„დეტოქსი“ არ არსებობს. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს სისულელეა. სწორი კვება და ვარჯიში ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა. თუმცა იმის გასარკვევად, თუ რამდენად იძლევა კვების პოპულარული რეჟიმები რაიმე შედეგს, შეგვიძლია ფაქტები შევაფასოთ.

რთულია არ ჩაგითრიოს დეტოქსის ინდუსტრიამ, რომლის რეკლამირებაც კიტრიანი წყლით ან ბოსტნეულის გროვასთან მჯდარი მოდელებით ხდება. კალორიული „ცოდვების“ ჩამორეცხვის იდეა მიმართულია იმ დაბინძურების წინააღმდეგ, რასაც სწრაფი კვების პროდუქტებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ჩვენს ყოველდღიურობაში იწვევს. თუმცა, სანამ წვენსაწურს გამოიღებთ ან კუჭის გამორეცხვის კლინიკური პროცედურის ჩასატარებლად გაეშურებით, მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ დეტოქსი, რომელიც ორგანიზმიდან სიბინძურის გამორეცხვას და შინაგანი ორგანოების გასუფთავებას გულისხმობს, თაღლითობაა. ეს ფსევდო-სამედიცინო კონცეფციაა, რომელიც გარკვეული პროდუქტების გასაღებისკენ არის მიმართული.

„მეტი სიცხადისთვის,“ — გვიყვება ექსეტერის უნივერსიტეტის ალტერნატიული მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი ედზარდ ერნსტი, — „დეტოქსის ორი სახეობა არსებობს, მათ შორის ერთი სანდოა, მეორე კი — არა. სანდო სახეობა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო პროცედურებს მოიაზრებს. ხოლო, მეორე კი, არაკეთილსინდისიერი მეწარმეებისა და შარლატანების მიერ ყალბი სამკურნალო საშუალებების გაყიდვის მცდელობაა, რომლებიც, მათი თქმით, სხეულს დაგროვილი ტოქსინებისგან წმენდს.  ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინების გამოყოფა რომ არ შეეძლოს, სავარაუდოდ დაიღუპებოდით ან სერიოზული სამედიცინო ჩარევა დაგჭირდებოდათ. ერნსტი ამბობს: „ჯანსაღ სხეულს აქვს თირკმელები, ღვიძლი, კანი და ფილტვები, რომლებიც დეტოქსიკაციას ახორციელებენ, ამ მომენტშიც კი, როცა ვსაუბრობთ. არ არსებობს საშუალება (მათ შორის დეტოქს პროცედურები), რომელიც ჯანმრთელ ორგანიზმს დაეხმარება უკეთ გააკეთოს ის, რასაც ისედაც კარგად აკეთებს“.

დეტოქსის შესახებ საუბრები მთლიანად აგებულია „ტოქსინებზე“: მომწამვლელ ნივთიერებებზე, რომელსაც საკვების მიღების ან სუნთქვისას იღებ. თუმცა, გაუგებარია, თუ რას წარმოადგენენ ეს ტოქსინები. მათი სახელები რომ ვიცოდეთ, შევძლებდით მათ გაზომვას მკურნალობამდე და მის შემდეგ, მისი ეფექტურობის დასადგენად. 2009 წელს, გაერთიანებულ სამეფოში მოქმედმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ „Sense about Science“ მეცნიერთა ქსელი მოიწვია, რომელიც აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში განთავსებული 15 დეტოქს-პროდუქტის მწარმოებელს დაუკავშირდა. მათ შორის იყო დიეტური საკვები დანამატები, სმუზი და შამპუნი. როდესაც მეცნიერებმა დეტოქსიფიკაციის მტკიცებულებებზე დაფუძნებული განმარტება მოითხოვეს, ვერც ერთმა მწარმოებელმა ვერ ახსნა, თუ რას გულისხმობდნენ დეტოქსიფიკაციაში ან ტოქსინებში.

მიუხედავად ამისა, ჯანსაღი კვების მაღაზიების თაროები სავსეა პროდუქციით, რომლის შეფუთვაზეც სიტყვა „დეტოქსი“ იკითხება — ეს მანქანაზე მაღალი სიჩქარის აღმნიშვნელი სტიკერების დაკვრის მარკეტინგული ექვივალენტია. შეგიძლიათ შეიძინოთ დეტოქს აბი, სუსპენზია, ჩაი, სახის ნიღაბი, აბაზანის მარილი, სავარცხელი, შამპუნი, სხეულის გელი და თმის გასასწორებელი საშუალებაც კი. ხშირად დეტოქსს გვპირდებიან იოგას, მდიდრული დასვენებისა და მასაჟის საშუალებით. 7-დღიანი დეტოქს დიეტის დაცვის შედეგად, შეიძლება, წონაში დაიკლოთ, თუმცა ეს არაფერ შუაშია ტოქსინებთან, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ერთი კვირა იშიმშილეთ.

