შრი იოგენდრა (1897-1989) - ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან გატაცებული იყო ფიზიკური კულტურით, ჭიდაობით, ტანვარჯიშით და მოგვიანებით, კრიჩნამაჩარიასა და კუვალინანდასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა 'იოგას' იმ ფორმას, რაც დღეს არის პოპულარული და ცნობილი იოგას სახელით. როგორც ცნობილია იმ პერიოდში, როდესაც ინდოეთი ბრიტანეთის კოლონია იყო, ტანვარჯიში პოპულარული იყო. დასავლეთიდან შემოსულმა ბრიტანულ-სკანდინავიურმა ტანვარჯიშის და ბოდიბილდინგის პოპულარიზაციამ გააჩინა მოტივაცია, შექმნილიყო ინდური ნაციონალური ტანვარჯიშის ფორმა ჰათჰაიოგას ასანებისა და იმ პერიოდისთვის პოპულარული ფიზიკური კულტურის საფუძველზე. იოგას ამ ახალი ფორმის გაჩენის მიზეზად ევგენიკას ასახელებენ. ირონიულად ჟღერს, მაგრამ იოგენდრა ამერიკიდან სწორედ იმ მოტივით გააძევეს, რა მოტივითაც იგი იოგას პოპულარიზაციას ეწეოდა. ეს მოტივი იყო რასის გაწმენდა, მისი გაუმჯობესების მიზნით - „ამერიკა ამერიკულად უნდა დარჩეს". ამის შემდეგ შრი იოგენდრამ ყურადღება ინდოეთზე გადაიტანა და დააფუძნა მსოფლიოში ყველაზე ძველი იოგას ცენტრი - იოგას ინსტიტუტი, სადაც ადგილი ჰქონდა იოგას სამედიცინო საშუალებად ქცევის მცდელობას.