კრიშნა პატტაბჰი ჯოისი (26 ივლისი, 1915 - 18 მაისი, 2009) ინდოელი იოგას მასწავლებელი იყო. მან დააფუძნა პოპულარული და ტანვარჯიშის სტილის იოგას სისტემა სახელწოდებით აშთანგა ვინიასა იოგა, ან აშთანგა იოგა. 1948 წელს, ინდოეთში, ქალაქ მაისორში ჯოისმა დააარსა აშთანგა იოგას კვლევითი ინსტიტუტი (შრი კ. პატტაბჰი ჯოისის აშთანგა იოგას ინსტიტუტი).
ადრეული წლები და განათლება
ჯოისი 1915 წლის 26 ივლისს (გურუ პურნიმა, სავსემთვარეობის დღეს) სოფელ კაუშიკაში დაიბადა (სამხრეთ ინდოეთი).
ჯოისის მამა ასტროლოგი, სასულიერო პირი და მიწათმფლობელი იყო. ის თავის შვილს 5 წლის ასაკიდან ასწავლიდა სანსკიტსა და რიტუალებს, ისევე როგორც სწავლობდნენ ყველა ბრაჰმანის შვილები. მის გარდა მისი ოჯახიდან იოგა არავის უსწავლია, ინტერესიც კი არ ჰქონიათ.
1927 წელს, როდესაც ჯოისი 12 წლის იყო, ტ. კრიშნამაჩარიას ლექციას და მის დემონსტრაციას დაესწრო და მეორე დღესვე მისი მოსწავლე გახდა. ორი წლის მანძილზე, ყოველდღიურად ეწეოდა იოგას პრაქტიკას თავის მასწავლებელთან ერთად. მას არასდროს უთქვამს თავისი ოჯახისთვის, რომ იოგას მისდევდა ის დგებოდა ადრე, ჯერ მიდიოდა იოგს პრაქტიკისთვის და შემდეგ კი სკოლაში.
1930 წელს, ჯოისი გაიქცა სახლიდან და სანსკრიტის სასწავლებლად მაისორს მიაშურა. თან მხოლოდ 2 რუპია ჰქონდა. დაახლოებით ამავე პერიოდში კრიშნამაჩარიაც გაემგზავრა ჰასსანში, რათა ესწავლებინა სხვებისთვის. ხოლო ორი წლის შემდეგ კი მაისორში გაემგზავრა, სადაც მას ჯოისი შეუერთდა. ბ.კ.ს. აიანგარის თანხმად, სანსკრიტ პათშალაში ჯოისს მიეცა ასანების სწავლების უფლება. აქ იყო გახსნილი კრიშნამაჩარიას იოგას სკოლა (1933). ამ დროს, მაისორის მაჰარაჯა კრიშნა რაჯენდრა ვოდიაერი სერიოზულად იყო სნეული და მისი განკურნება ვერ ხერხდებოდა. სწორედ ამ დროს კრიშნამაჩარიამ მოახერხა მისი განკურნება იოგას მეშვეობით, რის შემდეგაც მაჰარაჯამ მფარველობა აღუთქვა კრიშნამაჩარიას და მისთვის ჯაგანათჰა პალასში იოგას სკოლა დააფუძნა. ჯოისი ხშირად ახლდა კრიშნამაჩარიას დემონსტრაციის დროს. ჯოისი ამბობდა, რომ 1927- დან — 1953 -მდე სწავლობდა კრიშნამაჩარიასთან და შემდგომში ასწავლიდა სწორედ ისეთივე ასანების სისტემის მიხედვით, როგორც გადმოსცა მასწავლებელმა. მან განაცხადა, რომ ბ.კ.ს აიანგარი მისი მოსწავლე იყო, თუმცა აიანგარმა თავად უარყო ეს ფაქტი.
კარიერა
ჯოისი ამტკიცებდა, რომ მისი აშთანგა ვინიასა იოგას სისტემა ძველ ტექსტს სახელად იოგა კარუნტას ეფუძნებოდა, თუმცაღა მას ეს ტექსტი პირადად წაკითხული არ ჰქონდა. „იოგა კარუნტას" აუთენტიკურობა საეჭვოა, ამიტომ მისი ამ მტკიცების გადამოწმება შეუძლებელია.
