვაახლე ვარჯიში სახლის პირობებში, ხოლო მე-2 ტრიმესტრიდან, შემოდგომაზე კვლავ „იოგას სახლში“ დავბრუნდი. ორსულობის მეხუთე თვემდე ჯგუფთან ერთად ვვარჯიშობდი აშთანგა-ვინიასა იოგას, შემდეგ კი გადავინაცვლე ორსულთა კლასში. ახლა ორსულობის 38-ე კვირაში ვარ და ვარჯიში არ შემიწყვეტია. ისიც აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა რომ დროთა განმავლობაში ბევრი ასანას შესრულება უფრო და უფრო დისკომფორტული ხდება, ორსულთა იოგას ციკლში ყველა ასანას დღემდე ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის გამოცდილების განზოგადება არ იქნება სწორი, თუმცა პირადად მე ორსულობისას იოგას პრაქტიკა ძალიან დამეხმარა წონის კონტროლში, სტრესის მართვაში, ორსულობის თანმდევი უსიამოვნო სიმპტომების დაძლევაში (როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, გადაღლილობა, წელის/მენჯის ტკივილი და ა.შ.) და ასევე მეტი თავდაჯერებულობა შემმატა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრების ამ ეტაპზე.
- განვიხილოთ ორი შემთხვევა: 1) როდესაც არ არსებობს წინარე გამოცდილება იოგასი და 2) როდესაც ასეთი გამოცდილება არსებობს (რა პერიოდი შეიძლება საკმარის გამოცდილებად ჩაითვალოს) ანუ იოგას პრაქტიკოსმა შეიტყო, რომ ორსულად არის.

იოგას წინარე გამოცდილება თუ საერთოდ არ აქვს ადამიანს, ორსულთა ჯგუფთან ერთად ვარჯიშს მაინც შეძლებს და ამით დიდ სარგებელსაც მიიღებს. რა თქმა უნდა, გამოცდილების არმქონე ადამიანმა შესაძლოა ორსულობაში არ მოინდომოს ან ვერ შეძლოს მისთვის ძალიან უცხო ან რთული ვარჯიშების შესრულება (მაგალითად ინვერსიული ასანები). რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც იოგას პრაქტიკის წინარე გამოცდილება აქვთ, იმ შემთხვევაში თუ მათი ორსულობა არ არის მაღალი რისკის და კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს, ვფიქრობ, შეუძლიათ ჩვეულებრივ ან ზოგიერთი ასანას მოდიფიკაციით განაგრძონ ვარჯიში. იოგა თავისთავად ისეთი აქტივობაა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს სერიოზულ ფიზიკურ ტრავმებს, ამიტომ იმის შანსი რომ იოგას პრაქტიკით დედას ან ნაყოფს ზიანი მიადგეთ, არ არსებობს.
I ტრიმესტრი
ითვლება, რომ I ტრიმესტრი ორსულობის ყველაზე მყიფე პერიოდია. ამ 3 თვის განმავლობაში შედარებით მაღალია ორსულობის სპონტანურად შეწყვეტის ალბათობა. სწორედ ამის გამო, ბევრი ექიმი ორსულ ქალებს ურჩევს შეზღუდონ ფიზიკური აქტივობა ან უნიშნავს წოლით რეჟიმს. თუმცა, თუ ორსულობა დაბალი რისკის მქონეა და გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ქალს შეუძლია გააგრძელოს/დაიწყოს ვარჯიში. რადგან ყველა ქალის ორგანიზმი განსხვავებულია, I ტრიმესტრში ვარჯიშის დაწყება ან გაგრძელება ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ამ დროს ორგანიზმში ბევრი ცვლილება მიმდინარეობს და ეს ყველა ქალის განწყობასა და მდგომარეობაზე განსხვავებულად აისახება. პირადად მე I ტრიმესტრში ასანების მოდიფიკაციის გარეშე გავაგრძელე აშთანგა-ვინიასა იოგას პრაქტიკა და ვთვლი რომ ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო.
II ტრიმესტრი
II ტრიმესტრი ალბათ ორსულობის საუკეთესო პერიოდია ვარჯიშისთვის, რადგან უსიამოვნო სიმპტომების უმეტესობა ამ პერიოდისთვის გაივლის და ორსულს ენერგია ემატება. II ტრიმესტრში, ხშირ შემთხვევაში მუცელი არ არის იმ ზომის რომ ასანების (მაგალითად წინ დახრების) შესრულებაში ხელი შეგიშალოს. ამ პერიოდში, მე ყველა ორსულს (ვისი ორსულობაც დაბალი რისკის მქონეა) ვურჩევდი იოგას პრაქტიკას. ამ პერიოდში დამწყები პრაქტიკოსებისთვის შესაძლოა რთული იყოს აშთანგა-ვინიასა იოგას სრული დატვირთვით ვარჯიში, თუმცა ორსულთა ჯგუფთან ერთად ნებისმიერი ფიზიკური მომზადების მქონე ადამიანი შეძლებს.
