ძირითადი ტერმინები, რომლებიც სახსრების მოქმედებებს აღწერენ, სხეულში არსებულ სახსართა უმრავლესობას შეესაბამებიან. ზოგიერთ ტერმინს ცალკეული სახსრისთვის სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს, ზოგიერთი ტერმინი კი ერთზე მეტი სახსრის მიმართ გამოიყენება, მაგრამ სხვადასხვა სახსრის მიმართ სხვადასხვა რამეს აღნიშნავს. სახსრების მოქმედებების ანატომიური განსაზღვრებებისთვის ხშირად სიბრტყეები გამოიყენება, რათა მოძრაობები აღიწეროს. სიბრტყე ორგანზომილებიანი ზედაპირია, ხოლო სამი ძირითადი სიბრტყე ერთმანეთს მართი კუთხით კვეთს. როდესაც სიბრტყეები იმგვარად არიან მიმართული, რომ ერთმანეთს სხეულის შუაში კვეთენ, მაშინ მათი მეშვეობით შეიძლება აღიწეროს სხეულის შიგნით ურთიერთობები (წინა და უკანა სხეულის საგიტალური ნაწილების ურთიერთობებს აღნიშნავენ) ან მოძრაობები (მოხრა და გაშლა სხეულის საგიტალურ მოძრაობებს აღნიშნავენ). ვერტიკალური სიბრტყე (იგივე კორონალური ან კარის სიბრტყე) სხეულს წინა და უკანა ნაწილებად ყოფს. ჰორიზონტალური სიბრტყე (იგივე ტრანსვერსული ან მაგიდის სიბრტყე) სხეულს ზედა და ქვედა ნაწილებად ყოფს. საგიტალური სიბრტყე (იგივე მედიანური ან ბორბლის სიბრტყე) სხეულს მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად ყოფს.
ზურგის სახსრების მოქმედებები
მოცემული ტერმინები მოქმედებებს აღწერენ, როდესაც ზურგის სახსები მოძრაობენ და მალები არტიკულირებენ ერთმანეთის მიმართ. ხერხემლის მოქმედებების დროს მისი ჩვეულებრივი ფორმა იცვლება, რაც იმისგან განსხვავებული მოძრაობაა, როდესაც თავად ხერხემალი მოძრაობს სივრცეში (როდესაც არტიკულაცია მენჯ-ბარძაყის სახსარში ხდება, მაგალითად, რომელიც ფეხის მოქმედებად ჩაითვლებოდა). საყოველთაოდ გამოყენებული, ჩვეულებრივი იოგას ენა, (მაგალითად, წინზნექი, უკანზნექი და ა.შ.) არაანატომიური აღწერილობაა, რომელიც შესაძლოა ზურგის მოძრაობასაც გულისხმობდეს სივრცეში ან ზურგის სახსრების მოქმედებასაც (ზურგის მოხრას ან გაშლას).
მოხრა — მოძრაობა საგიტარულ სიბრტყეში, რომლის დროსაც სხეულის წინა ზედაპირები ერთმანეთს უახლოვდება.
გაშლა — მოძრაობა საგიტარულ სიბრტყეში, რომლის დროსაც სხეულის წინა ზედაპირები ერთმანეთს შორდება.
ლატერალური მოხრა — მოძრაობა ვერტიკალურ ან კორონალურ სიბრტყეში, რომელიც ზურგს ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს ხრის.
შეტრიალება — ჰორიზონტალურ ან ტრანსვერსულ სიბრტყეში მოძრაობა, ხერხემლის ვერტიკალური ღერძის ირგვლივ:
- შებრუნება — ხერხემლის ყველა ნაწილი ერთიმიმართულებით შეტრიალდება.
- გრეხვა — ხერხემლის ერთი ნაწილი მეორე ნაწილის მიმართ საპირისპიროდ შეტრიალდება.
ღერძული გაჭიმვა — მოძრაობა ხერხემლის ვერტიკალური ღერძის გასწვრივ, რომელიც ხერხემალს აგრძელებს და საგიტარულ მრუდებს აქრობს.
ცირკუმდუქცია — მოძრაობა, რომელიც გაივლის სხეულის ღერძის სივრცის ირგვლივ, კონუსის ფორმას შემოხაზავს. რაც არ არის იგივე, რაც შეტრიალება.
კიდურების სახსრების მოქმედებები
მოცემული ტერმინები სახსრების მოქმედებებს აღწერენ, რომლებიც ზედა ან ქვედა კიდურებს ეხება და მხრის სარტყელსაც და მენჯსაც მოიცავენ. ისევე, როგორც ზურგის შემთხვევაში, აქაც არის განსხვავება, სახსარს ვამოძრავებთ სივრცეში, თუ სახსარში ხდება არტიკულაცია, რომელსაც სახსრის მოქმედება ეწოდება. (მაგალითად, როდესაც მთელ ხელს ვწევთ ჭერისკენ, იდაყვიც გადაადგილდება სივრცეში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მის არტიკულაციას.)