ამას გარდა, არსებობს კუჭის გამორეცხვაც. მისი მომხრეები გვარწმუნებენ, რომ განავლის ნადები თვეობითა და წლობით რჩება მსხვილ ნაწლავში და ორგანიზმში დაავადების გამომწვევ ტოქსინებს აბრუნებს. მცირე თანხის სანაცვლოდ, ისინი გამოგირეცხავენ სწორ ნაწლავს და გაგათავისუფლებენ ამ ტოქსინებისგან. მათდა სამწუხაროდ და თქვენდა საბედნიეროდ, ეს მითიური ნადები არც ერთ ექიმს არ უნახავს. მეტიც, ისინი გვაფრთხილებენ რომ ამ პროცედურამ, შეიძლება, ნაწლავის პერფორაცია გამოიწვიოს.

სხვა ტაქტიკები კიდევ უფრო მავნეა. მსხვილი ნაწლავის გამწმენდი ზოგიერთი ტაბლეტი პოლიმერიზაციის აგენტს შეიცავს, რომელიც ადამიანის განავალს პლასტმასის მსგავს ნივთიერებად გარდაქმნის, რაც პროდუქტის ეფექტურობის ილუზიას ქმნის. ტერფის დეტოქს პლასტირები ერთ ღამეში ფერს იცვლის და ყავისფერი ხდება, რაც, მწარმოებლების თქმით, ორგანიზმიდან გამოდევნილი ტოქსინებია. თუმცა, სინამდვილეში ეს მხოლოდ და მხოლოდ ნივთიერებაა, რომელიც ფერს იცვლის, როდესაც ოფლში შემავალ წყალთან შედის რეაქციაში.

„ეს სკანდალია“, — აცხადებს ერნსტი. — „ეს გულუბრყვილო ადამიანების ექსპლუატაციის დანაშაულებრივი სქემაა, რომელიც გვპირდება იმას, რაც ყველას გვინდა მივიღოთ: მარტივი გამოსავალი, რომელიც გვათავისუფლებს წარსული «ცოდვებისგან». კარგი იქნებოდა, ასეთი რამ რომ არსებობდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია“.

დეტოქსიფიკაციის იდეა იმდენად ბუნდოვანია, რომ მასზე ეჭვიც კი ცოტას უჩნდება. „ადამიანების უმეტესობა სიტყვა დეტოქსს მძიმე უქმეების შემდეგ იყენებს. ამ შემთხვევაში, ალკოჰოლისგან დეტოქსიფკაცია სწორი არჩევანია. ცხადია, სჯობს გარკვეული პერიოდით ალკოჰოლზე უარი თქვათ,“ — ამბობს სენტ ჯორჯის საავადმყოფოს ჯანდაცვის ეროვნული მომსახურების (NHS) დიეტოლოგი ქეთრინ კოლინსი. — „ეს საშუალებას მოგცემთ გადააფასოთ ალკოჰოლის მიღების ჩვევები, იმ შემთხვევაში თუ ზედმეტს მოიხმართ. თუმცა, თავად ღვიძლის «გაწმენდის» იდეა სისულელეა.“

ღვიძლი ალკოჰოლს ორ-ეტაპიანი პროცესის მეშვეობით შლის. ღვიძლის ფერმენტები ალკოჰოლს მომწამვლელ ნივთიერებად, აცეტალდეჰიდად გარდაქმნიან, რომელიც ღვიძლის უჯრედებს აზიანებს. შემდეგ, ის თითქმის მყისიერად გარდაიქმნება ნახშიროჟანგად და წყლად, რომელიც ორგანიზმიდან გამოიდევნება. ზომაზე მეტი ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება ზედმეტად დატვირთოს ფერმენტები, რაც აცეტალდეჰიდის დაგროვებასა და ღვიძლის დაზიანებას იწვევს. ალკოჰოლის ზომიერად და იშვიათად მოხმარებას კი, შეიძლება, დამცავი ეფექტიც კი ჰქონდეს. მოსახლეობის კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც ალკოჰოლს ჭარბად, ან სულ არ მოიხმარენ, უფრო მოკლეა ვიდრე მათი, ვინც ზომიერად და იშვიათად სვამს.

„ვიცით, რომ მცირე ოდენობით ალკოჰოლი სასარგებლოც შეიძლება იყოს“, — ამბობს კოლინსი. — „ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მისი სედატიური ეფექტით, რომელიც განტვირთვაში გვეხმარება; ან იმითაც, რომ ის ღვიძლის გამწმენდ ფერმენტებს ამუშავებს და მათ სხვა ტოქსინებთან ბრძოლისუნარიანობას უნარჩუნებს. სწორედ ამიტომ, სამთავრობო სახელმძღვანელო მითითებები არასოდეს ამბობენ «არ დალიოს»; არამედ, გვირჩევენ «დალიეთ, თუმცა ზომიერად». თითქოს, ის, რაც არ გვკლავს, გვკურნავს.“

იგივე ეხება „სუპერ საკვები“ დეტოქს სალათის მთავარ გმირს, ბროკოლს. ბროკოლი ეხმარება ღვიძლს, თუმცა მისი „სუპერ საკვების“ იმიჯისგან განსხვავებით, ის გმირი ნამდვილად არ არის. ბროკოლი, ისევე როგორც მდოგვისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები, როგორიცაა ბრიუსელის კომბოსტო, მდოგვი, კომბოსტო — ციანიდს შეიცავს. მისი მიღებისას, ალკოჰოლის მსგავსად, მცირე ოდენობით მომწამვლელ ნივთიერებას ვიღებთ, რომელიც ეხმარება ღვიძლის ფერმენტებს უკეთ ებრძოლონ სხვა შხამებს.

