ბრუმი: იოგა და ფეხბურთი ერთად - შესანიშნავია
(FIFA.com) 12 ივნისი, 2016
„ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. გრძნობთ თქვენს სხეულში შემავალ ენერგიას?“
ბოლო რამდენიმე დღეა მსგავსი ფრაზა ხშირად ისმის გერმანიის ეროვნული ნაკრების შტაბში, ქალაქ ევიანში, სადაც ნაკრები იმყოფება ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით. მიზეზი? 10 წელზე მეტია, რაც დამატებითი ყოველდღიური იოგას ვარჯიშები შესთავაზეს ბასტიან შვაინშტაიგერს, თომას მიულერს, მარიო გიოცეს და ნაკრების სხვა წევრებს. იგივე დღის წესრიგია საფრანგერთშიც, სადაც კვირა საღამოს, უეფა ევრო 2016-ის გახსნაზე გერმანია უკრაინას უნდა შეხვდეს.
„ფეხბურთი და იოგა ერთად - შესანიშნავია,“ აცხადებს FIFA.com-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში იოგას ინსტრუქტორი პატრიკ ბრუმი, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო გერმანიის და ფიფას მსოფლიო თასის ყველა ჩემპიონატზე. „ეს არის ძალიან კარგი დამატებითი გამოცდილება სპორტსმენის ორგანიზმისთვის, რათა მან გამოსცადოს თავისი სხეული სხვადასხვა მოძრაობებში, არა შეჯიბრობითობის კუთხით. გარდა ამისა, ეს არის კარგი საშუალება ტრავმების თავიდან ასაცილებლად. შეგვიძლია გავწელოთ და გავჭიმოთ კუნთები, რომლებიც ზედმეტად იძაბება და მოვახდინოთ მათი მოდუნება. ეს გვეხმარება ძალების აღდგენაში. ეს არის შესანიშნავი საშუალება განტვირთვისთვის. დიდ ტურნირებზე ყველა მოთამაშე წუწუნებს, რომ მათ უჭირთ დაძინება, რადგან დიდია დაძაბულობა. იოგა კი იძლევა საშუალებას, რომ მოკლე დროში თავი დასვენებულად ვიგრძნოთ.“
გერმანიისთვის ბრაზილიაში მეოთხე მსოფლიო თასის მიღება იყო თუ არა მისი მუშაობის შედეგი? „ეს იყო, რა თქმა უნდა, მოზაიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც შეკრა სრულყოფილი მთლიანი.“
ბრუმი, ნასწავლი და სერტიფიცირებული ფსიქოლოგი, ხელმძღვანელობს იოგას 3 სტუდიას მიუნხენში, მიუნხენის ბაიერნის რამდენიმე წევრი მისი სტუდიების მუდმივ ვიზიტორები არიან. ამას გარდა, მან ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩაატარა უამრავი სემინარი მსოფლიოს მასშტაბით.
„ერთხელ მოთამაშეს ვთხოვე ხელები თავს ზემოთ აეწია,“ ამბობს ბრუმი. „მან სცადა, მაგრამ ვერ შესძლო; მას უბრალოდ იმდენი კუნთი ჰქონდა, რომ უკვე აღარ შეეძლო ამის გაკეთება. თუმცა კატასავით მოქნილი ფეხბურთელებიც გვყავს. ასეთი კუნთებშებოჭილი მოთამაშეები კი თამაშიდან გავარდნენ,“ გვითხრა მან თვალის ჩაკვრით.
ბრუმისთვის ფეხბურთში აღიარების მოპოვება მარტივი არ ყოფილა. იყო ბევრი ცრურწმენა და სკეპტიციზმი და დღესაც ხდება რომ ეჭვის თვალით უყურებენ, როდესაც ის საუბრობს მის სამუშაოზე გერმანიის ნაკრებში. “დღეს მოთამაშეების უმრავლესობა სიხარულით და ენთუზიაზმით ერთვება ვარჯიშებში,“ აგრძელებს ბრუმი. „როდესაც ვმოგზაურობ გუნდთან ერთად და ვხვდები სხვადასხვა დელეგაციის წევრებს, ზოგჯერ მათ უკვირთ, რომ იოგას ინსტრუქტორიც პერსონალის წევრია. თუმცა ისიც ვიცი, რომ გერმანიაში, ინგლისსა და ესპანეთში ბევრ საფეხბურთო კლუბს უკვე ჰყავს იოგას ინსტრუქტორი.“
ეს იყო, რა თქმა უნდა, მოზაიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც შეკრა სრულყოფილი მთლიანი
იოგას ინსტრუქტორი პატრიკ ბრუმი იოგას წვლილზე ქვეყნის ნაკრების მიერ მეოთხე მსოფლიო თასის მიღებაში
იოგა ჩართეს ყოველდღიურ ვარჯიშებში ნახევრადპროფესიონალურ ფეხბურთშიც კი. გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ (DFB) ჩაწერა რამდენიმე ვიდეო ბრუმის მონაწილეობით, რათა ახალგაზრდა მოთამაშეებს სცოდნოდათ, თუ როგორ იზრუნონ საკუთარ სხეულზე ახალგაზრდობიდანვე და იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი კუნთები არ იქნება მოუქნელი.
ოლივერ ბიერჰოფის დამსახურებაა ბრუმის თანამშრომლობა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან. გერმანიის ყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც ოქროს გოლი გაიტანა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, პენსიაში გასვლის შემდეგ იოგათი დაკავდა, ამ დროს გაიცნო ბრუმი და როდესაც ის ეროვნული ნაკრების მენეჯერი გახდა, ბრუმიც თავისთან მიიწვია. „ბევრი ვარჯიში გამარტივებულია და მორგებულია ფეხბურთს; ეს ნიშნავს იმას, რომ მე არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მოთამაშეს ჰქონდეს ტრავმის მიღების რისკი,“ ამბობს ბრუმი. „ყველაფერი ეყრდნობა ფიზიოთერაპიას. ეს არის იოგა, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად სპორტსმენებისთვის.“
ბრუმის ფეხბურთში მისვლისას იურგენ კლინსმანი გერმანიის მთავარი მწვრთნელი იყო და საკმაოდ გავლენიანიც. „კლინსმანს აღმოაჩნდა სიმამაცე ეცადა ყველაფერი, რაც უკანასკნელ შესაძლებლობებსაც კი გამოწურავდა მოთამაშისგან,“ - ამბობს ბრუმი. „მას დასცინოდნენ, როდესაც რეზინის ლენტები გამოიყენა, ახლა ყველა მოყვარული კლუბიც კი იყენებს მსგავს ლენტებს. გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური პერსონალიდან კლინსმანს დღესაც დიდ პატივს სცემენ, რადგან მას ქონდა სიმამაცე და ძალა რომ დაენერგა ცვლილებები. მან გახსნა კარები.“
46 წლის ბრუმს დაევალება საფრანგეთში მყოფი გერმანიის მოთამაშეების განტვირთვა, რადგან მათ ტიტულისთვის უნდა იბრძოლონ. ხოლო ვისაც არ სჯერა იოგას ძალის, შეუძლია დააკვირდეს თუნდაც ერთ ფეხბურთელს, რომელიც განსაკუთრებით არის ჩართული ბრუმის ვარჯიშებში: მარიო გიოცე - ადამიანი, რომელმაც 2014 წლის 13 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან თამაშისას გამარჯვების გოლი გაიტანა.
http://www.fifa.com/live-scores/uefaeuro/news/newsid/280/106/6/index.html