ხშირად გადავაწყდებით მოსაზრებას, რომ იოგა 5 000 წლის არის და მისი ფესვები ჰარაპის ცივილიზაციაშია. ეს იყო უძველესი ცივილიზაცია მდინარე ინდის ხეობაში (დღევანდელი ჩრ. ინდოეთის, ავღანეთის და ტიბეტის ტერიტორია) ეგვიპტისა და შუმერული ცივილიზაციების პარალელურად.
რატომ მიიჩნიეს, რომ იოგა ჰარაპის ცივილიზაციაში გაჩნდა 5 000 წლის წინ?
1931 წელს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა თიხის ბეჭედი (იხილეთ ფოტო), სადაც მამაკაცია გამოსახული და ავტორიტეტად მიჩნეულმა არქეოლოგმა - სერ ჯონ მარშალმა თავის კვლევაში გამოთქვა მოსაზრება, რომ აღოჩენილი ფიგურა ღვთაება შივას პროტოტიპია და ასეთი ჯდომა იოგურ პოზას ასახავსო. ამ მოსაზრებას მეცნიერების დიდი ნაწილი დაეთანხმა, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, რომ ნიშნავს თუ არა ფეხმორთხმული ჯდომა იმას, რომ უთუოდ იოგასთან გვაქვს საქმე?
ლოტოსის პოზა ან გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა იოგას სიმბოლო იყო?
როგორც კვლევემა აჩვენა, ამ პერიოდში ასეთი ჯდომა ასახავდა სამეფო წარმომავლობას, არისტოკრატულობას და არა სულიერ პრაქტიკას. მჯდომელა პოზებში გამოსახული ღვთაებები თუ ადამიანები იმავე პერიოდში გვხვდებოდა სხვა ცივილიზაციებშიც. მეფე ანუ ბატონი ზის, ხოლო მსახური დგას ან მუშაობს.
მაშ, რატომ არის ლოტოსის პოზა მედიტაციის სიმბოლო?
არათუ 5 000 წლის წინ, არამედ, როგორც ვიცით, ალექსანდრე დიდის ინდოეთში ლაშქრობების პერიოდშიც კი ბერძნულ წყაროებში აღწერილია ინდოელი ასკეტები და სულიერი პრაქტიკოსები, სადაც ისინი სულიერ პრაქტიკას ხან ფეხდგომელა, ხან ცალ ფეხზე, ხან დაწოლილი მდგომარეობაშიც ასრულებდნენ და არც ერთი წყარო არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ დროს სულიერი პრაქტიკისთვის მაინცდამაინც მჯდომელა პოზიცია უნდა ყოფილიყო შესაფერისი.
როდის ჩნდება ლოტოსის პოზა მედიტაციის სიმბოლოდ?
ეს დაახოებით პირველ საუკუნეში მოხდა, როდესაც სპილენძის მონეტაზე მჯდომელა ბუდა გამოსახეს. როგორც ვარაუდობენ, ბუდა მჯდომელა მდგომარეობაში იმიტომ კი არ გამოსახეს, რომ ასე მედიტირებდა, არამედ იმიტომ, რო სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო. მას შემდეგ კი მჯდომელა პოზიცია სულიერ პრაქტიკასთან არის გაიგივებული.
შესაბამისად, 1931 წელს აღმოჩენილი თიხის ფიგურა ვერ ადასტურებს იმას, რომ იოგა 5 000 წლის წინ იყო, ხოლო ამ ფიგურის გარდა სხვა მტკიცებულება დღესდღეობით არ არსებობს.
ის, რაც დანამდვილებით ვიცით, ეს არის, რომ იოგა როგორც სისტემა 2500 წლის წინ არსებობდა და ამის წერილობითი წყაროებიც გვაქვს. ეს არ გამორიცხავს, რომ იოგა მანამდეც ყოფილიყო ზეპირსიტყვიერი ფორმით, მაგრამ მტკიცებულების გარეშე ეს მხოლოდ ვარაუდია. ამიტომ დღევანდელი მეცნიერები იოგას 2 500 წლიან რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, არასისტემური სახით იოგას ელემენტები რამდენიმე საუკუნით უფრო ადრეც არსებობდა, მაგრამ ეს არ არის სისტემა, როგორც გააზრებული მთლიანობა.
გიორგი ბერძენიშვილი
როდის გაჩნდა იოგა?
ხშირად გადავაწყდებით მოსაზრებას, რომ იოგა 5 000 წლის არის და მისი ფესვები ჰარაპის ცივილიზაციაშია. ეს იყო უძველესი ცივილიზაცია მდინარე ინდის ხეობაში (დღევანდელი