III ტრიმესტრი
III ტრიმესტრში ნაყოფის სწრაფი ზრდის გამო სწრაფად ხდება წონის მატება, ამიტომ ვარჯიშის პროცესიც უფრო შენელებულია. III ტრიმესტრში დამჭირდა რამდენიმე ასანას მოდიფიკაცია, განსაკუთრებით წინ დახრების. ამ დროს ასევე რთულია უჯჯაი სუნთქვა და მომიწია უბრალოდ ღრმა სუნთქვით მისი ჩანაცვლება. თუ ადამიანს წარსულში არ უვარჯიშია, მესამე ტრიმესტრიდან ვარჯიშის დაწყება, სავარაუდოდ, საკმაოდ დისკომფორტული იქნება. ამიტომ, ვფიქრობ რომ საუკეთესო შედეგისთვის მინიმუმ II ტრიმესტრიდან უნდა დაიწყოს ვარჯიში. თუმცა, III ტრიმესტრშიც ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის გაგრძელება, პირველ რიგში წონის კონტროლისთვის და რელაქსაციისთვის. ორსულობა უდიდესი დატვირთვაა ქალის ორგანიზმისთვის და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესის მართვა, ამისთვის კი იოგა საუკეთესო საშუალებაა.
- მიმართება აშთანგა იოგასთან, მის სერიებთან, ვინიასებთან და ა.შ.
I ტრიმესტრში აშთანგა იოგას I, II და III სერიებს მოდიფიკაციის გარეშე ვვარჯიშობდი. მე-4 თვიდან მომიწია გარკვეული ცვლილებების შეტანა, იმიტომ რომ მკვეთრი მობრუნებები, მუცლის კუნთების დატვირთვა აღარ იყო კომფორტული. ასანებს შორის ვინიასების გაკეთება ორსულობისას განსაკუთრებით სასიამოვნოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი ასანებს შორის დასვენების საშუალებას იძლევა. ამას გარდა, ადჰო მუკჰა შვანასანა (თავდახრილი ძაღლის პოზა და ურდჰვა მუკჰა შვანასანა (თავაწეული ძაღლის პოზა) ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა ხერხემლისთვის. ორსულობისას ხერხემალი განსაკუთრებულად იტვირთება, ამიტომ ასანებს შორის ვინიასების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი არასასურველი პრობლემის პრევენციას ახდენს. ჩემი გამოცდილებით, დაახლოებით მე-5 თვიდან აშთანგა იოგას სერიების სრულყოფილად შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა თითოეული სერიიდან შეიძლება რამდენიმე ასანას შესრულება, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული მოდიფიკაციით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, უჯჯაი სუნთქვაც მესამე ტრიმესტრიდან ძალიან რთული შესასრულებელია, თუმცა, შეიძლება მისი ჩანაცვლება ღრმად სუნთქვით. აღსანიშნავია ისიც, რომ სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით დამეხმარა მესამე ტრიმესტრში, სუნთქვის უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემის მართვაში.
- არის საკითხი, რაც უკავშირდება ექიმთან კონსულტაციას, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იცნობს კარგად ექიმი იოგას, რომ ადეკვატური რჩევა მისცეს, როგორც ცნობილია იოგას უამრავი სახეობაა და ზოგიერთი მათგანი მხოლოდ სულიერ პრაქტიკას ან სუნთქვით ვარჯიშებს მოიცავს (ასანები გამორიცხულია). ჰათჰა იოგას სახეობებს შორისაც კი არის განსხვავებები, ზოგიერთი მათგანი აქტიურია, ზოგიც — პასიური. როდესაც ექიმი ნებას რთავს ან თავშეკავებას ურჩევს იოგასგან, აქვს კი წარმოდგენა, რასთან აქვს საქმე, ვინაიდან უმრავლეს (ძირითად) შემთხვევაში კონსულტაციისას ახსენებენ მხოლოდ ტერმინს „იოგა“ და რეალურად არ უკონკრეტებენ, რა შეიძლება მათთვის და რა არა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ექიმის ამდენად ზოგადი რჩევა ვინმეს ჯეროვნად გამოადგეს.
