ალბათ ყველა დამეთანხმება რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა. მსოფლიო საოცრად მრავალფეროვანია და შესაბამისად სხვადასხვა ადამიანები და დაწესებულებები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად მსურველს უამრავ მიმზიდველ, სწრაფი თუ ნელი შედეგის მომტან, რთულ თუ მარტივ, ხელმისაწვდომ თუ მაღალფასიან ვარიანტს სთავაზობენ.
საკმარისია უბრალოდ დაგუგლო „როგორ ვიცხოვრო ჯანსაღად“ (ცხადია ინგლისურ ენაზე, რადგან ინგლისურენოვანი ინტერნეტ სივრცე გაცილებით უფრო მდიდარია ვიდრე ქართული) და შენ თვალწინ გადაიშლება მილიონობით სტატია, ბლოგი, პროფესიონალთა თუ მოყვარულთა ფორუმი და ცხადია მარტივი Yahoo! Answers!-ი რომლებიც ცდილობენ დაგარწმუნონ რომ მათ მიერ შემოთავაზებული 10 ან 20 ნაბიჯიანი პროგრამა ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. რას არ წააწყდები ინტერნეტში ან მოისმენ ნაცნობ-მეგობრებისგან: ცილოვანი დიეტები, საკვების მხოლოდ სითხის სახით მიღება, კალორიების თვლა, ცხიმზე ან ნახშირწყლებზე უარის თქმა, ვეგეტარიანული ან ვეგანური კვება, გლუტენზე უარის თქმა, სიბნელეში ჭამა (მუქ ლურჯ ან შავ თეფშზე) და ა.შ; ვარჯიშს რაც შეეხება ზოგი გეუბნება რომ ყოველდღე 2 გაჩერებას თუ ფეხით გაივლი საკმარისია, ზოგი დღეში მინიმუმ 8 კილომეტრზე სირბილს გირჩევს, ზოგს სპორტული დარბაზი მიაჩნია ხსნად, ზოგი ცურვას ზოგი კი იოგას შემოგთავაზებს. საკმარისია გადაწყვეტილება მიიღო და მაშინვე გამოჩნდება უამრავი კეთილისმსურველი რომელიც შეეცდება შენი არჩევანის უარყოფითი მხარეები დაგანახოს: გეტყვიან რომ ვეგეტარიანლობა დამღუპველია იმიტომ რომ ხორცით მიღებულ ცილებს ვერაფერი ცვლის, ან იმას რომ შაქარზე უარის თქმა შენს გონებრივ შესაძლებლობებს დააქვეითებს, სირბილი თურმე მყესებს ვნებს, ცურვა მხრებს გაგიგანიერებს, სატრენაჟორო დარბაზში ჯანმრთელობისთვის მავნე ჩახუთულობაა, იოგა მხოლოდ „გაწელვებია“, მხოლოდ ფეხით სიარულით ვერ გახდები, ორსულობისას ვარჯიში მტერს და ავს... გაგიზიარებენ „ჩემი ერთი მეგობრის“ გამოცდილებას, „მეცნიერულად დამტკიცებულ“ ფაქტებს, აბსტრაქტული ექიმის მოცემულ რჩევას, უამრავ სანდო ან საეჭვო წარმოშობის სტატიას...
ამასობაში დრო გადის, იღლები და ხვდები რომ სხვების კომპეტენტური თუ დილეტანტური აზრების მოსმენაში საკუთარი აზრი, სურვილი და არჩევანი აღარ გახსოვს და თან ეს მისტიკური ჯანსაღი ცხოვრების წესიც არსად ჩანს. ბოლოს შეიძლება ხელიც ჩაიქნიო და თქვა არ ყოფილა საშველიო.
თუმცა გამოსავალი სულაც არ არის ასეთი რთული და თან რაც მთავარია ძალიან ახლოსაა; რჩევების მოსმენა და ინფორმაციის მოძიება კარგია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას შენს ნაცვლად ვერავინ მიიღებს. სწორი არჩევანი მხოლოდ შენშია, ჯანსაღ ცხოვრებას ვერავინ გაგიწერს და დაგიგეგმავს; ამ საკითხს რაც შეეხება საკუთარ თავზე უკეთეს მასწავლებელს ალბათ ვერასოდეს იპოვი. მიზეზი კი საოცრად მარტივია: თუ კონკრეტული მეთოდი ეფექტურია ერთისთვის, შეიძლება ნაკლებად შედეგიანი იყოს მეორესთვის; საკუთარ ორგანიზმს თუ ყურს დავუგდებთ ყველაზე უკეთესად მივხვდებით რა ჭირდება და რას გვთხოვს.
სულ რაღაც სამი თვეა რაც იოგათი დავკავდი. წარსულში თითქმის 8 წლის განმავლობაში ყოველდღე ვცურავდი დღეში რამდენიმე საათს და ამის გამო ე.წ. „სპორტულ ადამიანად“ ვითვლები, თუმცა იოგას პირველ გაკვეთილზე მისულს ცოტა არ იყოს შემრცხვა საკუთარი ფიზიკური სისუსტის და მოუქნელობის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მჯდომარე ცხოვრების წესის უარყოფით ეფექტებთან საბრძოლველად სატრენაჟორო დარბაზიც ვცადე და ქუჩაში სირბილიც, ვარჯიშის დროს კომფორტულად თავი მხოლოდ იოგას პრაქტიკისას ვიგრძენი. იმიტომ კი არა რომ ვინმეზე უკეთ გამომდის, უბრალოდ ამ დროს საშუალება მაქვს უკეთ მოვუსმინო ჩემს სხეულს, ვიგრძნო ყოველი კუნთი და მივხვდე რა არის საჭირო სუსტი მხარეების გასავითარებლად. მოკლედ, ჩემთვის იოგა გონების და სხეულის გაერთიანებაა, რომელიც სტიმულს მაძლევს მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე, ვიკვებო და ვიცხოვრო უფრო ჯანსაღად. ამ ყველაფერს ბონუსად უკეთესი განწყობა, ნაკლები სტრესი და მეტი თავდაჯერება მოჰყვება.
იოგა პირადად ჩემთვის საოცრად დროული, ეფექტიანი და რაც მთავარია სასიამოვნო პრაქტიკა აღმოჩნდა. როცა მეგობრები მეკითხებიან რატომ მოგწონსო, ვპასუხობ, რომ იოგა იმიტომ კი არ ავირჩიე რომ წონაში მაკლებინებს, ან სხეულს ამკვრივებს, ან უფრო მოქნილს მხდის, ან იმიტომ რომ „კარგი ტიპები“ დადიან არამედ იმიტომ, რომ ეს სწორედ ის პრაქტიკაა, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, მამშვიდებს და მიყვარს. და როგორც წესი, როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს სასურველი შედეგიც არ აყოვნებს.