ახალი 7 დღის ჟურნალისტი: თეონა ნემსიწვერიძე
საქართველოში იოგას ფედერაცია ერთი წლის წინ დაარსდა. მისი პრეზიდენტი გიორგი ბერძენიშვილია. იგი იოგას პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარბს „იოგას სახლში“, სადაც მსურველებს კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ მივიდნენ და ივარჯიშონ იოგა.
„იოგას ფედერაციის შექმნა საქართველოში ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო და ეს ერთი წლის წინ მოვახერხეთ. ფედერაციის დაარსების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდანაც კი გვქონდა გამოხმაურება და შემოთავაზება იოგას სკოლების გახსნისა.
– ბატონო გიორგი, იოგას რომელი სახეობა არის ჩვენთან ყველაზე უფრო გავრცელებული?
– ეს არის თანამედროვე იოგა, რომელიც ნაკლებად ატარებს ფილოსოფიურ ხასიათს. იოგას ეს მიმდინარეობა, რომლითაც ჩვენთან ვარჯიშობენ, ევროპელების მიერაა მოდერნიზებული. მათ კლასიკურ იოგას ჩამოაშორეს სხვადასხვა ელემენტები და სიახლეებთან ერთად შექმნეს ახალი სტილი ფიტნესიოგა.
–რა გავლენას ახდენს იოგას ვარჯიშები ადამიანის ჯანმრთელობაზე?
იოგას ვარჯიშები აჯანსაღებს სხეულს, სძენს მას ელასტიურობას, მოქნილობას. ვარჯიშის პროცესში კუნთების აქტიური მოქმედება მძლავრი მასტიმულირებელი საშუალებაა, იმისათვის რომ ორგანიზმის დაბერების პროცესს ხელი შეუშალოს. იოგას ვარჯიშების შესრულება საუკეთესოა დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, ამასთან სამკურნალოდ – გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემის, განსაკუთრებით კი ხერხემლის დაავადებების სამკურნალოდ.
– თუ შეიძლება, იოგას ვარჯიშებმა უარყოფითი გავლენა მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობაზე?
–კონკრეტულ უკუჩვენებებს ვერ დავასახელებთ. ეს დამოკიდებულია, თუ როგორ ხდება ვარჯიშის შესრულება. ვარჯიში უნდა შესრულდეს სწორად, ინტრუქტორის მითითებით და შეუცდომლად. ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის შერჩევა. გააჩნია, რა დაავადებები აწუხებს ადამიანს და ამის გათავლისწინებით უნდა შესრულდეს ვარჯიში. თუმცა რისკი იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე სპორტის სხვადასხვა მიმდინარეობებში. აქ ბევრად უფრო დაზღვეულები ვართ სავალალო შედეგისაგან, რადგან ვარჯიში ნელა სრულდება და გონებაც მთლიანად მასზეა კონცენტრირებული.
– შესაძლებელია თუ არა იოგას ვარჯიშების სახლში შესრულება, მასწავლებლის გარეშე და მიღებული შედეგი თუ არის განსხვავებული?
– სახლში ვარჯიშის შესრულება შესაძლებელია, ამისთვის სპეციალური ვიდეოგაკვეთილებიც კი არსებობს. თუმცა აქვს უარყოფითი მხარე, ადამიანს არ ჰყავს მასწავლებელი, რომელიც, ვარჯიშის შეცდომით შესრულების შემთხვევაში, ურჩევს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ესა თუ ის ასანა ან რამდენად რეკომენდებულია ამ ადამიანისთვის კონკრეტული ვარჯიშის შესრულება. როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ვიწყებთ ვარჯიშებს, დამწყების მდგომარეობა უნდა იყოს გათვალისწინებული ინსტრუქტორის მიერ.
– როგორ უნდა მოვემზადოთ იოგას ვარჯიშების შესასრულებლად?
– უპირველეს ყოვლისა ვარჯიშის წინ უნდა შევიქმნათ სავარჯიშო განწყობა, განვთავისუფლდეთ ყოველდღიური საზრუნავისაგან და დავისახოთ ბეჯითი ვარჯიში. მეორე რაც მნიშვნელოვანია, ეს არის სწორი სუნთქვის შესწავლა. უნდა ისუნთქოთ ცხვირით, შეძლებისდაგვარად ღრმად და მშვიდად. ვარჯიშის დაწყების წინ სასურველია, ინსტრუქტორს გაესაუბროთ, რაც მან უნდა გაითვალისწინოს თქვენთან მუშაობის პროცესში.
– დაახლოებით რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ვარჯიშის პროცესი და რა ინტენსივობით?
- საშუალო ჯანმრთელობის ადამიანმა შეიძლება ივარჯიშოს 1 საათის განმავლობაში. კვირაში 3-ჯერ ეს ნორმალურია, თუმცა უმჯობესია დღეგამოშვებით ან ყოველდღიურად. როდესაც ყოველდღიურად ვარჯიშობთ დატვირთვები სწორად უნდა გადანაწილდეს კვირის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს რეჟიმი სპეციალურად უნდა იქნას შერჩეული.
– ვარჯიშის დაწყებიდან დაახლოებით რამდენ ხანშია შესაძლებელი შედეგის მიღება?
– ვარჯიშის დაწყებიდან ერთ კვირაში შედეგი უკვე შეიძლება ვიგრძნოთ, მაგალითად, ზურგი აღარ დაგეღლებათ,უფრო გამართული იქნებით, ძილი გაუმჯობესდება და ა.შ. ხოლო როდესაც სხეულის კორექციაზეა საუბარი, შედეგი რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, უნდა დავიცვათ კვების რეჟიმი, რომელიც არც თუ ისე რთულია. შეიძლება 1-2 თვის შემდეგ იგრძნოთ წონის კლება, ეს ნაწილობრივ ინდივიდუალურია. თუმცა მე ყველას ვურჩევ ვისაც წონის კორექცია უნდა, სხეულის გარშემოწერილობების გაზომვას, ვინაიდან შეიძლება იგივე წონა დარჩეს, თუმცა უფრო გამხდარად გამოიყურებოდეს, ამ დროს ხდება სხეულის კორექცია, ფორმების შეცვლა და ბუნებრივია პიროვნება ვიზუალურად უფრო ლამაზად გამოიყურება.
– როგორც ბატონმა გიორგიმ გვითხრა, მათ ცენტრში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და სასურველი გრაფიკი შეარჩიოს, ყოველდღიურად, დილა-საღამოს.