იოგას შესახებ ბევრი მცდარი მოსაზრება არსებობს. უმეტესობა თვლის რომ იოგას პრაქტიკა მხოლოდ სტატიკური ასანების შესრულებისგან შედგება და მას ხშირად „მსუბუქ დატვირთვად“ განიხილავენ. თუმცა, ყველამ, ვინც აშთანგა იოგას იცნობს, იცის რომ ის ძალიან დინამიკურია და ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ინტენსიური ფორმაა. ამიტომ, თუ ორსული გეგმავს აშთანგა-იოგას პრაქტიკას, უმჯობესია ექიმს აუხსნას თუ რას მოიაზრებს იოგას ეს სახეობა, რათა მან შეძლოს სწორად შეაფასოს მისი მიზანშეწონილობა ორსულობის ამა თუ იმ ეტაპზე. ჩემი გამოცდილებით, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ექიმის მოძებნა, რომელიც მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ორსულობა არ არის ავადმყოფობა, ამიტომ, ამ პერიოდში ნებისმიერი კვალიფიციური და გამოცდილი ექიმი ქალს მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას ურჩევს. იოგა კი ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია.
- ალბათ საზოგადოებაში არსებობს მცდარი, გავრცელებული მოსაზრებები ორსულობა და იოგასთან დაკავშირებით, რა შინაარსი აქვთ მათ და რა იქნებოდა სწორი მიდგომა, რათა დაინტერესებულმა დაადგინოს სანდო წყარო.
საზოგადოებაში ორსულობასთან დაკავშირებული უამრავი მითი არსებობს, მათ შორის ბევრი სულაც არ არის უწყინარი და საკმაოდ საზიანოა. უამრავი ადამიანისგან მსმენია რომ ორსული სულ უნდა იწვეს, ორი ადამიანის ნაცვლად იკვებოს, ჭამოს რაც მოუნდება, ნებისმიერ დროს. სინამდვილეში კი, პირიქით, ორსულობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, რიგი პრობლემების და გართულებების პრევენციის მიზნით. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ქართულ ენაზე საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, და რაც არის იმის სანდოობაც ეჭვს ბადებს. მე ძირითადი ინფორმაცია ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან მივიღე. რა თქმა უნდა, ინგლისურენოვან ინტერნეტ სივრცეშიც ბევრი მცდარი და არასწორი ინფორმაციაა. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ე.წ. მედიაწიგნიერება. მხოლოდ იმიტომ რომ ინტერნეტში რაღაც წერია, ან სტატიის ავტორი ამბობს რომ „მეცნიერებმა რაღაც დაადგინეს“, არ ნიშნავს რომ ეს სანდოა. ნებისმიერი ლიტერატურის მოძიებისას პირველ რიგში უნდა დაისვას შეკითხვა თუ რას ეფუძნება ეს ინფორმაცია, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა ესა თუ ის კვლევა, რამდენად სანდოა ის დაწესებულება რომელმაც კვლევა ჩაატარა ან ანგარიში მოამზადა. უმნიშვნელოვანესია ექიმის როლიც ორსულთა განათლების პროცესში. ვფიქრობ, რომ ექიმის პირდაპირი მოვალეობაა ორსულს მხოლოდ ანალიზები და კვლევები კი არ დაუნიშნოს, არამედ მიაწოდოს სანდო ინფორმაცია ორსულობის მიმდინარეობაზე, ორგანიზმში მოსალოდნელ ცვლილებებზე, შესაძლო სირთულეებზე და ა.შ. სამწუხაროდ საქართველოში და მსოფლიოშიც, ბევრი ქალი ორსულობას სრულიად მოუმზადებელი ხვდება, მის გარშემო ჩნდება უამრავი არაკომპეტენტური ადამიანი, რომლებიც აძლევენ სრულიად უსარგებლო რჩევებს, მაგალითად, „ორსულობისას არ უნდა შეიჭრა თმა“, „ორსულობისას არ შეიძლება ბანანის ჭამა“ და ა.შ. მნიშვნელოვანია ყველა ქალს ქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც დაეხმარება ორსულობის სწორად წარმართვაში.
- და ბოლოს:
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორსულობა უდიდესი დატვირთვა და სტრესია ქალის ორგანიზმისთვის. „იოგას სახლის“ გარემო და კვალიფიციური ინსტრუქტორები ამ სტრესის მართვაში წარმოუდგენლად დამეხმარნენ. ამისთვის უღრმესი მადლობა მათ. დარწმუნებული ვარ აშთანგა-იოგა ძალიან დამეხმარება მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციაშიც და საშუალებას მომცემს მოკლე დროში დავუბრუნდე უწინდელ ფორმას.
ნანუკა გამყრელიძე



