პრანაიამას (სუნთქვითი ვარჯიშების) დაწყება ასანების (პოზების) ათვისების შემდეგ არის მიზანშეწონილი?
ასეთი შეკითხვა ხშირია მათი მხრიდან, ვისაც იოგას პოზების გარდა სხვა კომპონენტებიც აინტერესებთ და შევეცდები გარკვეულ წყაროს დავეყრდნო.
1. «იოგა-სუტრას» თანახმად ასანები იოგას სისტემის მესამე კომპონენტია, ხოლო პრანაიამა მეოთხე. ყველა კომპონენტის ერთდროულად განხორციელება შეიძლება. თუ კომპონენტებს ისე აღვიქვამ, რომ მათი განხორციელება მკაცრად რიგითობით არის საჭირო, მაშინ ასანებით დაწყებაც არ გამოვიდოდა მიზანშეწონილი და იიამა-ნიამას პრინციპების სრულფით უნდა დაგვეწყო, რასაც მთელი ცხოვრება დასჭირდებოდა.
2. «ჰათაპრადიპიკას» თანახმად, რომელიც კომპილაციას წარმოადგენს და საყრდენი ტექსტია ჰათა-იოგას ტრადიციისა, პრანაიამა ასანების შემდგომ უნდა ისწავლებოდეს:
„2.1. როდესაც ასანები ათვისებულია დაე, იოგმა, რომელიც საკუთარ თავს ფლობს და დიეტას იცავს, გურუს ხელმძღვანელობით, პრანაიამა შეასრულოს."
——
ა) რა მნიშვნელობა აქვს პოზებს «იოგა-სუტრაში» და ჰათა-იოგაში?
სუტრაში ეს არის მხოლოდ სამედიტაციო (მჯდომარე) პოზები, ხოლო ჰათაში ეს არის 'სამედიტაციოც' და სხვა ვარჯიშებიც.
ბ) რა იგულისხმება ასანების ათვისებაში «იოგა-სუტრაში» და ჰათა-იოგაში?
პოზებში სხეულის მშვიდი და უძრავი მდგომარეობის მიღწევა. თუმცა ჰათა-პრადიპიკაში აგრეთვე წერია:
„1.57. ამგვარად, რჩეულმა იოგებმა, რომლებიც თავისუფლები არიან დაღლილობისგან, ასანებისა და ბანდჰების შესრულებისას ნადების (ენერგეტიკული არხების) გაწმენდა, მუდრები და პრანაიამა უნდა განახორციელონ."
გ) რა არის პრანაიამა?
«იოგა-სუტრას» მიხედვით პრანაიამა სუნთქვის შეკავება და კონტროლია, ხოლო ჰათა-იოგაში ამას სხვა სუნთქვითი ვარჯიშებიც ემატება.
——
დასკვნა: «იოგა-სუტრაში» პოზა არის ფორმალობა და კონკრეტული პოზები ჩამოთვლილი არ არის, საერთოდ არ არის აუცილებელი რომელიმე კონკრეტული პოზა იყოს, პანაიამის შესრულების დროს, გარდა იოგური პოზებისა, შესაძლოა ვიწვეთ ან სავარძელში ვისხდეთ. დამწყებსაც შეუძლია მარტივი პრანაიამა გააკეთოს იმ პოზებში, რომლებიც ათვისებული აქვს და შემდგომ გაართულოს ერთიც და მეორეც. სრულიად არ არის საჭირო და აუცილებელი ყველა ასანას ათვისება და ამის შემდგომ გადასვლა პრანაიამაზე.