მედიტაცია ტრატაკა.
მედიტაციური პრაქტიკის პირველადი არსი და მიზანი ყურადღების კონცენტრაციასა და გონების მოკრებაში მდგომარეობს. ამ მიზნისთვის კი სხვადასხვანაირი, მეთოდები გამოიყენება. ყველაზე მარტივი, პირდაპირი და ეფექტური მეთოდი არის ტრატაკას ტექნიკა, რომელიც ადვილი სასწავლი და გასაგებია. ყველას შეუძლია შეასრულოს ეს სავარჯიშოები და ამით თავს სარგებლობა მოუტანოს. მცირედი ძალისხმევითა და მონდომებითაც კი შესაძლებელია მისგან ბევრის მიღება და გარკვეული დროის განმავლობაში გამოცდილების დაგროვება. რაც მთავარია ამან უნდა მიგიყვანოთ მედიტაციამდე.
ტრატაკა – მსოფლიოში ცნობილი მეთოდი.
ტრატაკა უამრავ ტექსტშია აღწერილი. იგი სხვადასხვა სახელით მოიხსენიება და სახეშეცვლილია ტრადიციების მიხედვით. ჰათჰა იოგას კლასიკური ტექსტის „გჰერანდა სამჰიტას“ მიხედვით, ტრატაკა ერთ–ერთ შატკარმად ანუ გამწმენდ პროცედურად ითვლება. დანარჩენი ხუთი პროცედურა (ნეტი, დჰაუტი და სხვ.) ეხება მხოლოდ სხეულის განწმენდას. ტრატაკა აქ სრულიად უჩვეულოდ და ანომალიურად გვეჩვენება მათ ჩამონათვალში. ის განიხილება როგორც ბოლო სავარჯიშო შატკარმებიდან და მათ რიცხვში შესულია, როგორც დამაკავშირებელი, შუალედური საფეხური ფიზიკურ და სულიერ პრაქტიკებს შორის, რომელსაც უმაღლესი შემეცნებისაკენ მივყავართ. ტრატაკა თითქოს შემაკავშირებელი ხიდია ჰათჰა იოგასა და რაჯა იოგას შორის.
შესრულების ტექნიკა.
აანთეთ სანთელი და დადგით მაგიდაზე ან პატარა სკამზე ისე, რომ მისი ალი მოხვდეს იატაკზე მჯდომი ადამიანის თვალების სიმაღლეზე. დაჯექით იატაკზე მოხერხებულად, ზურგი და ხერხემალი გამართული გქონდეთ, ხოლო სანთელი ერთი ხელის გაწვდენით იყოს თქვენგან. დახუჭეთ თვალები და მოადუნეთ სხეული, შემდეგ თვალები გაახილეთ, თვალმოუშორებლივ უყურეთ სანთლის ალს და გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ფითილის წვერისაკენ.
არაფერს არ უყუროთ, მხოლოდ ფითილსა და ალს. არც თვალი დაახამხამოთ, არც გუგები აამოძრაოთ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ შეუსვენებლივ უყუროთ სანთლის ალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. აუცილებელია თვალები არ იყოს დაძაბული, ვინაიდან თვალის დაძაბვა მის ხამხამს გამოიწვევს, ამ დროს კი გონება გაიფანტება. ამიტომ მაქსიმალურად მოადუნეთ ისინი და შეეცადეთ თქვენი გონება მოაბრუნოთ, აიძულეთ იგი გააგრძელოს ვარჯიში. როდესაც ახალბედები იწყებენ ასეთი სახის ვარჯიშს, ის უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს ორი–სამი წუთისა.
ტრატაკას ხანგრძლივობა.
დამწყებებმა უნდა მოახდინონ ობიექტზე ორიენტირება დაახლოებით ორიდან სამ წუთამდე. გამოცდილების შეძენასთან ერთად ეს დრო შეიძლება ერთჯერადად ხუთიდან ათ წუთამდე გაიზარდოს.
გაფრთხილება.
ყველა ადამიანის გონებაში დაგროვილია კომპლექსები და პრობლემები. იოგას მიზანია გაიწმინდოს გონება ამ უვარგისი ნარჩენებისაგან. ამ მიზნით ტრატაკა წარმოადგენს არაჩვეულებრივ მეთოდს, ის გეხმარებათ განიხილოთ და შეიმეცნოთ საკუთარი პრობლემები. შესაძლებელია თქვენმა გადაუჭრელმა პრობლემებმა ძალზე სწრაფად იჩინოს თავი და ნერვული აშლილობა გამოიწვიოს. თუ თქვენ მსგავსი რამ შეამჩნიეთ, ეს სახიფათოა. ამიტომ სასწრაფოდ შეწყვიტეთ ვარჯიში და დაუყონებლივ მიმართეთ სპეციალისტს.
სარგებლიანობა
ტრატაკა გამოგიმუშავებთ უნარს მოიკრიბოთ ყურადღება, ძალა, რაც ყოველდღიური ყოფა–ცხოვრებისთვის ფრიად სასარგებლო და საჭიროა. ერთ წერტილში გონებრივი ენერგიის მოკრება, მიმართვა იწვევს ნერვული სისტემის სიმშვიდეს. იგი მოქმედებს გონებაზე, რათა არ იყოს დაბნეული და გაფანტული. ტრატაკა მედიტაციური გამოცდილების მიღწევის შესანიშნავი მეთოდია. იგი იწვევს ჯერ კიდევ უცნობი და დამალული გონებრივი შესაძლებლობების გამონთავისუფლებას, გამოვლენას.
ხანდახან ხდება ისეც, რომ საკუთარი მეხსიერების მიუხედავად ჩვენი ტვინი დაბინდულია, თითქოს ნისლი გადაეფარაო. თუ გვინდა რაღაც მოვლენა გავიხსენოთ, ზოგჯერ ამას ვერც ვახერხებთ. აწყნარებს რა ტვინს, ტრატაკას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი მეხსიერება.
ის ვინც უძილობით იტანჯება ან ნერვულ დაძაბულობას განიცდის, ტრატაკას რეგულარულად უნდა მიმართავდეს. ტრატაკას შეუძლია დაეხმაროს და გააუმჯობესოს ადამიანის სუსტი მხედველობა, აგრეთვე აძლიერებს თვალის სუსტ კუნთებს.
ინდოეთში ტრატაკას ხშირად იყენებდნენ პარაფსიქოლოგიური შესაძლებლობების დასაუფლებლად. მაგ; ტელეპატიის, ნათელმხილველობის, და სხვ. მიზნებისთვის. ჩვენ არ გირჩევთ ზემოაღნიშნული დანიშნულებით ტრატაკას გამოყენებას. არ აქვს მნიშვნელობა გჯერათ თუ არა მათი, ისინი აგაცდენენ გზას დაეუფლოთ იოგას უმაღლეს არსს ან საკუთარი თავის შეცნობას.
ჩვენ აღვწერეთ ტრატაკა სანთლის ალის გამოყენებით. თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ობიექტი გონების კონცენტრირებისთვის თქვენი გემოვნების მიხედვით.