მითი - ძალიან მოუქნელი ვარ, არასაკმარისად ელასტიური და ვერ შევძლებ იოგას შესრულებას.
სიმართლე - მცდარი წარმოდგენაა, თითქოს იოგა არის "გაწელვები" და თუ კარგი "გაწელილი" ხარ ე.ი. იოგი ხარ. ყველა ტანმოვარჯიშე ან ბალეტით დაკავებული ადამიანი შეიძლება იყოს ელასტიური და მოქნილი, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იოგას ფლობენ. იოგას პრაქტიკაში მთავარია სწორი, ზუსტი და კორექტული შესრულება. მნიშვნელოვანია სწორი სუნქვა და გონების კონცენტრაცია. ამიტომ, თუ ვარჯიშობთ პროფესიონალთან და იღებთ კომპეტენტურ, დეტალურ ინსტრუქტაჟს, იცოდეთ, რომ მიაღწევთ შედეგს.
იმ შემხვევაში თუ ვარჯიშისას ვერ იღებთ დეტალურ ინსტრუქტაჟს, არ გესმით ის ენა, რომელზედაც საუბრობს ინსტრუქტორი, არ იმყოფებით მისი მეთვალყურეობის ქვეშ ან ის არ არის საერთაშორისო კვალიფიკაციის, შეიძლება ითქვას, რომ რისკის ქვეშ ამყოფებთ თქვენს ხერხემალს და მთლიანად ჯანმრთელობას.

მითი - ინდუსები კარგი იოგას ინსტრუქტორები არიან
სიმართლე – თანამედროვე მსოფლიოში არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ ეროვნება რაიმენაირად არის განმსაზღვრელი პროფესიონალიზმის. ვინაიდან იოგას ის სახეობა, რომელსაც უმეტესად მისდევენ ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე მეტად განვითარებულია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში და მხოლოდ ამ ქვეყნებთან მიმართებაში მიეცა იმგვარი ფორმა, რომელსაც ჩვენ დღეს იოგად აღვიქვამთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ინდუსებისთვის იოგა არ იყო „ფიტნესი“, მათთვის ეს იყო სარწმუნოების ნაწილი — სოტერიოლოგია, მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ მიეღწიათ უმაღლესი ღვთაებრივი მდგომარეობისთვის. მართალია, რომ თანამედროვე იოგას საფუძველი ამ მოძღვრებიდან გახლავთ აღებული, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში იმდენად სახე იცვალა და განვითარდა, რომ იმის თქმა "მე ინდუსი ვარ ე.ი. კარგი ინსტრუქტორი" — უბრალოდ არასერიოზულია.  ეს განვითარება დასავლეთის ქვეყნებში მოხდა ფიზიოლოგიის, ანატომიის და ფსიქოლოგიის საფუძველზე, მოხდა ვარჯიშების ახლებური გააზრება. თანაც, იოგას ტრადიციულ ტექსტებსაც რომ მივუბრუნდეთ, ნათქვამია, რომ  წარმატებას აღწევს ის, ვინც შეუპოვრად მიჰყვება იოგას პრაქტიკას.

მითი - მე ფიტნესით ვარ დაკავებული, იოგა ძალიან მსუბუქი დატვირთვაა და შესაბამისად არ მჭირდება.
სიმართლე – წარმოდგენა საკუთარი სიძლიერის შესახებ ხშირად იმსხვევა, როდესაც ასეთი "თავდაჯერებული" ადამიანი იოგას ვარჯშს იწყებს. ვინაიდან ის პროგრამები რასაც ჩვენ ვთავაზობთ, საკმაოდ ეფექტურია სხეულის სიძლიერის განსავითარებლად. ზოგიერთ ჩვენ პროგრამაში კალორიების ხარჯვა 20% -ითაც კი აღემატება, იმას რასაც ხარჯავთ აერობიკის, პილატესის, ცეკვის, ან ფიტნესის სხვა სახეობების დროს. გარდა ამისა, იოგას აქვს ყველაზე მეტი თერაპიული ეფექტი და ძლიერად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს მხოლოდ ფიზიკური ეფექტია, რომლის გარდაც იოგას აქვს ე.წ. ფსიქოლოგიური ეფექტი. განთავისუფლება სტრესებისგან, განწყობის ამაღლება, გონების სიმშვიდე და ა. შ.

მითი – იოგა ხელს შემიშლის, ვიყო რელიგიური.
სიმართლე – თანამედროვე იოგა, ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ არანაირ კავშირში არ არის რელიგიასთან, ეს არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც აუმჯობესებთ ჯანმრთელობას, იხსნით სტრესებს და ა.შ. როგორც აღვნიშნეთ, ვინაიდან "ინდურ იოგას" კავშირი აქვს რელიგიასთან, მოძღვრები საფუძვლიანად შიშობენ თავიანთი მრევლის შესახებ, მაგრამ იოგა, რომელიც ჩვენთან ისწავლება მენტალურად მისაღებია ყველასათვის მიუხედავად აღმსარებლობისა.

მითი – იოგა ქალებისთვის არის.
სიმართლე – იოგა შეიძლება ითქვას, რომ არის თავის მოვლის საშუალება (უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ვიდრე სალონში ყოველდღიური პროცედურები), ამიტომ ბუნებრივია სუსტი სქესის დაინტერესებაც, თუმცა როდესაც საუბარია ხერხემლის პრობლემებზე, ჯანმრთელობასა და სტრესებისგან განთავისუფლებაზე, განა შეიძლება იყოს სქესზე საუბარი? იოგა ერთნაირად სასარგებლო და საჭიროა ორივე სქესისათვის.

მითი - ჩემთვის იოგა ზედმეტად ნელი და სტატიკურია
სიმართლე – არსებობს ე.წ. დინამიური იოგას სახეობები, რომლები სულაც არ არის ნელი, არამედ საკმაოდ აქტიურია.

მითი – იოგას დაწყებისას უნდა განვთავისუფლდე მავნე ჩვევებისგან, გადავიდე კვების და ძილის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
სიმართლე – ზოგიერთი უარს ამბობს იოგას პრაქტიკაზე ვინაიდან მიიჩნევს, რომ თუ თამბაქოს მოხმარებას თავს ვერ ანებებს, მოიხმარს ალკოჰოლს და არ არის განსაკუთრებულ რეჟიმზე, აზრი არ აქვს იოგას დაწყებას. ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, ვინაიდან შეუძლებელია ერთბაშად შეცვლა ცხოვრების წესის, პირიქით, სახიფათოც არის. მიუხედავად მავნე ჩვევებისა, იოგა მაინც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის განვითარებაში. თანდათანობით ასევე დაგეხმარებათ მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლებაში და სწორი რეჟიმის დაცვაში. ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს და არა ერთბაშად, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია და იტყვის: "მორჩა, მე ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ"...
როდესაც ჯანსაღი ცხოვრების გზას დაადგებით, შეგიძლიათ იყოთ ალკოჰოლში ზომიერი (შეძლებისდაგვარად ყველაფერში), შეიძლება აღმასვლას კვლავ დაღმასვლა მოჰვეს, ეს ბუნებრივია. მთავარია, ამ მეთოდით შევამციროთ დაღმასვლის ამპლიტუდა და საბოლოო ჯამში პოზიტივმა გადაფაროს ნეგატივი. ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური, არამედ გამარჯვებაა საკუთარ თავზე, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ირგვლივ სიმშვიდის დამყარებას, როდესაც თავად მივაღწევთ!