ბუდისტური მედიტიაცია კონტექტში, დონალდ ს. ლოპესი, თარგმანი და წინასიტყვაობა გიორგი ბერძენიშვილისა, თბილისი, 2026, ISBN 978-9941-8-8988-2

 

დონალდ ს. ლოპეს უმცროსის ესეიების კრებულის ქართულ ენაზე გამოცემა მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი, თავად ესეიების პრობლემატიკიდან მომდინარეობს: ავტორის კვლევა და ამ კვლევის მიზანი თავისთავად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მეშვეობით ვრცელდება ვალიდური წარმოდგენები ბუდჰიზმის და ბუდჰისტური პრაქტიკების შესახებ. თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ წამოწყების მეორე ასპექტი, რომელიც ქართულ ენაზე ბუდჰისტური ლიტერატურის უშუალოდ თარგმანს შეეხება. 

ენა არის არა მარტო ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაციის უმთავრესი ინსტრუმენტი, არამედ აზროვნებისაც. ამიტომაცაა, რომ ყველა დისციპლინას თავისი საკუთარი ენობრივი აპარატი აქვს, რომლის გარეშეც ეს დისციპლინები არ არსებობს. იგივე შეეხება ბუდჰიზმსაც და ბუდჰისტურ კვლევებსაც. ბუდჰისტური ენა ვითარდებოდა და იხვეწებოდა ისევე როგორც ყველა სხვა. მაგალითად, ბერძნული ფილოსოფიური ენა პრესოკრატელების „შექმნილია“: თალესის მიერ დაწყებული საქმე, მისმა მემკვიდრეებმა გააგრძელეს, რამაც საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა ფილოსოფიური ენა და შესაბამისად გახსნა გზა უფრო მაღალი დონის ფილოსოფიური აზროვნებისაკენ. სხვაგვარად რომ გადმოვცე ჩემი აზრი, — აზრი, რომელიც ვერ იმოსება შესაბამისი და ზუსტი ენობრივი ფორმულირებით, არ არის აზრი. ამგვარი „აზრი“ მხოლოდ აზრის მცდელობაა. თუკი საქართველოში და ქართულ აკადემიაში აღმოსავლური ფილოსოფიის და ბუდჰიზმის კვლევების განვითარებას ბედი უწერია, ეს მხოლოდ იმ ნიადაგზე იქნება შესაძლებელი, რომელსაც მოცემული წიგნი და ამ სფეროში არსებული სხვა იშვიათი გამოცემები ამზადებენ. აქ ხდება ბუდჰისტური აზრის ქართულ ენობრივ სტრუქტურაში გადმოტანა და აქ ხდება ბუდჰისტური ფილოსოფიისთვის უმთავრესი ტერმინოლოგიის დამკვიდრება, რის გარეშეც, როგორც უკვე ვთქვი, არა ბუდჰისტური ფილოსოფიის კვლევა, არამედ მისი მხოლოდ მცდელობა გვექნება.

გიორგი ბერძენიშვილმა არა მარტო თარგმნა ლოპესის ტექსტი, არამედ ძალიან ზუსტად შეარჩია სწორედ ის ტექსტები, ის ესეიები, რომელიც თანმიმდევრულად აყალიბებს გარკვეულ წარმოდგენას ბუდჰისტური მედიტაციის — და მასთან კავშირში, ბუდჰისტური დოქტრინის -- შესახებ. კრებულის სათაურიც ზუსტადაა შერჩეული და ალუზიას შეიცავს იმ ზოგადი პროცესების შესახებ, რომელიც დასავლურ სამყაროში „აღმოსავლური სიბრძნის“ ექსპორტისას მიმდინარეობს. ამ პროცესში არც საქართველოა გამონაკლისი. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, აფორიზმები და ფსიქო-ფიზიკური პრაქტიკების აჩრდილი ქმნის იმგვარი ბუდჰიზმის განცდას, რომელიც არ მოითხოვს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა და აზროვნების წესის მნიშვნელოვან ცვლილებას. ეს გარკვეულწილად მართალიცაა, ბუდჰას მოძღვრება ყველასთვის ხელმისაწვდომია და ისტორიულად, სხვადასხვა კულტურულ გარემოს ორგანულად ერწყმოდა. მაგრამ ასეთი მიდგომა ანადგურებს ბუდჰიზმის მეორე მხარეს, რომელიც არა გარეგნულ ცხოვრების წესს, არამედ მის გულის გულს შეეხება: ბუდჰისტური აზრისაგან მოწყვეტით ბუდჰისტური პრაქტიკა ბუდჰისტური აღარაა. ის იქცევა ფსიქოჰიგიენის იარაღად, — განვმეორდები, თავისთავად ამაში ცუდი არაფერია — მაგრამ არა ამ კონკრეტული რელიგიისა და ფილოსოფიის ნაწილად. დონალდ ს. ლოპესი და მისი ქართველი მთარგმნელი სწორედ ამ პრობლემას ეპასუხებიან, რითაც ბუდჰიზმის წინაშე თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევებისკენ მიაქცევენ ჩვენს ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ სანსკრიტული სიტყვების ქართულად ტრანსკრიბირებისას ჩემი და თარგმანის ავტორის გემოვნება გარკვეულწილად განსხვავებულია (შდრ. ბუდა და ბუდჰა), ტრანსლიტერაციისას გიორგი ბერძენიშვილი უზადო სიზუსტით იყენებს საერთაშორისო სტანდარტს, რაც ტექსტს უნარჩუნებს თავის სამეცნიერო ღირებულებას. დონალდ ს. ლოპეს უმცროსი და რობერტ ბასველი აღიარებული სახელებია თანამედროვე ბუდჰისტურ კვლევებში. ქართულ ენაზე მათი ნაშრომების თარგმანი უსათუოდ შეუწყობს ხელს მოცემული დისციპლინის განვითარებას.

ნაშრომი, თავისი შინაარსიდან და შესრულების დონიდან გამომდინარე, სასარგებლო იქნება არამარტო ბუდჰიზმით და მედიტიაციით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის, არამედ აღმოსავლური და ბუდჰისტური რელიგიის/ფილოსოფიის შემსწავლელი სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვისაც. განსაკუთრებულად მინდა გავუწიო რეკომენდაცია მოცემული წიგნის გამოყენებას უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კურსების დაგეგმვისას. 

 

ნინო ქილარჯიანი

ლექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

მანიპალი, ინდოეთი, აგვისტო 2026