თავი I

შესავალი

ძველი ინდოელების მიღწევები ფილოსოფიის სფეროში ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი; სამწუხაროდ, ვითარება თვით ინდოეთშიც კი არ არის უკეთესი. არსებობს ინდუისტ სწავლულთა და ასკეტთა მცირერიცხოვანი წრე, რომელთა წევრებიც განმარტოებულ და საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან განდგომილ ცხოვრებას ეწევიან და ამ საგანს საფუძვლიანად იცნობენ. თუმცა, ისინი ინგლისურ ენას არ ფლობენ, თანამედროვე აზროვნების წესებსაც არ არიან შეჩვეულნი, ხოლო მოსაზრება, რომ საგნის ფართო საზოგადოებაში გასავრცელებლად წიგნები ვერნაკულარულ (ხელმისაწვდომ) ენაზე უნდა დაწერონ, მათთვის მიმზიდველი არ არის. ევროპასა და ინდოეთში მოქმედი სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების და ცალკეულ პირთა ძალისხმევით სანსკრიტსა და პალიზე შექმნილი მრავალი ფილოსოფიური ნაშრომი გამოიცა; გამოქვეყნდა ზოგიერთი მათგანის თარგმანიც. მიუხედავად ამისა, სწავლულთა მხრიდან ჯერ კიდევ თითქმის არ ყოფილა მათი სისტემატურად შესწავლისა და ღირებულების შეფასების მცდელობა. ინდური აზროვნების თითქმის ყველა სისტემის შესახებ სანსკრიტზე ასობით ნაშრომი არსებობს, რომელთაგან მხოლოდ მეასედი თუ იქნება თარგმნილი. ინდური აზრის გამოხატვის ფორმები, რომლებიც რთულ სპეციალურ ფილოსოფიურ ტერმინებს მოიცავს, იმდენად განსხვავდება ევროპული აზროვნებისათვის დამახასიათებელი გამოხატვის ფორმებისაგან, რომ მათი ზუსტად თარგმნა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ სანსკრიტის არმცოდნე პირისთვის მეტად რთულია, მხოლოდ თარგმანებზე დაყრდნობით, ინდური ფილოსოფიური აზრი მისი ნამდვილი მნიშვნელობითა და სათანადო კონტექსტით გაიგოს. პალი სანსკრიტთან შედარებით გაცილებით მარტივი ენაა, თუმცა მისი ცოდნა მხოლოდ ადრეული ბუდიზმის გაგებაშია გამოსადეგი — იმ პერიოდისა, როდესაც ბუდიზმი ჯერ კიდევ ნახევრად ფილოსოფიური განვითარების საფეხურზე იმყოფებოდა. სანსკრიტი, საზოგადოდ, რთულ ენად მიიჩნევა. მაგრამ ვედური ან ჩვეულებრივი ლიტერატურული სანსკრიტის ცოდნის საფუძველზე ვერავინ შეიქმნის სათანადო წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რაოდენ რთულია სანსკრიტული ფილოსოფიური ლიტერატურის ლოგიკური და აბსტრაქტული ნაწილები. ადამიანს, რომელსაც ადვილად შეუძლია ვედების, უპანიშადების, პურანების, სამართლის წიგნებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების გაგება და, ამასთანავე, კარგად იცნობს ევროპულ ფილოსოფიურ აზროვნებას, შესაძლოა პირდაპირ შეუძლებლად მოეჩვენოს განვითარებული ინდური ლოგიკის ან დიალექტიკური ვედანტისადმი მიძღვნილი ნაშრომის თუნდაც მცირე მონაკვეთის გაგება. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, სპეციალური ტერმინების გამოყენება და აზრის უკიდურესად შემოკლებული ფორმით გამოხატვა, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა სისტემების მოძღვრებებზე გაკეთებული ფარული მინიშნებები. ფილოსოფიური პრობლემების ნათლად და არაორაზროვნად გააზრებისაკენ მიდრეკილება სანსკრიტული აზროვნების მნიშვნელოვანი თავისებურებაა. თუმცა, IX საუკუნიდან განსაკუთრებით თვალსაჩინოდ განვითარდა მკაფიო, განსაზღვრული და ზუსტი გამოთქმების გამოყენების ჩვევა, რის შედეგადაც მრავალი სპეციალური ტერმინი შეიქმნა. ეს ტერმინები იშვიათად არის სათანადოდ განმარტებული; იგულისხმება, რომ მკითხველი, რომელსაც ამ ნაშრომების შესწავლა სურს, მათ წინასწარ უნდა იცნობდეს. ძველად, ვინც რომელიმე ფილოსოფიური სისტემის შესწავლას შეუდგებოდა, ეს აუცილებლად მასწავლებლის ხელმძღვანელობით უნდა გაეკეთებინა, რომელიც მას შესაბამის ტერმინებს განუმარტავდა. თავად მასწავლებელს ეს ცოდნა თავისი მასწავლებლისაგან ჰქონდა მიღებული, ამ უკანასკნელს კი — თავისი მასწავლებლისაგან. ფილოსოფიის პოპულარიზაციისკენ სწრაფვა არ არსებობდა, რადგან იმხანად გავრცელებული შეხედულების თანახმად, მხოლოდ იმ მცირერიცხოვან რჩეულებს, რომლებსაც სხვა მხრივაც დაემტკიცებინათ საკუთარი შესაბამისობა, შეეძლოთ, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ფილოსოფიის შესწავლის უფლებამოსილ და სათანადოდ მომზადებულ მოწაფეებად (adhikārī) ქცეულიყვნენ. ფილოსოფიის შესწავლის უფლება მხოლოდ მათ ეძლეოდათ, ვისაც საკმარისი სიმტკიცე და მაღალი ზნეობრივი ძალა შესწევდა, რათა მთელი ცხოვრება ფილოსოფიის ჭეშმარიტი გაგებისა და მისი ამაღლებული ჭეშმარიტებების შესაბამისად საკუთარი ცხოვრების გარდაქმნისათვის მიეძღვნა.

კიდევ ერთი სირთულე, რომელსაც დამწყები წააწყდება, ისაა, რომ ზოგჯერ ერთი და იგივე სპეციალური ტერმინები სხვადასხვა სისტემაში სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება. შემსწავლელმა თითოეული სპეციალური ტერმინის მნიშვნელობა იმ სისტემასთან მიმართებით უნდა იცოდეს, რომელშიც იგი გვხვდება; ამ საკითხში ვერც ერთი ლექსიკონი ვერ გაუწევს მას მნიშვნელოვან დახმარებას. მათი მნიშვნელობების ათვისება მას თანდათან, შესწავლის პროცესში, შესაბამის კონტექსტებში მათი გამოყენების კვალდაკვალ მოუწევს. ალუზიები სხვა სისტემების დოქტრინების მიმართებით და მათი უარყოფა რომელიმე მსგავსი დოქტრინის განხილვისას ნებისმიერ ცალკეულ ფილოსოფიურ სისტემაში  ხშირად კარგად მომზადებულ მკითხველსაც კი ძლიერ აბნევს. მართლაც, შეუძლებელია მისგან სხვა სისტემების ყველა დოქტრინის ცოდნას მოველოდეთ, თუკი ისინი უშუალოდ არ შეუსწავლია; ამიტომ ხშირად ძნელდება იმ პასუხებისა და უარყოფების მთელი ჯაჭვის მიდევნება, რომელიც ასეთი განხილვების მიმდინარეობისას უწყვეტად წარმოიშობა. სანსკრიტზე არსებობს ორი მნიშვნელოვანი კომპენდიუმი, რომლებშიც ინდური აზროვნების ზოგიერთი ძირითადი სისტემაა შეჯამებული, კერძოდ: Sarvadarśanasaṃgraha და ჰარიბჰადრას Ṣaḍdarśanasamuccaya, რომელსაც გუნარატნას კომენტარი ახლავს. თუმცა, პირველი მათგანი უაღრესად