ყველა კიდურის მოქმედებები
სახსრების მოქმედებების ქვემოთ მოცემული აღწერა შესაძლოა, რომ სხვადასხვა სახსრის მოძრაობის გაღსაწერად იქნეს გამოყენებული. რომელი ძვლები მონაწილეობენ მოძრაობაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი სახსარი ატიკულირებს.
მოხრა — მოძრაობა, რომელშიც კიდურების წინა ზედაპირები ერთმანეთისკენ მოძრაობენ; გამომდინარე იქიდან, თუ რა პოზიციაში არის ზურგი, მენჯები და მხრები, ეს შესაძლოა ნებისმიერ სიბრტყეში მოხდეს. კიდურების სპირალური განვითარების გამო, რაც ემბრიონის მდგომარეობაში ყალიბდება, მუხლის, კოჭის და ტერფის სახსრების მოხრა, როგორც აღვიქვამთ, ფეხის უკანა ზედაპირების ერთმანეთისკენ მოძრაობაა.
გაშლა — მოძრაობა, რომელშიც კიდურების წინა ზედაპირები ერთმანეთისგან განიზიდებიან; ამ შემთხვევაშიც, გამომდინარე იქიდან, თუ რა პოზიციაში არის ზურგი, მენჯები და მხრები, ეს შესაძლოა ნებისმიერ სიბრტყეში მოხდეს. კიდურების სპირალური განვითარების გამო, რაც ემბრიონის მდგომარეობაში ყალიბდება, მუხლის, კოჭის და ტერფის სახსრების გაშლა, როგორც აღვიქვამთ, ფეხის უკანა ზედაპირების ერთმანეთისგან განზიდვაა.
შეტრიალება — კიდურის ღერძის ირგვლივ მოძრაობა; მენჯებში, მხრებსა და კიდურების დაბოლოებებში ეს მოქმედება შემდგომ აღწერილია, როგორც შიგნით (მედიალური) ან გაერთ (ლატერალური) შეტრიალება. შეტრიალებას ხელის მტევანში, ტერფში და წინამხარში თავისი სპეციალური სახელი აქვს (ეს მოგვიანებით იქნება აღწერილი).
აბდუქცია — კიდურის განზიდვა ტორსისგან ან შუა სიბრტყისგან. ამ მოქმედებას ხელის მტევანში, ტერფში და წინამხარში თავისი სპეციალური სახელი აქვს (ეს მოგვიანებით იქნება აღწერილი).
ადუქცია — კიდურის მიზიდვა ტორსისკენ ან შუა სიბრტყისკენ. ამ მოქმედებას ხელის მტევანში, ტერფში და წინამხარში თავისი სპეციალური სახელი აქვს (ეს მოგვიანებით იქნება აღწერილი).
ცირკუმდუქცია — მოძრაობა, რომელიც სახსრის ღერძის ირგვლივ სივრცეს მოხაზავს, რომელსაც კონუსის ფორმა აქვს. არ არ გახლავთ იგივე, რაც შეტრიალება.
ცალკეული კიდურების მოქმედებები
კიდურების ზოგიერთმა ნაწილმა შეიძლება ისეთი მოძრაობა შეასრულოს, რომელიც არ არის მოცემული ზემოთ ზოგადი ტერმინების ჩამონათვალში. ამ სახსრების მოქმედებებს აქვთ სახელწოდებები, რომლებიც სპეციალურად სხეულის რომელიმე ნაწილისთვის გამოიყენება (მაგალითად, პრონაცია და სუპინაცია, რომლებიც ტერფისა და წინამხრების ან სხივური გადახრა, რომელსაც მაჯის სახსარში ვხვდებით, — მოქმედებების აღსაწერად გამოიყენება). სხეულის ზოგიერთ ნაწილში სახსრების ზოგადი მოქმედებები, სხვა სახის მოძრაობას აღნიშნავენ, ვიდრე დანარჩენ კიდურებში. (ხელის მტევანში აბდუქცია მოქმედებას აღნიშნავს, როდესაც თითები შუა თითისგან განიზიდებიან,სხვა შემთხვევაში კი ეს ტერმინი სხეულის შუა ხაზის მიმართ განზიდვას აღნიშნავს.
ხელის მტევანი
შეტრიალება — ხელის მტევნის გრძელი ღერძის მიმართ შეტრიალებას ევერსია ეწოდება, იგი ხელის მტევნის გარეთა გვერდს მაღლა სწევს, ხოლო ინვერსია ეწოდება, როდესაც ხელის შიდა გვერდი მაღლა იწევა .