კოლინსს სასაცილოდ არ ყოფნის „სუპერ საკვების“ იდეა. „ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ სრულიად უნდა აკრძალონ ან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საკვების გარკვეულ ჯგუფებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალური „დეტოქსი“ მოწევისგან თავის შეკავებას, ვარჯიშს და ხმელთაშუა ზღვის დიეტის მსგავს კვებას ნიშნავს.“

თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ხმელთაშუა ზღვის დიეტა. წითელ კუბოკრულ სუფრაზე გაშლილი ხორცეული, თევზეული, ზეთისხილის ზეთი, ყველი, სალათები, მთლიანი მარცვლის პური, თხილი და ხილი. ეს საკვები გვაძლევს ცილას, ამინომჟავებს, უჯერ ცხიმებს, უჯრედისს, სახამებელს, ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც სავსებით საკმარისია ჩვენი სხეულისა და იმუნური სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის.

თუ ექიმი მსგავს მრავალფეროვან კვებას გვირჩევს, რატომ ვსჯით საკუთარ თავს? იქნებ დეტოქსი ჩვენს გენეტიკურ კოდშია; უძველესი რელიგიებიც ხომ მისდევდნენ მარხვისა და განწმენდის პრაქტიკას. სამეცნიერო აღმოჩენებმა ავი სულები ტოქსინებით ჩაანაცვლა და ახლა მათგან გათავისუფლებას ვცდილობთ.

ლონდონელი ფსიქოლოგი, სუზენ მარჩანტ-ჰეიკოქსი ასე არ ფიქრობს. „აზრი არ აქვს დეტოქსის დაკავშირებას უძველეს რელიგიურ პრაქტიკებთან“ — ამბობს იგი. — „უნდა დავაკვირდეთ უახლესი ისტორიის სოციალურ სტრუქტურებს. 70-იანებში გამოჩნდა უამრავი სავარჯიშო დარბაზი, რასაც მოჰყვა სილამაზისა და დიეტის ინდუსტრიის ზრდა; ადამიანებმა გაიგეს საკვების სხვადასხვა კატეგორიებზე და ჯგუფებზე. დეტოქსის ინდუსტრიაც სწორედ ამ პროცესს ეხმიანება. მასში უამრავი ადამიანი საკმაოდ დიდ თანხებს შოულობს.“

City University London-ის ფსიქოლოგიის პროფესორი პიტერ ეიტონი ეთანხმება კოლინსს. ის თვლის, რომ ჩვენ ასეთი ხრიკებით ადვილად ვტყუვდებით, იმიტომ რომ ჩვენს საუკუნეში იმდენად დიდი მოცულობის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რომ გვირჩევნია პასუხისმგებლობა მათ გადავულოცოთ, ვისაც უკეთ ესმით კონკრეტული საკითხი. „შამპუნის მოქმედების გასააზრებლადაც დოქტორის ხარისხი უნდა გქონდეს ბიოქიმიაში,“ — ამბობს იგი, — „ეს კი ადამიანების უმეტესობას არ აქვს. თუ რაიმე გონივრულად და რეალისტურად გვეჩვენება და მას ნაცნობ კონცეფციასთან ვაკავშირებთ, როგორიცაა დეტოქსი, მაშინ მას სიხარულით ვთანხმდებით.“

სამომხმარებლო გადაწყვეტილებების უმეტესობა არაინფორმირებულია და უცოდინრობასა და ვარაუდებს ეფუძნება. „ადამიანები თვლიან, რომ ქვეყანა საგულდაგულოდ არის რეგულირებული და  არსებობენ ინსტიტუციები, რომლებიც მათ შეცდომებისგან იცავენ. მარკეტინგული ხრიკების უმეტესობა, ფარულად, სწორედ ამ ფაქტს ემყარება. შესაბამისად, როდესაც ერთი შეხედვით კვალიფიციურ ადამიანს ვხედავთ, გვგონია, რომ სანდო ექიმს ვუსმენთ და მის რჩევას ვენდობით“.

ერნსტი ასეთი მიმტევებელი არ არის: „სავაჭრო სტანდარტები ამას ვერ უმკლავდებიან. ყველა, ვინც დეტოქს მკურნალობას გვთავაზობს, სინამდვილეში თაღლითია. თაღლითებთან ბრძოლა კი მეცნიერებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოვალეობა არ არის.“ — ამბობს იგი.

წყარო theguardian

ავტორი: 

თარგმანი —  ნანუკა გამყრელიძე