ზოგად და სქემატურ მიმოხილვას გვთავაზობს და რომელიმე სისტემის ონტოლოგიური თუ ეპისტემოლოგიური მოძღვრებების გაგებას მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ შეუწყობს ხელს. ეს ნაშრომი კაუელმა და გოფმა თარგმნეს, თუმცა, ვშიშობ, მათი თარგმანი მკითხველისთვის მაინცდამაინც გასაგები ვერ აღმოჩნდება. რაც შეეხება ჯაინიზმს, გუნარატნას კომენტარი შესანიშნავია; ზოგჯერ იგი სხვა სისტემების შესახებაც გვაწვდის საინტერესო ცნობებს და რამდენიმე მოკლე ბიბლიოგრაფიულ შენიშვნასაც შეიცავს. თუმცა, ავტორი იშვიათად გადადის იმ ეპისტემოლოგიური თუ ონტოლოგიური მოძღვრებებისა და დისკუსიების განმარტებაზე, რომელთა ცოდნაც ინდური აზროვნების ნებისმიერი განვითარებული სისტემის სწორად გასაგებად აუცილებელია. ამგვარად, იმგვარი ნაშრომის არარსებობის პირობებში, რომელიც მოკლედ გადმოგვცემდა ინდოელი მოაზროვნეების ძირითად ეპისტემოლოგიურ, ონტოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პოზიციებს, რთულია განვითარებული ფილოსოფიური ლიტერატურის გაგება სანსკრიტის კარგი მცოდნისთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი შესაძლოა მრავალ სპეციალურ ფილოსოფიურ ტერმინს იცნობდეს. ინდური ფილოსოფიის შესწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე უკვე საკმარისად ვისაუბრე. თუმცა, როდესაც ადამიანი სპეციალურ ტერმინებს, სხვადასხვა ინდოელი მოაზროვნის ზოგად პოზიციებსა და მათთვის დამახასიათებელ გამოხატვის ფორმებს შეეჩვევა, მოთმინებითა და დაუღალავი შრომით მას მთელი ამ სფეროს დაუფლება შეუძლია. სპეციალურ ტერმინებს, რომლებიც თავდაპირველად სირთულის წყაროა, განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება იმ ავტორთა აზრის ზუსტი და მკაფიო მნიშვნელობის გაგებისათვის, რომლებიც მათ იყენებდნენ; ამასთან, მათი მცდარი ინტერპრეტაციისა თუ არასწორად გაგების შესაძლებლობა მინიმუმამდე მცირდება. ვფიქრობ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სპეციალური ტერმინებისათვის თავის არიდება ფილოსოფიურ ნაშრომებს ხშირად ზედმეტად სიტყვამრავალს ხდიდა და მცდარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ზრდიდა. ნათლად წერის ხელოვნება მართლაც იშვიათი ღირსებაა და ყველა ფილოსოფოსს ვერ ექნება ეს უნარი. თუმცა, როდესაც სპეციალური გამოთქმები სათანადოდ არის ჩამოყალიბებული, ცუდ მწერალსაც კი შეუძლია საკუთარი აზრი გასაგებად გადმოსცეს. ბუდისტური ფილოსოფიის ადრეულ პერიოდში, პალის ლიტერატურაში, აღნიშნული სირთულე განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. აქ გვხვდება რამდენიმე სპეციალური ტერმინი, რომელთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეტად მოქნილი და დაუდგენელია; სხვადასხვა ადგილას მათი მეტ-ნაკლებად განსხვავებული მნიშვნელობით განმეორებითი გამოყენება კიდევ უფრო ართულებს იმ ნამდვილი აზრის გაგებას, რომლის გადმოცემაც ავტორს განზრახული ჰქონდა.