ალესანდრო სიგისმონდიმ ახალი ვიდეო გადაიღო, რომელშიც მამაკაცი აშთანგა იოგას IV სერიას აკეთებს. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მაინც გაკვირვებული დავრჩი. ის ყვება, როგორ დაიწყო იოგას პრაქტიკა 38 წლის ასაკში, რომ მანამდე ეწეოდა, სვამდა და არაჯანსაღად იკვებებოდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. დღეს კი შესაშურ ფორმაშია.
ერთხელ, როდესაც იოგას გაკეთილს ვატარებდი, ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა (დაახლოებით 20 წლის ასაკის) მითხრა: თქვენთან შედარებით ლოკოკინასავით ვმოძრაობო. ოდნავ გამიკვირდა, რადგან მასობრივად მისი თანატოლებისგან ბევრად სუსტი არ იყო. პრობლემაც ის არის, რომ ლოკოკინობა და ჭიაყელობა მასობრივი პრობლემაა. ჩვენ, ყველას გარკვეული შესაძლებლობები გვაქვს, რაც ბუნებამ მოგვცა, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. ზოგიერთს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, თითქოს ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ამიტომ აქ საუბარია მხოლოდ შემთხვევებზე, რომელიც ე.წ. საოფისე, ჩაწოლილი, ნაკლებმოძრავი და არაჯანსაღი ცხოვრებით არის გამოწვეული. საუბარია იმ სიჯანსაღეზე, რომლის გაუმჯობესებაც შეგვიძლია და ჩვენს ხელშია. მხოლოდ ვირტუალური კუნთები საკმარისი არ არის და იოგას, თუნდაც ფიზიკური, პრაქტიკა ისეთი ცოცხალი ენერგიის მომცემია, რომ ვერაფერი შეცვლის.
მსმენია, რომ ზოგიერთ მამაკაცს იოგაზე სიარულის კომპლექსი აქვს, რადგან ქალები ჭარბობენ და სულელური სტერეოტიპი, რომ ეს მხოლოდ გაჭიმვებია, თავის დამშვიდება მგონია. რა თქმა უნდა ყველა სახეობაზე არა, მაგრამ აშთანგა საკმაოდ მასშტაბიანი სისტემაა და სხეულის მოქნილობასაც ხელს უწყობს, სიძლიერესაც და ბოლოს და ბოლოს სულიერი პრაქტიკაა. (შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო). ჰგონიათ, რომ დიდი კუნთები უშველით. ეს მეორე უკიდურესობაა, სადაც კასრებით იღებენ საკვებ დანამატებს და სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამ ყოველივეს სიჯანსაღე.
რაც ეხება ქალების კომპლექსებს, ამ სფეროში ნაკლები აქვთ. თუმცა არსებობს სხეულის სირცხვილის კომპლექსი (ხშირ შემთხვევაში ჭარბი წონით მან "მოწესრიგებულობით" გამოწვეული), რაც ასევე დიდ აბსურდად მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ეს ყველამ უნდა გადალახოს, რადგან წაგებული მხოლოდ თვითონ რჩება.
ისევ მინდა დავუბრუნდე ამ ვიდეოს, რომელშიც 45 წლის ადამიანი აშთანგა იოგას ასრულებს. ამ ადამიანს აღმოაჩნდა ნებისყოფა, რომ 7 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე სერიოზულად ემუშავა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იოგა თვითჩაღრმავებაც არის ფიზიკურთან ერთად.
ე.ი ჩვენც შეგვიძლია ქართველებს! რა, მასზე ნაკლები გვისვია თუ მოგვიწევია?! თუ მასზე ნაკლებად არაჯანსაღად ვიკვებებით?! :)
ამაში ალბათ დიდად არ ჩამოვუვარდებით, მაგრამ მან შეწყვიტა ეს და აირჩია ნამდვილი ჯანსაღი ცხოვრების წესი (იოგა) და ჩვენ?