ინდუისტი სულიერი მოძღვარი შივანანდა სარასვატი 1887 წლის 8 სექტემბერს დაიბადა პატამადაიში, სამხრეთ ინდოეთში. შივანანდამ სამედიცინო განათლება მიიღო, მაგრამ ათი წლის განმავლობაში ფიზიკის სპეციალისტად იმსახურა ე.წ ბრიტანულ მალაიკაში. ვერც მედიცინამ და ვერც რომელიმე სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ ვერ დააკმაყოფილა მისი ცნობისწადილი, ამიტომ 1923 წელს სულიერი ძიებების გასაგრძელებლად კვლავ ინდოეთს დაუბრუნდა.

1924 წელს შივანანდა ინდოეთის რამდენიმე მხარეს ეწვია, მათ შორის რიშიკეშს, სადაც თავისი გურუ - ვიშვანანდა სარასვატი გაიცნო. სწორედ ვიშვანანდამ მიიწვია შივანანდა სანიასას ორდენში და სამონასტრო ცხოვრებისთვის განკუთვნილი სახელიც შეურჩია. შივანანდა რიშიკეშში დამკვიდრდა და გადაწყვიტა, ასკეტურ ცხოვრებასთან ერთად, ავადმყოფებზე ზრუნვა თავის მოვალეობად ექცია. 1927 წელს თავისი დანაზოგებით საქველმოქმედო დისპანსერი გახსნა, რომელიც ყველა პილიგრიმს, სულიერ მოძღვარს თუ ღატაკს უფასოდ სთავაზობდა სამედიცინო მომსახურებას.

დროთა განმავლობაში შივანანდას უამრავი მოწაფე და მიმდევარი გამოუჩნდა. სხვა სულიერ მოძღვართა რიგში ნელ-ნელა მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა და საშუალება მიეცა თავისი იდეოლოგიური პრინციპები განევრცო:

რიშიკეშის სიახლოვეს, წმინდა მდინარე განგის სანაპიროზე შივანანდა აფუძნებს შივანანდას აშრამს, 1936 წელს აარსებს Divine Life Society ს. ხოლო 1948 წელს საფუძველს უყრის იოგა-ვედანტას აკადემიას (Yoga-Vedanta Forest Academy).

 ვედანტა ცენტრების (Sivananda Yoga Vedanta Centres) მეშვეობით შივანანდა იოგა, რომელსაც მეორენაირად სინთეზურ იოგას უწოდებენ, მსოფლიოს ყველა კუთხეში გავრცდელდა. თავის მხრივ, დასავლურ ცივილიზაციებში შივანანდა იოგას პოპულარიზაციას შივანანდას მოწაფემ, ვიშნუდევანანდამ შეუწყო ხელი.

შრი აურობინდოს აშრამში  შივანანდა შეხვდა შუდჰანანდა ბჰარატის, რომელმაც მაჰარიშის ტიტული მიანიჭა. რამანა მაჰარშისაც ეწვია დაბადების დღეზე თავის აშრამში და მისგან დარშანიც მიიღო. ცნობილია, რომ  ექსტაზურ მდგომარეობამდე მისული შივანანდა მაჰარიშის ბჰაქტებთან ერთან მღეროდა და ცეკვავდა.

შივანანდამ პილიგრიმული (მომლოცველობითი) მოგზაურობის დროს მოინახულა ჩრდილოეთ ინდოეთის წმინდა ადგილები. მათ შორის კადერნატი და ბადრინატი. 1931 წელს ის  კაილაშ-მანასაროვარსაც ეწვია.

შივანანდას ავტორობით 296 წიგნი გამოიცა. მეტაფიზიკა, იოგა, რელიგია, დასავლური ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სახვითი ხელოვნება, ეთიკა, განათლება, ჯანმრთელობა - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებსაც ის თავის მრავალრიცხოვან ნაშრომებში განიხილავს. ღრმა ანალიზის და დეკლარირების ნიჭთან ერთად შივანანდა შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩეოდა - გატაცებული იყო პოეზიით და დრამატურგიით.

იოგას ფილოსოფიის თემაზე დაწერილ მის წიგნებში აქცენტირებულად განიხილება იოგას თეორიული საფუძვლების ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანის საკითხები.

„პრაქტიკის იოტისოდენა მარცვალი ჯობია უზღვავი რაოდენობის თეორიას. თუ გსურთ ნამდვილი თვითრეალიზაცია, ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკულად განახორციელეთ იოგა, რელიგია და ფილოსოფია.“

შივანანდა 1963 წლის 14 ივლისს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ის ეზიარა მაჰასამადჰას - მდგომარეობას, როცა სული ცნობიერად ტოვებს სხეულს და თავს აღწევს დუალიზმის და კარმის კანონებს.