აბდუქცია — თითების განზიდვა მესამე თითისგან.
ადუქცია — თითების მიზიდვა მესამე თითისკენ.
სხივური დევიაცია — თითების მოძრაობა ხელის მტევნის სხივის (ცერის) მხარეს.
ულნარული დევიაცია — თითების მოძრაობა იდაყვის ძვლის (ნეკა თითის) მხარეს.
ოპოზიცია —ცერა და ნეკა თითების ერთმანეთისკენ მოძრაობა.
მაჯა
დორსალური მოხრა — მოძრაობა, როდესაც ხელის მტევნის ზურგსა და წინამხარს შორის კუთხე მცირდება. (ემბრიოლოგიური პერსპექტივიდან ეს გახლავთ მაჯის გაშლა.)
პალმალური (ხელის გულისკენ) მოხრა — მოძრაობა, როდესაც ხელის გულსა და წინამხარს შორის არსებული კუთხე მცირდება. (ემბრიოლოგიური პერსპექტივიდან ეს გახლავთ მაჯის მოხრა.)
სხივური დევიაცია ანუ აბდუქცია — ხელის მტევნის მოძრაობა წინამხრის სხივის ძვლის (ცერა თითის) მხარეს.
ულნარული დევიაცია ანუ ადუქცია — ხელის მტევნის მოძრაობა წინამხრის იდაყვის ძვლის (ნეკა თითის) მხარეს.
წინამხარი
როტაცია (შეტრიალება) — სხივისა და იდაყვის ძვლების შეტრიალებას, როდესაც ისინი ერთმანეთს კვეთენ, პრონაცია ეწოდება, ხოლო როდესაც შეტრიალების დროს სხივისა და იდაყვის ძვლები ერთმანეთს არ კვეთენ, სუპინაცია ეწოდება. (ხანდახან პრონაცია აღიწერება როგორც „ხელისგულის დადება“, ხოლო სუპინაცია — როგორც „ხელისგულის აწევა“, მაგრამ ეს პოზიციები ზუსტად ვერ აღწერენ ამ მომედებებს, რადგან იგივეს გაკეთება მხრის სახსრისა და ბეჭების ხარჯზეც შესაძლებელია.)
ლავიწი
აწევა — ლავიწის დისტალური დაბოლოების (განლაგებული უკან საგიტალური სიბრტყელისგან ) მოძრაობა ზემოთ, ვერტიკალურ სიბრტყეში.
დაწევა — ლავიწის დისტალური დაბოლოების (განლაგებული უკან საგიტალური სიბრტყელისგან ) მოძრაობა ქვემოთ, ვერტიკალურ სიბრტყეში.
ზემოთ შეტრიალება — ლავიწის შებრუნება მისი სიგრძივი ღერძის ირგვლივ, როდესაც ზედა ზედაპირი უკან შეტრიალდება.
ქვემოთ შეტრიალება — ლავიწის შებრუნება მისი სიგრძივი ღერძის ირგვლივ, როდესაც ზედა ზედაპირი წინ შეტრიალდება.
პროტრაქცია — ლავიწის დისტალური დაბოლოების მოძრაობა წინ, როგორც წესი, თან ახლავს ბეჭის პროტრაქციაც.
რეტრაქცია — ლავიწის დისტალური დაბოლოების მოძრაობა უკან, როგორც წესი, თან ახლავს ბეჭის რეტრაქციაც.
მხარი (მხრის სახსარი)
მოხრა — მხრის საგიტალური მოძრაობა სივრცეში, წინ.
გაშლა — მხრის საგიტალური მოძრაობა სივრცეში, უკან.
აბდუქცია — მხრის მოძრაობა ტორსის გასწვრივ სხეულის საპირისპიროდ, გვერდის გახსნა.
ადუქცია — მხრის მოძრაობა აბდუქციის პოზიციიდან სხეულის გვერდისკენ.
ჰორიზონტალური აბდუქცია — მხრის სხეულის წინ მოხრილი მდგომარეობიდან გვერდის საპირისპიროდ მოძრაობა და სხეულისგან დაშორება.
ჰორიზონტალური ადუქცია — მხრის მოძრაობა სხეულის გვერდით აბდუქციის მდგომარეობიდან სხეულის წინ მოხრილ მდგომარეობაში.
პროტრაქცია — მოძრაობა, რომელიც მხრის ძვლის თავს წინ გასწევს საგიტალურ სიბრტყეში.
რეტრაქცია — მოძრაობა, რომელიც მხრის ძვლის თავს უკან გასწევს საგიტალურ სიბრტყეში.