ჯოისი დარჩა მაისორში და ახალგაზრდა ქალზე, სავიტრამმაზე იქორწინა. ქორწინება სავსე მთვარეობას, 1933 წელს შედგა, როდესაც ჯოისი 18 წლის იყო. 1948 წელს, მათ ჯოისის სტუდენტების დახმარებით შეიძინეს სახლი, სადაც ცხოვრობდნენ თავიანთ შვილებთან: სარასვატი, მანჯუ და რამეშთან ერთად.
ის ასწავლიდა იოგას მაჰარაჯას სანსკრიტის კოლეჯში 1937-1973 წლებში და 1956 წელს მიიღო ვიდვანის (პროფესორის) წოდება. ასევე მიანიჭეს იოგას საპატიო პროფესორის წოდება ინდოეთის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯში (1976-1978). ის ასწავლიდა იქ 1973 წლამდე, სანამ მთლიანად არ გადაერთო საკუთარ იოგას სკოლაში სწავლებაზე. მან შეისწავლა ისეთი ტექსტები, როგორებიცაა: პატანჯალის იოგა დარშანა, ჰათჰა იოგა პრადიპიკა, იოგა ვაჯნავალკია და უპანიშადები. 1948 წელს დააფუძნა აშთანგა იოგას კვლევითი ინსტიტუტი თავის ახალ სახლში, ლაქშმიპურამში.
1964 წელს, ბელგიელი ანდრე ვან ლისებეტმა (1919-2004) ორი თვე გაატარა პატტაბჰი ჯოისთან და აშთანგა ვინიასა იოგას სისტემის საწყისი და შუალედური სერიები შეისწავლა. ცოტა ხნის შემდეგ, მან დაწერა წიგნი სახელწოდებით ჯაპპრენდს ლე იოგა (1967, ინგლისური სახელწოდებით: იოგას სახელმძღვანელო), რომელშიც ნახსენები იყო ჯოისი და მისი მისამართი. ეს იყო ნიშანი დასავლელებისთვის, რათა დაეწყოთ მაისორში ჩასვლა და იოგას შესწავლა. მის მოწაფეთა რიცხვში იყვნენ: ლარრი შულცი, მადონა, სტინგი, გვინეტ პელტროუ, კროლინ კლები. ყველა მისი მოსწავლე, ცნობილი ადამიანებით დაწყებული და მისი შვილიშვილით დამთავრებული გადიოდნენ ერთიდაიმავე წრთვნას.
მისი პირველი მოგზაურობა დასავლეთში 1974 წელს შედგა. ეს იყო სამხრეთ ამერიკა, სადაც მას საერთშორისო იოგას კონფერენციაზე ლექცია უნდა წაეკითხა სანსკრიტის შესახებ. 1975 წელს ის კალიფორნიაში დარჩა 4 თვით, რის შედეგადაც აშთანგა ვინიასა იოგას საფუძველი ჩაეყარა აშშ-ში. შემდგომი 20 წლის განმავლობაში ის მრავალჯერ სტუმრობდა აშშ-ს იოგას სწავლებისთვის. ის აგრეთვე ხშირდ სტუმრობდა ავსტრალიას, სიდნეის, სადაც წარჩინებული სტუდენტები ჰყავდა.
მან მხოლოდ ერთი წიგნი დაწერა იოგა მალა 1958 წელს, რომელიც 1962 წელს გამოიცა. ხოლო ინგლისურ ენაზე 1999 წელს. რობერტ ვიკინსმა მის შესახებ გადაიღო ფილმი.
2009 წლის 18 მაისამდე, გარდაცვალებამდე ჯოისი განაგრძობდა იოგას სწავლებას აშთანგა იოგას კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ამჟამად მაისორში გოკულამის მახლობლად მდებარეობს, თავის ერთადერთ ქალიშვილ სარასვატისთან და შვილიშვილ სარაშთან ერთად. ჯოისი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა 93 წლის ასაკში.