ბეჭი
აწევა — ბეჭის ზემოთ აწევა ვერტიკალურ სიბრტყეში.
დაწევა — ბეჭის ქვემოთ დაწევა ვერტიკალურ სიბრტყეში.
ზემოთ ანუ ლატერალური შებრუნება — ბეჭის შებრუნება ვერტიკალურ სიბრტყეში, ისე, რომ სახსრის ფოსო ზემოთ იქნეს მიმართული და ქვედა კუთხე მოძრაობს ლატერალურად გვერდზე.
ქვემოთ ანუ მედიალური შებრუნება — ბეჭის შებრუნება ვერტიკალურ სიბრტყეში, ისე, რომ სახსრის ფოსო ქვემოთ იქნეს მიმართული და ქვედა კუთხე მოძრაობს მედიალურად ხერხემლისკენ.
აბდუქცია ანუ პროტრაქცია — მოძრაობა ჰორიზონტალურ სიბრტყეში ხერხემლისგან დაშორებით, რომელიც ბეჭის სხეულის წინა ნაწილისკენ შეხვევით სრულდება.
ადუქცია ანუ რეტრაქცია — მოძრაობა ჰორიზონტალურ სიბრტყეში ხერხემლისკენ, როდესაც მოძრაობა ბეჭების ერთმანეთისკენ, უკან შეწევით სრულდება.
ტერფი
შებრუნება — შებრუნებას ტერფის გრძელი ღერძის ირგვლივ, როდესაც გარე გვერდი მაღლა იწევა, ევერსია ეწოდება, ხოლო, როდესაც შიდა გვერდი იწევა მაღლა — ინვერსია.
აბდუქცია — ტერფის წინა ნაწილის ლატერალური გვერდისკენ (ნეკა თითის მხარეს) მოძრაობა ქუსლის მოძრაობის გარეშე; თითების განზიდვა მეორე თითისგან.
ადუქცია — ტერფის წინა ნაწილის მედიალური გვერდისკენ (ცერა თითის მხარეს) მოძრაობა ქუსლის მოძრაობის გარეშე; თითების მიზიდვა მეორე თითისკენ.
პრონაცია და სუპინაცია — ტერფის შემთხვევაში, პრონაცია ხანდახან განიხილება, როგორც ევერსია, ხანდახან კი — როგორც ევერსიის და აბდუქციის კომბინაცია. ასევე, სუპინაციაც, ტერფის შემთხვევაში, განიხილება, როგორც ინვერსია, ხანდხან კი — როგორ ინვერსია და ადუქცია ერთად.
კოჭი
პლანტარული (ტერფის ლანჩასმხრივი) მოხრა — მოძრაობა, როდესაც კუთხე ტერფის ლანჩასა (პლანტარული ზედაპირი) და ფეხის უკანა ნაწილს შორის მცირდება. ტერფის გაშვერა. (ემბრიოლოგიური პერსპექტივიდან, ეს, აგრეთვე, კოჭის მოხრა გახლავთ.)
დორსალური (ზურგისმხრივი) მოხრა — მოძრაობა, როდესაც კუთხე ტერფის ზედა ნაწილისა (დორსალური ზედაპირი) და ფეხის წინა ნაწილს შორის მცირდება. (ემბრიოლოგიური პერსპექტივიდან, ეს კოჭის გაშლა გახლავთ.)
მენჯი
ნუტაცია — გავის ძვლის მოძრაობა მენჯის ძვლებისგან განცალკევებულად ისე, რომ გავის ძვლის ზედა ნაწილი წინ იყოს მიმართული, ან თავდახრილი და გავის ძვლის ქვედა ნაწილი (კუდუსუნის ძვალთან ახლოს) გაშვერილი იყოს უკან. ეს გახლავთ მოძრაობა გავა-მენჯის სახსარში, გავის ძვალსა და მენჯის ძვალს შორის და არა თავად მენჯის მოძრაობა (რაც იქნებოდა მენჯის წინ ან უკან გაწევა მენჯ-ბარძაყის ან წელის სახსრებში).
კონტრნუტაცია — გავის ძვლის მოძრაობა ისე, რომ გავის ძვლის ზედა ნაწილი უკან იყოს მიმართული და გავის ძვლის ქვედა ნაწილი (კუდუსუნის ძვალთან ახლოს) მიმართული იყოს წინ. ეს არის გავა-მენჯის სახსრის მოძრაობა, გავისა და მენჯის ძვლების ურთიერთმიმართებით და არა თავად მენჯის მოძრაობა (რაც იქნებოდა მენჯის წინ ან უკან გაწევა მენჯ-ბარძაყის ან წელის სახსრებში).